საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ფოტო: ნეტგაზეთი
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აფასებს 2019 წელს ორთაჭალაში ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე სამი მუშის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესს.
მომხდარის ირგვლივ, შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაწყებული გამოძიების ფარგლებში (რაც შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო 2 ან მეტი პირის გარდაცვალებას გულისხმობს), მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში სამუშაოთა მწარმოებელსა (,,ემ.ჯი. ალიანსის“) და ქვეკონტრაქტორი კომპანიის (,,ეიჩ ეს ი სერვის გრუპი“)-ის სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოების დაცვის ზედამხვედველობაზე პასუხისმგებელ თანამშრომლებს წარედგინათ ბრალი და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო 7000 ლარის ოდენობით შეეფარდათ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს წინასასამართლო და საქმის არსებითი განხილვის სხდომებისთვის მომზადება.
გამოძიების ფარგლებში კონკრეტულ პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოკვეთის მიუხედავად უნდა აღინიშნოს, რომ თავად გამოძიების პროცესი საკმაოდ გაჭიანურებული იყო, არ იქნა უზრუნველყოფილი ექსპერტიზის დასკვნის მომზადება, სხვადასხვა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებების გონივრულ ვადებში ჩატარება. ამასთან ერთად, საგამოძიებო ორგანომ ვერ გამოკვეთა მაღალი მენეჯერული რგოლის შესაძლო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალებით, მათ შორის შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ შედგენილი აქტებით დგინდებოდა, რომ ,,ემ.ჯი. ალიანსს“ არ ჰქონდა ადეკვატური შრომის უსაფრთხოების სისტემა და არსებულ ხარვეზები გონივრულ ვადაშიც არ გამოასწორეს, საგამოძიებო ორგანომ მხოლოდ ფორმალურად დასვა კითხვები კომპანიის დირექტორის მხრიდან შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის პრაქტიკის ცოდნის, ნებელობის შესახებ და ამ საკითხის სრულყოფილი სამართლებრივი შეფასება გამოძიების ფარგლებში არ მომხდარა. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო სამუშაო ადგილზე დაღუპვის სხვა შემთხვევებშიც როგორც წესი არ იკვეთება მაღალი მენეჯერული რგოლის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც ხელს უშლის მსგავსი ტიპის საქმეებზე ადეკვატურ სამართლებრივ შეფასებას და ამ დანაშაულის პრევენციას.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის 16 მარტს, ორთაჭალაში შპს ,,ემ. ჯი. ალიანსის“ კუთვნილ სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული ვ. ხუჭუა ორ მუშასთან ერთად ასრულებდა ფასადის ღებვის სამუშაოებს, როდესაც კორპუსზე დაკიდებული მოძრავი კალათი ჩაწყდა და სამივე მათგანი მაღალი სართულიდან გადმოვარდა. ერთ-ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა ხოლო ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ შორის, ვეფხვია ხუჭუა, რომელიც მრავლობითი მოტეხილობებითა და სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებებით გარდაიცვალა 2019 წლის 22 მარტს, საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში EMC გარდაცვლილი მუშის ვეფხია ხუჭუას ოჯახის ინტერესებს იცავს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გამოძიების ფარგლებში კომპანიისა და მაღალი მენეჯერული რგოლის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არარსებობა არ გამორიცხავს კომპანიის სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობას. შესაბამისად, EMC აგრძელებს ვ. ხუჭუას ოჯახის მხარდაჭერას სამოქალაქო დავის ფარგლებში.
ინსტრუქცია