საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
EMC ეხმიანება მალხაზ მაჩალიკაშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე დაბარების ფაქტს და განმარტავს, რომ 2019 წლის 7 მაისს, 11 საათზე დაგეგმილი იყო მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ნათესავის, მორის მაჩალიკაშვილის მოწმის სტატუსით დაკითხვა, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ, 2018 წლის მაისში, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე გაკეთებული განცხადების თაობაზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში. ამასთან ერთად, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მალხაზ და მორის მაჩალიკაშვილების გარდა, ამავე საქმეზე დაკითხვაზე დაბარებულია მალხაზ მაჩალიკაშვილის ნათესავი და მხარდამჭერი რამდენიმე ახალგაზრდა პანკისის ხეობიდან.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გუშინ, 5 მაისს დაიწყო რამადანის თვე, რაც ისლამის მიმდევართათვის უმნიშვნელოვანეს რელიგიურ დღესასწაულს წარმოადგენს და ამ პერიოდში მარხვაზე მყოფი ადამიანები მოწოდებულები არიან ღვთისმსახურების გარდა, თავი შეიკავონ ყველა სხვა შინაარსის აქტივობისგან, მალხაზ მაჩალიკაშვილის თხოვნით, მივმართეთ სუს-ს და ვითხოვეთ მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვის გადადება რამადანის დასრულებამდე. ამ თხოვნაზე სუს-გან უარი მივიღეთ, რის გამოც მალხაზ მაჩალიკაშვილმა გადაწყვიტა, არ გამოცხადდეს დაკითხვაზე რამადანის დასრულებამდე.
ვიმედოვნებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავს შეიკავებს მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ იძულების ღონისძიებების გამოყენებისგან, მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას და მისცემს საშუალებას მალხაზ მაჩალიკაშვილს, დაკითხვაზე რამადანის დასრულების შემდეგ გამოცხადდეს.
ამასთან აღსანიშნავია, რომ EMC საადვოკატო დახმარებას გაუწევს სუს-ში დაბარებულ სხვა პირებსაც.
ინსტრუქცია