[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ლგბტი უფლებები / განცხადება

EMC -ის წარმოებაში არსებულ ერთ-ერთ საქმეში პროკურატურამ და სასამართლომ ჰომოფობიური მოტივი საპროცესო დოკუმენტებში ექსპლიციტურად ასახა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმოებაში არსებულ ერთ-ერთ ჰომოფობიური ძალადობის საქმეზე პროკურატურამ და ქუთაისის საქალაქო სასამართლომ შეუწყნარებლობის მოტივი საპროცესო დოკუმენტებში ექსპლიციტურად ასახა და გამოიყენა, რაც პოზიტიური პრეცედენტია დანაშაულებში სიძულვილის მოტივის იდენტიფიცირების, გაფორმებისა და სასჯელის გამოყენების პროცესში. EMC მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია პროკურატურამ და სასამართლომ მომავალში, სხვა სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებში ასევე გამოიყენოს მსგავსი მიდგომა და დაამკვიდროს ერთგვაროვანი პრაქტიკა, რაც საქმის სამართლიან განხილვასთან ერთად, მსგავს დანაშაულებზე სათანადო სტატისტიკის წარმოებას უზრუნველყოფს. კერძოდ,

2017 წლის 5 მარტს, ქუთაისის ერთ-ერთ ბარში, ნ. გ. -ს ა. ბ. -მ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში და იყენებდა აშკარად ჰომოფობიურ და შეურაცხმყოფელ სიტყვებს. არსებულ საქმეში, ნ. გ -ს მიმართ გამოვლენილ ძალადობასთან დაკავშირებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ძალადობის ფაქტზე ა. ბ. -ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა და სასჯელის სახით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 საათის ოდენობით განესაზღვრა. სასამართლომ დაადგინა, რომ ა. ბ. -მ დანაშაული სექსუალურის ორიენტაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით ჩაიდინა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 1 ნაწილის თანახმად მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად განიხილა.

სასამართლოს წინაშე ჰომოფობიური მოტივი ქუთაისის რაიონულმა პროკურატურამ, ა. ბ. -ს მიმართ გამოტანილი ბრალდების შესახებ დადგენილებაში სიტყვიერად ასახა და შესავალ და დასკვნით სიტყვაში ასევე სიტყვიერად მიუთითა.

პროკურატურის მიერ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში, ისევე როგორც სასამართლოს განაჩენში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 1 ნაწილით გათვალისწინებული შეუწყნარებლობის მოტივის მითითება პოზიტიური ნაბიჯია და მსგავსი პრაქტიკის დამკვიდრება მომავალში დადებითად აისახება შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულის პრევენციაზე.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“