საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადების საფუძველზე საქართველოს სახალხო დამცველმა, ვეგანური კაფე ,,კივის“ ადმინისტრაციის მიმართ, ფართის მესაკუთრის მხრიდან, გარეგნობის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, ასოციაციური დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა. სახალხო დამცველის წინაშე წარდგენილ განცხადებაში EMC უთითებდა, რომ ფართის მესაკუთრის მხრიდან ადგილი ჰქონდა რამდენიმე ნიშნით, მათ შორის, არანორმატიული გარეგნობისა და მასთან დაკავშირებული განსხვავებული (შეხედულების), ასევე ასოციაციით სექსუალური ორიენტაციის გამო დისკრიმინაციულ მოპყრობას, რაც ფართით სარგებლობის დროს საკუთრების უფლების განგრძობადი შეზღუდვისა და საბოლოოდ, ქირავნობის ხელშეკრულების უკანონო შეწყვეტაში გამოიხატა. მას შემდეგ რაც, 2016 წლის 29 მაისს, კაფე ,,კივის“ პერსონალის მიმართ ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ ადგილი ჰქონდა განსხვავებული იდეოლოგიისა და გარეგნობის გამო სიძულვილსა და მიუღებლობაზე დაფუძნებულ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რაშიც აგრეთვე მონაწილეობდა ფართის მესაკუთრის შვილი, ფართის მესაკუთრემ დამქირავებელს ქირავნობის ხელშეკრულების ვადამდე ადრე შეწყვეტა მოსთხოვა, რისთვისაც განუსაზღვრა ერთი თვე. თუმცა EMC -ის მიმართვის საფუძველზე, ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული მედიაციის ფარგლებში, სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტს და ფართის მესაკუთრეს შორის შემდგარი შეთანხმებით დამქირავებელს დამატებით ორ კვირიანი ვადა მიეცა.
EMC-ის მიერ მითითებული ფაქტებისა და წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების შემდგომ, სახალხო დამცველი მივიდა დასკვნამდე, რომ მესაკუთრის მხრიდან ,,ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის რეალური მიზეზი ემყარებოდა მის სტერეოტიპულ განწყობებს კონკრეტული გარეგნობის მქონე ადამიანების მიმართ და ლგბტ ჯგუფთან მათ სავარაუდო აფილირებას“ . აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ ფართის მესაკუთრემ ,,კივის“ ადმინისტრაციის მიმართ ჩაიდინა პირდაპირი დისკრიმინაცია გარეგნობის ნიშნით, ასევე ასოციაციური დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციის ნიშნით და ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე რეკომენდაციით მიმართა, რომ სახელშეკრულებო თუ სხვა ურთიერთობებში მომავალში თავი შეიკავოს დისკრიმინაციული ქმედებებისგან.
აღსანიშნავია, რომ EMC -ის განცხადების საფუძველზე საქართველოს სახალხო დამცველმა უკვე მეორედ დაადგინა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი კერძო პირების მხრიდან. პირველ შემთხვევაში სახალხო დამცველმა ღამის კლუბ ,,Sector 26” -ის ადმინისტრაციის მიერ ლგბტ თემის წევრების კლუბიდან გამოგდების საქმე შეაფასა.
EMC იურიდიულ დახმარებას ახორციელებს პროექტის „მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაძლიერება დისკრიმინირებული რელიგიური თემებისთვის" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პროექტის ფარგლებში“ და დაფინანსებულია აშშ-ის განვითარების სააგენტოს USAID-ის მიერ.
ინსტრუქცია