[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

EMC გაფიცვის უფლებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა. EMC არაკონსტიტუციურად მიიჩნევს კანონმდებლობის იმ ნორმებს, რომელიც ერთი მხრივ, გაფიცვის უფლების ფარგლებს, და მეორე მხრივ, მისი შეზღუდვის საფუძვლებსა და პროცედურებს ადგენს.

საქმეზე მოსარჩელეს წარმოადგენს შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ დასაქმებული მემანქანეების პროფესიული კავშირი “ერთობა 2013“, რომელსაც გაფიცვის უფლება სადავო ნორმების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ზეპირი მოსმენის გარეშე, ჯერ 2018 წლის 1 მაისს 30-დღით, ხოლო 2018 წლის 18 მაისს უვადოდ შეეზღუდა. ამასთან, სასამართლომ მეტროს მემანქანეებს მათ მიერ არასამუშაო საათებში გაფიცვის ალტერნატიულ შესაძლებლობაზე მიუთითა.

EMC შემდეგი მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს:

  1. EMC მიიჩნევს, რომ შრომის კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმად, გაფიცვის უფლება როგორც სამუშაო, ისე არასამუშაო საათებში გამოხატულ პროტესტის ფორმად მოიაზრება, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებული გაფიცვის უფლების ძირითად არსს. გაფიცვის კონსტიტუციური უფლების მიზანია, შესაძლებლობა მისცეს დასაქმებულს სწორედ სამუშაო საათებში, სამუშაოს შესრულებაზე უარის თქმით, აიძულოს დამსაქმებელი, დააკმაყოფილოს თავისი მოთხოვნები.
  2. კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით გასაჩივრებულია, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191- ე მუხლის პირველი ნაწილისა და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომლითაც შესაძლებელია სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, გაფიცვის აკრძალვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით.
  3. გარდა ამისა, EMC კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტებით აღიარებულ სამართლიანი სასამართლოს და დაცვის უფლებასთან შეუსაბამოდ მიიჩნევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 193-ე მუხლს. ამ მუხლით სასამართლოს აქვს უფლებამოსილება, გაფიცვის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს, ისე რომ მხარეებს არ შეატყობინოს და არ მისცეს მათ პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა.
  4. კონსტიტუციის იმავე დებულებებს ეწინააღმდეგება სსსკ-ის მე-7 მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელზე დაყრდნობითაც, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წელს, კანონის/სამართლის ანალოგიით გამოიყენა არასასარჩელო წარმოების წესი, რომლითაც „ერთობა 2013“-ს გაფიცვის გადადების საქმის განხილვის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა შეეზღუდა.

შედეგობრივი თვალსაზრისით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, EMC-ს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გაფიცვის უფლებას დაუბრუნდება მისი ლეგიტიმური შინაარსი, რაც გულისხმობს სამუშაო საათებში გაფიცვის გზით დამსაქმებელზე ზემოქმედების შესაძლებლობას და დასაქმებულის მოთხოვნების დაკმაყოფილებისა და მათი უფლებების დაცვისთვის ძლიერი ბერკეტის შექმნას. ასევე, გაფიცვის უფლების შეზღუდვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ კანონის განჭვრეტადი ნორმების საფუძველზე და გაფიცულ დასაქმებულებს ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ მათი უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებში.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“