[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / განცხადება

დამოუკიდებლობის დღეს კვლავ დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის იდეალებისთვის ბრძოლაში ვხვდებით!

დღეს, 2025 წლის 26 მაისს, ქართველი ხალხი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, კვლავ დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის იდეალებისთვის ბრძოლაში ხვდება.

დღევანდელი დამოუკიდებლობა, ჩვენი ხალხის არაერთი თაობის შეუპოვარი ბრძოლის შედეგია. თუმცა, დამოუკიდებლობა, რომელზეც ჩვენი საზოგადოება მრავალი საუკუნის განმავლობაში ოცნებობდა, არ შეიძლება ნიშნავდეს ავტორიტარული რეჟიმის უფლებას საქართველოს მოქალაქეების თანხმობის გარეშე და მათი ნების წინააღმდეგ წყვეტდეს ქართველი ხალხის აწმყოსა და მომავალს.

პირიქით, ერების თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობის იდეა, ღრმად დემოკრატიული იდეალია და გულისხმობს ხალხების უფლებას, თავად, ყოველგვარი გარე თუ შიდა ბატონის გარეშე მართონ საკუთარი თავი. საუკუნეების განმავლობაში, ქართველი ხალხი სწორედ ავტორიტარებს, ავტოკრატებსა და მათ იმპერიებს ებრძოდა დამოუკიდებლობისთვის და სწორედ ამ დემოკრატიულ იდეალებზე იდგა საქართველოს პირველი რესპუბლიკა, რომლის მიერ 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებულ დამოუკიდებლობასაც დღეს ავღნიშნავთ.

თუმცა, დღეს, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 34 წლის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებს კვლავ უწევთ ბრძოლა უფლებისთვის, რომ ქართველმა ხალხმა, როგორც კონსტიტუციით დადგენილმა ძალაუფლების ერთადერთმა წყარომ და სუვერენულმა სუბიექტმა, დემოკრატიულად და კოლექტიურად, გარე და შიდა ავტოკრატების გარეშე მართოს საკუთარი ცხოვრება და მომავალი. სწორედ “ქართული ოცნება”, რომელიც დღეს რადიკალურად ცვლის ქვეყნის განვითარების კურსს და რუსული ტიპის ავტოკრატიას აშენებს, ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ისტორიულ ნებას საკუთარი სისუსტე სიძლიერედ აქციოს და რეგიონში მდგრადი და ევროპული ტიპის დემოკრატია ააშენოს.

ქართველი ხალხის დემოკრატიული კულტურა, პოლიტიკური სიმწიფე და შემოქმედებითობა, განსაკუთრებით კარგად 2023-2025 წლების საპროტესტო მოძრაობის დროს გამოჩნდა. პოლიტიკური პარტიებისა და სხვა ტრადიციული პოლიტიკური ორგანიზების ფორმების კრიზისის პირობებში, ხალხი უიმედობამ არ მოიცვა და ჰორიზონტალური თვითორგანიზებით აღუდგა წინ „ქართული ოცნების“ მცდელობას, ავტორიტარიზმით ჩაენაცვლებინა ჯერ კიდევ განვითარების პროცესში მყოფი, მყიფე და სუსტი ქართული დემოკრატია. პოლიტიკურ პატიმართა მზარდი რიცხვის, მასობრივი წამებების, რეპრესიების, ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ტერორისა და ძალადობრივი დარბევების მიუხედავად, ქართული საზოგადოება სიმამაცეს, მედეგობას, თავდადებასა და დემოკრატიულ კულტურას აჩვენებს ქართული დემოკრატიისა და ერთმანეთის გადასარჩენად. ამ დრომდე წინააღმდეგობის მოძრაობამ შეძლო ავტოკრატიულ რეჟიმზე მძიმე საერთაშორისო წნეხის შექმნა, მისი სიმბოლური ძალაუფლების დასუსტება და მორალური დელეგიტიმაცია.

2022 წლის თებერვალში რუსული ჯარების უკრაინაში შეჭრის შემდეგ, „ქართული ოცნების“ მიერ ავტორიტარიზმის დამყარების დაჩქარებული მცდელობა, „ქართული ოცნების“ რიტორიკაში, სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის მოტივით საბუთდება. სწორედ სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვაზე აპელირებით ამართლებს „ქართული ოცნება“ ბოლო 3 წლის განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის დევნას, არა ერთი რეპრესიული კანონის მიღებასა და ევროინტეგრაციის შეჩერებას. თუმცა, „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული სუვერენიტეტის კონცეფცია, დაცლილია ყოველგვარი დემოკრატიული და სამართლიანობის შინაარსისგან.ის არაფრად აგდებს ქართველი ხალხის გაცხადებულ სუვერენულ სურვილს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით და აყალბებს ხალხის უმრავლესობის არჩევანს.

მაშინ როცა „ქართული ოცნება“ ვითომდა დასავლეთის „მავნე“ გავლენების წინააღმდეგ ბრძოლითაა დაკავებული და თითქოს სახელმწიფო სუვერენიტეტს იცავს, ის დუმს და ხმას არ იღებს რუსეთის ოკუპაციისა და კონფლიქტის რეგიონების რუსეთის მზარდი კონტროლის შესახებ. ამავდროულად “ქართულ ოცნებას” არ აქვს გრძელვადიანი სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც კონფლიქტის რეგიონებში მცხოვრები საზოგადოებებისთვის და ელიტებისთვის მნიშვნელოვან ალტერნატივებს შექმნიდა. უფრო მეტიც, “ქართული ოცნება” ძირს უთხრის ევროპეიზაციისა და დემოკრატიზაციის გზით კონფლიქტების ტრანსფორმაციის დიდ იდეას და გაყოფილი საზოგადოებებისთვისაც ანადგურებს მომავლის პერსპექტივებს.

ამავდროულად, საკუთარი პოლიტიკითა და განვითარების სტრატეგიით, რომელიც მის გარშემო შემოკრებილი მცირერიცხოვანი პარაზიტული ოლიგარქიული ელიტების მიერ, სწრაფი მოგების მიღებაზეა ორიენტირებული, „ქართული ოცნება“ მხოლოდ ზრდის ქვეყნის ეკონომიკურ დამოკიდებულობას რუსეთზე და ამგვარად ქვეყნის სუვერენიტეტს ეკონომიკურ საფრთხესაც უქმნის.

დღეს, როდესაც ეკონომიკური რესურსები კონცენტრირებულია პოლიტიკურად პრივილეგირებული ერთი კლასის ხელში, სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის სოციალური დამოუკიდებლობა და ღირსეული ცხოვრება კვლავ მიუღწეველია. სოციალური სამართლიანობა, რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის ერთ-ერთი საყრდენი იდეა იყო, არ შეიძლება გამორიცხული იყოს დამოუკიდებლობის საკითხზე მსჯელობისას. მით უფრო, რომ სწორედ სიღარიბე, ეკონომიკური უთანასწორობა და რეგიონულ განვითარებაში დრამატული ასიმეტრიაა ის, რაც “ქართული ოცნების” ავტოკრატიას ასაზრდოებს.

ამავე დროს, არ შეგვიძლია დავივიწყოთ მშრომელები, რომლებმაც მიუხედავად სახელმწიფო გულგრილობისა და სოციალური და ეკონომიკური გარიყულობისა, საკუთარი შრომით ააშენეს ეს ქვეყანა. საქართველოს დამოუკიდებლობა უნდა ნიშნავდეს თავისუფლებას სოციალური შიშისგან, შიმშილისგან და დამამცირებელი შრომისგან, რაც ჩვენი აზრით, ახალი, მომავლის პოლიტიკური პროექტის ძირეული საფუძველი უნდა გახდეს.

ეკონომიკური საფრთხეების მიღმა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, ქვეყანას სოციალური და პოლიტიკური რისკების წინაშეც აყენებს. მყიფე საერთაშორისო პოლიტიკურ გარემოში, როდესაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოპოვებულ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, ეკონომიკურად და პოლიტიკურად აღმავალი რევიზიონისტული ძალებისგან მომდინარე საფრთხეშია, „ქართული ოცნების“ მიერ ხელოვნურად შექმნილი, მართული პოლიტიკური კრიზისი და პოლარიზაცია, ჰყოფს ქართველ ერს და მოწყვლადს ხდის მას შესაძლო სამომავლო უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე. ამასთან, დასავლელი პარტნიორების მიმართ წარმოებული მზარდად მტრული დისკურსი და პოლიტიკა საქართველოს ართმევს უსაფრთხოების ერთადერთ გარანტს ამ სწრაფად ცვალებად და საფრთხეებით სავსე გეოპოლიტიკურ გარემოში.

იმისდა მიუხედავად, რომ მიმდინარე პროცესებზე გავლენას არაერთი კომპლექსური შიდა და გარე პოლიტიკური ფაქტორი ახდენს, საბოლოო ჯამში, სწორედ ქართველი ხალხის სიმტკიცეზე, დემოკრატიულ ეთოსსა და პატრიოტიზმზეა დამოკიდებული საქართველოს, ქართველი ხალხის, ქართული დემოკრატიისა და საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის მომავალი.

დღეს, როცა სახელმწიფო ინსტიტუტები თანმიმდევრულად კარგავენ დემოკრატიულ ლეგიტიმაციას, კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ წინააღმდეგობის გაწევა ავტორიტარიზმის გაღრმავების მცდელობებისთვის, არამედ დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის აღდგენისა და გაძლიერების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამოქალაქო მოძრაობების, ალტერნატიული პოლიტიკური პლატფორმების და ახალგაზრდა თაობის პოლიტიკურ გაძლიერებას. ჩვენი ქვეყნის მომავალი ჩვენს ხელშია და სწორედ ახლა, როცა ქვემოდან ზემოთ იბადება ახალი ტიპის სამოქალაქო საზოგადოება, ჩვენ უნდა შევძლოთ ახალი სამართლიანი, სოლიდარული და დემოკრატიული პოლიტიკური პროექტის საფუძვლების ჩაყრა.

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს !!!

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“