საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” (EMC) მიმართვის საფუძველზე, სტიქიით დაზარალებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ [1] მიიღო გადაწყვეტილება დუშეთის რაიონის სოფელ ვეძათხევში მუდმივად მცხოვრები 6 ოჯახისა და სოფელ ოქრუანში მცხოვრები ერთი ოჯახის ალტერნატიული საცხოვრებლით დაკმაყოფილების თაობაზე.
სოფელი ვეძათხევი და ოქრუანი წლებია მეწყერსაშიშ ზონაში მდებარეობს. 2005 წლიდან დღემდე, მეწყრული პროცესების გამო, სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს მუდმივად ექმნებათ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის საფრთხე, ხელი არ მიუწვდებათ განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პირველად სერვისებზე. უამინდობისას, ზამთრის დადგომასთან ერთად, სოფელი თვეების განმავლობაში წყდება გარესამყაროს.
სიცოცხლის ხელყოფის მომეტებული რისკებისა და უმძიმესი საცხოვრებელი პირობების გათვალისწინებით, სოფლები სხვადასხვა დროს დატოვეს მაცხოვრებლებმა და 2015 წლის მდგომარეობით ოქრუანში მუდმივად ცხოვრობდა ერთი, ხოლო ვეძათხევში 9 ოჯახი.
სოფლების მოსახლეობის მდგომარეობის სირთულისა და მოსალოდნელი საფრთხის გათვალისწინებით, კომისიამ დებულებით დადგენილი კრიტერიუმების გარეშე, საგამონაკლისო წესით იმსჯელა სოფლებში მუდმივად მცხოვრები ოჯახების განსახლებაზე. განმცხადებლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ, ბუნებრივ და ანთროპოგენური კატასტროფების ზონებში ცხოვრების ფაქტიდან გამომდინარე, მიიღო გადაწყვეტილება მათი დაუყოვნებლივი განსახლების თაობაზე.
EMC-იმ სოფლებში მუდმივად მცხოვრები 10 ოჯახის სახელით მიმართა კომისიას, თუმცა, 3 ოჯახის განცხადება არ დაკმაყოფილდა. სხდომაზე, რომელსაც EMC-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, კომისიამ 3 ოჯახის განსახლებაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო მის მიერ მოპოვებულ ინფორმაცია. კერძოდ, მათი ინფორმაციით, ორი განმცხადებელის ოჯახის წევრს (შვილს) გააჩნდა საცხოვრებელი სახლი, რაც კომისიამ მიიჩნია განმცხადებლის ალტერნატიული ცხოვრების შესაძლებლობად. ერთი განმცხადებლის შემთხვევაში კი, ოჯახის ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართად მოიაზრა მეუღლის საკუთრებაში 2014 წლამდე არსებული და მისი ოჯახის წევრზე გასხვისებული ქონება. შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილება განმცხადებელთა ალტერნატიული საცხოვრებლის არსებობის შესახებ არ ეფუძნება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ მონაცემებს.
EMC აგრძელებს სოფელ ვეძათხევში მუდმივად მცხოვრები სამი ოჯახის სამართლებრივ დახმარებას. კერძოდ, ორგანიზაცია კომისიის გადაწყვეტილებებს სასამართლო წესით გაასაჩივრებს და უახლოეს მომავალში, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის ფარგლებში, მიმართავს სახალხო დამცველს საცხოვრებელი ადგილის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და დისკრიმინაციული მოპყრობის აღმოფხვრის მიზნით.
[1] საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში შექმნილ სტიქიით დაზარალებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელ კომისია;
ინსტრუქცია