საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მწუხარებას გამოთქვამს გუშინ დევნილი ადამიანის მხრიდან თავის დაწვის უმძიმესი შემთხვევის გამო და სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებს, გასცენ პასუხი დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს და წუხილებს.
27 იანვარს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ დევნილთა სააგენტოს ეზოში შუახნის მამაკაცმა თვითმკვლელობა თავის დაწვით სცადა, მას სხეულის 60% მეტი აქვს დამწვარი და კლინიკაშია გადაყვანილი. გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაციით, პროტესტის გამოხატვის ეს უმძიმესი და რადიკალური ფაქტი მისი ოჯახის მძიმე სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობას და საცხოვრებლის მიღების დაუსრულებელ პროცესს უკავშირდება. ამაზე მიუთითებს თავად პროტესტის ფორმაც და სიმბოლურობა.
ბოლო დღეებში, დევნილთა თემში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ განმცხადებლების უმრავლესობა რჩება საცხოვრისის გარეშე, მაშინ როდესაც ისინი 30 წელზე მეტია ელოდებიან გრძელვადიან საცხოვრებელს და მათ სახელმწიფოს მხრიდან უარის რამდენიმე ციკლი უკვე გაიარეს. ამიტომ მაღალია ფრუსტრაცია, უნდობლობა და უიმედობა ამ პროცესის მიმართ.
სამწუხაროდ, ამ დრომდე შესაბამის სახელმწიფო უწყებებს განმარტება არც მომხდარი უმძიმესი ინციდენტისა და არც გრძევლადიანად განსახლებასთან დაკავშირებული კითხვების და წუხილების შესახებ, არ გაუკეთებია.
ბოლო ოფიციალური მონაცემით, სასაქართველოში 295 872 იძულებით გადაადგილებული პირი და 95 308 დევნილი ოჯახია რეგისტრირებული. მათგან, 54 862 ოჯახი გრძელვადიანად არის განსახლებული, ხოლო 51 845 ოჯახი კვლავ გრძელვადიანი განსახლების სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში მოლოდინის რეჟიმში რჩება. გარდა ამისა, 2023 წლის ბოლო მონაცემებით, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიშ 29 ობიექტში ჯერ კიდევ ცხოვრობს 500-ზე მეტი დევნილი ოჯახი.
აქვე აღსანიშნავია, რომ დევნილების უფლებრივი და სოციალური საკითხები ხელისუფლების მხრიდან მუდმივად იყო განსაზღვრული საცხოვრისის უფლებით და მის მიღმა დევნილების სოციალური მხარდაჭერის და მათი ინტეგრაციის პოლიტიკა უკიდურესაც სუსტი და ფრაგმენტულია. დევნილები არ მონაწილეობენ მათთვის მნიშვნელოვანი სოციალური საკითხების გადაწყვეტის პროცესშიც კი, არ არსებობს ამითვის შესაბამისი ინსტიტუციური მექანიზმები[1] და არც საკანონმდებლო ჩარჩო. დევნილების ამგვარი გარიყულობა იმაშიც ვლინდება, რომ 2022 წელს საცხოვრისთან დაკავშირებული პოლიტიკა და კანონმდებლობა, ხელისუფლებამ მათთან კონსულტაციის გარეშე, დაჩქარებული წესით განიხილა და პრაქტიკულად გააუარესა დევნილების საცხოვრებელზე უფლების რეალიზების შესაძლებლობები და ამგვარი ვალდებულება მხოლოდ 2023 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილი პირების მიმართ დაიტოვა.
დევნილთა სააგენტოს ეზოში დევნილი მამაკაცის მხრიდან გამოხატული პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა არ არის ერთადერთი შემთხვევა. 2022 წელს დევნილთა სანატორიუმიდან 52 წლის დევნილი მამაკაცი გადმოხტა და სიცოცხლე თვითმკლვლეობით დაასრულა, იმ ფონზე, როცა ამ სანატორიუმიდან განსახლებას დევნილები წლების მანძილზე ითხოვდნენ, რადგან შენობა სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიშ მდგომარეობაში იყო.
სათანადო საცხოვრებელი დევნილებისთვის წარმოადგენს მათი ფიზიკური და სოციალური უსაფრთხოების, უფლებების და ღირსების დაცვის ერთ-ერთ ფუნდამენტურ საკითხს. სათანადო საცხოვრებელი ეხმარება დევნილებს და მათ ოჯახებს სოციალური ინტეგრაციის, ეკონომიკური შესაძლებლობებისა და ღირსების აღდგენაში. საქართველოში კი ქ შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებიდან 32 წლის შემდეგაც დევნილთა თითქმის ნახევარი არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებლით. ეს ამ თემში გაჭიანურებული სიღარიბის, სოციალური მოწყვლადობისა და გარიყულობის მძიმე კვალს ტოვებს.
დევნილები მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას წლების მანძილზე ელიან ხელისუფლებისგან და რადგან სახელმიწიფომ მათ პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის პრაქტიკული მექანიზმები აღარ დაუტოვა, ისინი, სამწუხაროდ, ამგვარი რადიკალური გზებით, მათი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხარჯზე ცდილობენ საზოგადოების და ხელისუფლების ყურადღების მიქცევას.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, გამოაქვეყნოს ინფორმაცია მომხდარის შესახებ და გამართოს დევნილ თემთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან საჯარო შეხვედრები, სადაც გაეცემა პასუხი იმ კითხვებს, რომელიც განსახლების გეგმებთან, გრაფიკთან და რესურსებთან დაკავშირებით არსებობს.
[1] შენიშვნა: 2018 წელს გაუქმდა დევნილთა სამინისტრო და დღეს მის ნაცვლად, სუსტი მანდატისა და კომპეტენციების მქონე დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ფუნქციონირებს. აფხაზეთის მთავრობის de jure ორგანოებს კი ნდობის სერიოზული გამოწვევები აქვთ.
ინსტრუქცია