საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ფოტო: რადიო თავისუფლება
EMC ეხმიანება სხვადასხვა ქალაქში გარემოვაჭრეების დახლების აღების ფაქტს და მოუწოდებს მუნიციპალიტეტებს და საქართველოს მთავრობას, მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა მძიმე სოციოეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი გარემოვაჭრეები და სხვა თვითდასაქმებულები არ აღმოჩნდნენ არსებობისათვის აუცილებელი შემოსავლის გარეშე.
საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, საქართველოს არაერთ ქალაქში გარემოვაჭრეების მიერ მოწყობილი აგრარული ბაზრები დაიხურა. უკანასკნელი შემთხვევა გუშინ, 16 აპრილს, გორში დაფიქსირდა. ადგილობრივი ხელისუფლება განმარტავს, რომ გარევაჭრობის აღკვეთის მთავარი მიზანი COVID19-ის ვირუსის გავრცელების აღკვეთა და მოქალაქეების ჯანმრთელოს დაცვაა, რამდენადაც გარემოვაჭრეები და სურსათის მყიდველები ვერ იცავენ სოციალურ დისტანციას. ამას გარდა, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების თქმით, ხელოვნური კონსტრუქციები, რომელსაც გარემოვაჭრეები იყენებდნენ, ‘აუშნოებდნენ ქალაქის იერსახეს’. გარემოვაჭრეები მიუთითებენ, რომ მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, კომენდანტის საათის დროს, ვაჭრობისთვის მოწყობილი ინფრასტრუქტურა დაშალეს,[1] რითაც ისედაც მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს დამატებითი მატერიალური ზიანი მიაყენეს. მსგავსი სადამსჯელო ზომები არაპროპორციულია და სახელმწიფოს მიერ სამართლის უზოგადესი პრინციპების უგულებელყოფაზე მიუთითებს.
საქართველოს მთავრობის დადგენილება „კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ არ კრძალავს სურსათით ვაჭრობას,[2] საგანგებო მდგომარეობის პირობებში ფუნქციონირებას განაგრძობენ ქსელური სუპერმარკეტები, განსხვავებით გარემოვაჭრეებისა და ბაზრობებისა, რომელთაც უსაფრთხო პირობების შექმნის დათქმითაც კი არ მიეცათ საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა. მეტიც, უახლოეს პერიოდში გარემოვაჭრეთათვის ფინანსური სანქციის დაკისრების თაობაზე არაერთი ინფორმაცია გავრცელდა.
სახელმწიფო გადაწყვეტილების მიღებისა და აღსრულების პროცესში არ ითვალისწინებს სოციალურ კონტექსტს. გარემოვაჭრეთა უმეტესობა მძიმე სოციალური მდგომარეობის მქონე, საპენსიო ასაკის ქალები არიან, რომელთაც საკუთარი ოჯახებისათვის მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა და შენარჩუნება მძიმე ტვირთად აწევთ.
ამ სოციალური ჯგუფის ადამიანებისთვის გარე ვაჭრობა, სახელმწიფოს მხრიდან არაადეკვატური სოციალური პოლიტიკისა და ქვეყანაში არსებული უმუშევრობის დონის პირობებში, მათი და მათი ოჯახების სოციალური კეთილდღეობისა და, ზოგიერთ შემთხვევაში, სიცოცხლის შენარჩუნების ერთადერთ საშუალებად გვევლინება.
აღსანიშნავია, რომ გარემოვაჭრეთა დიდ ნაწილს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისგან მაღალპროცენტიანი სესხები აქვთ აღებული. პანდემიის პირობებში ბანკებისგან განსხვავებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს საშეღავათო პერიოდები არ დაუწესებიათ. საგანგებო სიტუაციით განპირობებული შეზღუდვების ფონზე, დარიცხული ჯარიმების გამო, მსესხებელთა დავალიანება ყოველდღიურად იზრდება და ბევრ თვითდასაქმებულს არსებობისთვის საჭირო შემოსავლის გარეშე ტოვებს.[3]
იმ პირობებში, როცა მძიმე მატერიალური მდგომარეობიდან თავის დასაღწევად ადამიანები თვითდახმარების სახით ისეთ მძიმე სამუშაოს მიმართავენ, როგორიც გარე ვაჭრობაა, ამ საქმიანობაში ხელის შეშლით კი სასწორზე ადამიანების კეთილდღეობა და სიცოცხლე დგას, სახელმწიფო ვალდებულია გარე ვაჭრობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის ალტერნატიული გზები მოსინჯოს.
თუმცა, ნაცვლად სოციალური მხარდაჭერის მექანიზმების დროული ამუშავებისა, გარემოვაჭრეები დამატებითი შეზღუდვების, რეპრესიული და ძალისმიერი მიდგომების და დიდი ოდენობით ჯარიმების მსხვერპლი ხდებიან, რითაც კიდევ უფრო უმძიმდებათ ისედაც რთული სოციალური მდგომარეობა.
სამწუხაროა, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მაშინ, როდესაც სახელმწიფოს ამ დრომდე არ წარმოუდგენია სოციალური და ეკონომიკური პროგრამების პაკეტი, რომლითაც შემოსავლის გარეშე დარჩენილ თვითდასაქმებულებს დაიცავდა და გააძლიერებდა, სახელმწიფო დიდწილად რეპრესიულ ინსტრუმენტებს ეყრდნობა და საპოლიციო რესურსს შერჩევითად იყენებს განსაკუთრებულად მოწყვლადი ჯგუფების მიმართ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ:
გორის მუნიციპალიტეტის მერიას:
საქართველოს მთავრობას:
[1] https://www.facebook.com/FM97.8/videos/223203232114809/
[2] საქართველოს მთავრობის დადგენილება „კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ,“ მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი. ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/document/view/4830610?publication=22
[3] https://emc.org.ge/ka/products/emc-moitkhovs-mtavroba-movachreebsa-da-tvitdasakmebulebs-seskhebis-restrukturizatsiashi-daekhmaros?fbclid=IwAR0k_Nn5xCcXhzdxSQooB2kNyCR0ISj9ThB-KUGmqmvECE9pllkxjyiRUWo
ინსტრუქცია