[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

EMC-იმ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა

10 ივნისს, EMC-იმ მალხაზ რეხვიაშვილის სახელით აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა. მალხაზ რეხვიაშვილი საავტორო-შემოქმედებითი გადაცემების ყოფილი თანამშრომელი, გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანი და ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების თავმჯდომარე, მისი სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს.

მოსარჩელე 2018 წლიდან დასაქმებული იყო აჭარის მაუწყებელში და ბოლო პერიოდში გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანი იყო. მალხაზ რეხვიაშვილი ასევე არის მაუწყებელში ახლადდაფუძნებული პროფესიული კავშირის თავმჯდომარე და აქტიური წევრი, რომელიც ღიად და დაუფარავად აკრიტიკებდა მაუწყებლის მენეჯმენტს და ახალი დირექტორის მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებებს. მალხაზ რეხვიაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებული თეონა თურმანიძის მხარდამჭერი სტატუსი გახდა, სადაც მოსარჩელე მხარდაჭერას უცხადებდა მის კოლეგას და მის წინააღმდეგ დისციპლინურ სახდელის გამოყენებისათვის მაუწყებლის მენეჯმენტს აკრიტიკებდა. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ თეონა თურმანიძე მაუწყებლის დირექტორის გადაწყვეტილებით ამ დრომდე ჩამოშორებულია ახალი ამბების მაუწყებლის ტელეეთერს და მაუწყებლის რადიოში აგრძელებს საქმიანობას. მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი ასევე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსი გახდა, რაც მაუწყებლის ადმინისტრაციამ მაუწყებლის დისკრედიტაციად მიიჩნია.

მიგვაჩნია, რომ მალხაზ რეხვიაშვილის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების დევნის მორიგი თვალსაჩინო ილუსტრაციაა.

მალხაზ რეხვიაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება კანონმდებლობის უხეში დარღვევითაა მიღებული და ვერ აკმაყოფილებს ამგვარი გადაწყვეტილების მომზადებისა და გამოცემისათვის აუცილებელ წინაპირობებს. სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა დასაქმებულისთვის მინიმალური და ბაზისური შრომითი უფლებების დარღვევის გზით, რამაც უხეშად შელახა დასაქმებულის ინტერესები. მაუწყებლის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება არამარტო გამოხატვის თავისუფლებაში უხეში ჩარევისა და შეზღუდვის ნათელი მაგალითია, მას მნიშვნელოვანი მსუსხავი ეფექტი გააჩნია სხვა თანამშრომლების მიმართ, რომელთაც ირიბად გამოხატვისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

EMC მიიჩნევს, რომ მალხაზ რეხვიაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება წარმოადგენს პროფესიული კავშირის თავმჯდომარის სამაგალითო დასჯის აქტს და არის კრიტიკული აზრის ჩახშობის ღია მცდელობა. ტელევიზიაში განვითარებული მოვლენები აჩვენებს მენეჯმენტის ღია პოლიტიკას რომ სათანადო საფუძვლის გარეშე წამოიწყოს თანამშრომლების წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესები და მიიღოს დაუსაბუთებელი და თვითნებური გადაწყვეტილებები. ამის შედეგია ისიც, რომ მაუწყებლის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების მხრიდან ათზე მეტი სარჩელი არის შეტანილი ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

EMC მიმდინარე საქმის წარმოებისა და შედეგების თაობაზე საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდებს განახლებულ ინფორმაციას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“