საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ფოტო:DFwatch.net
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმაურება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხს და მუსლიმი თემის წინაშე მდგარ გამოწვევებთან დაკავშირებით ხელისუფლების იგნორირების პოლიტიკას კრიტიკულად აფასებს.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, წლების განმავლობაში მუსლიმი თემის წინაშე მდგარ მნიშვნელოვან გამოწვევას ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი წარმოადგენს. ქალაქში მდებარე ორთა ჯამეს ისტორიული მეჩეთის სივრცე არ არის საკმარისი მლოცველი ქალებისა და კაცებისთვის, რის გამოც, რამდენიმე ასეულ ადამიანს (500-700 მდე მლოცველი) ქუჩაში არასათანადო პირობებში უწევს ლოცვა. მუსლიმი ქალების დიდი ნაწილს კი მთლიანად ერთმევა მეჩეთში ლოცვის აღსრულების შესაძლებლობა. [1]
1990 წლების შემდეგ, მუსლიმი თემი სხვადასხვა ხელისუფლებისგან მუდმივად ითხოვდა ახალი მეჩეთის მშენებლობის პროცესის მხარდაჭერას. თუმცა, მუსლიმი თემის ისტორიული მოთხოვნისა და საჭიროების გადაჭრის თაობაზე გადაწყვეტილება სახელმწიფოს არასდროს მიუღია. სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან ახალი მეჩეთის საკითხი პოლიტიკური სპეკულაციისა და თურქოფობიური დისკურსის საგანი იყო. მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა მუსლიმ თემს რამდენიმე საჯარო დაპირება მისცა მეჩეთის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის თაობაზე, თუმცა, დაპირება არ შესრულებულა.[2] ამის საპირისპიროდ, 2014 წელს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს აქტიური ძალისხმევით სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო პირების დიდმა ნაწილმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელშიც მათ მეჩეთის მშენებლობის ალტერნატივად, სამუფტო სამმართველოს რეზიდენციისა და მედრესესთვის შენობის გადაცემა მოითხოვეს. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული დოკუმენტის გაფორმება დაემთხვა მთავრობის მიერ ოთხი რელიგიური ორგანიზაციის (მუსლიმი თემი, ებრაელი თემი, კათოლიკე ეკლესია, სომხური სამოციქულო ეკლესია) დაფინანსების პრაქტიკის ამუშავებას, რომლის ყველაზე დიდ ნაწილს მუსლიმი თემი იღებს და თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ სასულიერო პირების ხელფასებზე გამოიყენება.[3] სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მიერ ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხის დათმობით, რაც არსებითად სახელმწიფოს ინტერვენციული და კონტროლზე დაფუძნებული პოლიტიკით არის განპირობებული, მუსლიმ თემსა და მის ფომალურ რელიგიურ ინსტიტუციას შორის გაუცხოება კიდევ უფრო გაღრმავდა და ხილული გახდა.
აღსანიშნავია, რომ მთავრობა და მის მიერ კონტროლირებული სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ხშირად უთითებს ახალი მეჩეთის მშენებლობის სანაცვლოდ არსებული მეჩეთის გაფართოების საკითხს, რაც მუსლიმების შეფასებით დაუსაბუთებელი ალტერნატივაა. ორთა ჯამეს ისტორიული შენობა კულტურის ძეგლს წარმოადგენს და მისი გაფართოება ნაგებობას არსებითად დააზიანებს. ამასთან მეჩეთის შენობის გარშემო უძრავი ქონების მესაკუთრეების უფლებების შეზღუდვა მეჩეთის საკითხის მიმართ ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური უკმაყოფილების მიზეზი შეიძლება გახდეს.
ამ პოლიტიკურ მოცემულობაში მუსლიმმა თემმა თვითორგანიზებული პროცესი დაიწყო და 2016 წლის მარტს ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფმა[4], 12 000 ხელმოწერით, დამოუკიდებლად, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს გვერდის ავლით, აჭარის მთავრობას, ბათუმის მერიასა და საქართველოს მთავრობას მიმართა, ქალაქის ცენტრში, ხელმისაწვდომ ადგილას მეჩეთის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთის გადმოცემის მოთხოვნით. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე მთავარობას გადაწყვეტილება არ მიუღია და არც საინიციატივო ჯგუფთან ჰქონია ფორმალური კომუნიკაცია.
მთავრობის მხრიდან მუსლიმი თემის საჭიროებების იგნორირების პირობებში, თემი იძულებული გახდა საკუთარი რესურსებით, განვადებით შეესყიდა ბათუმში მიწის ნაკვეთი, რაც თემის წევრებს მძიმე ეკონომიკურ ტვირთად დააწვება.
EMC აკრიტიკებს სახელმწიფოს მიერ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ძალიან დიდი მასშტაბის უძრავი ქონების გადაცემის არასეკულარულ პრაქტიკას[5]. მიაჩნია, რომ იმ პირობებში როდესაც მთავრობა საპატრიარქოს მუდმივად გადასცემს ათეულობით მიწის ნაკვეთსა და შენობა ნაგებობას, მუსლიმი თემისთვის ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემაზე ფაქტობრივი უარი მიუთითებს სახელმწიფოს დისკრიმინაციულ პოლიტიკაზე. უნდა ითქვას, რომ აღნიშნულ საკითხზე ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის სახელით EMC უახლოეს მომავალში გეგმავს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კანონის საფუძველზე სახალხო დამცველისთვის მიმართვას.
მთელი ამ დროის განმავლობაში სამართლებრივი დახმარებისა და საჯარო ადვოკატირების გამოყენებით, EMC, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, მხარს უჭერს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის მიზნით მუსლიმი თემის მიერ გაწეულ ძალისხმევას და კიდევ ერთხელ უცხადებს სოლიდარობას თემს[6], რომელმაც მეჩეთის თემის პოლიტიკურ დღის წესრიგში დაყენების პროცესში ქვემოდან თვითორგანიზებისა და სამოქალაქო აზროვნების მნიშვნელოვანი გამოცდილება შექმნა. ორგანიზაცია მომავალშიც გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას.
აღსანიშნავია, რომ მუსლიმი თემის მიმართ გამოვლენილი ძალადობისა და შეუწყნარებლობის არა ერთი შემთხვევისა და აღნიშნულ პროცესებში სახელმწიფოს მკვეთრად არაეფექტური და არასეკულარული პოლიტიკის გათვალისწინებით, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ინიციატივის იგნორირება მუსლიმი თემის მარგინალიზებასა და გაუცხოებას აღრმავებს.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით EMC კიდევ ერთხელ მოუწოდებს მთავრობასა და აჭარის ხელისუფლებას, ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფისა და სხვა დაინტერესებული აქტორების მონაწილეობით, განიხილოს ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის საკითხი და ბათუმის ცენტრში, ხელმისაწვდომ ადგილას მუსლიმ თემს გადასცეს მეჩეთისთვის გამოსადეგი მიწის ნაკვეთი. ამასთან, EMC მოუწოდებს ადგილობრივ ხელისუფლებას მომავალში უზრუნველყოს მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესის კანონიერ და არადისკრიმინაციულ რეჟიმში წარმართვა.
ინსტრუქცია