[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / განცხადება

დამოუკიდებლობა, რომელიც დღეს ისევ დასაცავია

დღეს 35 წელი შესრულდა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმიდან, სადაც ქართველმა ხალხმა დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე და დაასრულა თითქმის 70-წლიანი საბჭოთა მმართველობა საქართველოში. რეფერენდუმიდან 35 წლის შემდეგ, "ქართული ოცნების" ავტორიტარული მმართველობის პირობებში, ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ უწევს ბრძოლა საკუთარი სუვერენული უფლებისთვის, თავისუფლად და დემოკრატიულად განაგოს საკუთარი აწმყო და მომავალი და ააშენოს სამართლიანი, თანასწორი და განვითარებაზე ორიენტირებული საზოგადოება.

დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღიდან დღემდე ქართველმა ხალხმა ბევრი სირთულე გამოიარა, მათ შორის სამოქალაქო დაპირისპირება, უპრეცედენტო ეკონომიკური კოლაფსი, ომები, მასობრივი ემიგრაცია და კორუმპირებული და ავტორიტარული რეჟიმების მმართველობა. დამოუკიდებელი საქართველოს მძიმე და ტრავმატულ ისტორიას დაემატა ბოლო წლებში "ქართული ოცნების" მმართველობის უმძიმესი წლები, რომელიც პრაქტიკულად ანადგურებს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ყველა მონაპოვარს.

განსაკუთრებით 2023 წლიდან ჩვენ ვაკვირდებით "ქართული ოცნების" მხრიდან დაჩქარებული და აგრესიული ავტორიტარიზმის მშენებლობის პროცესს. ვითომდა გარე ჩარევებისგან სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის რიტორიკით, "ქართულმა ოცნებამ" ჯერ სრულად მიიტაცა ინსტიტუციური ძალაუფლება და სახელმწიფო ინსტიტუტები, შემდეგ კი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებულ ფორმებზე მიიტანა იერიში და ის პრაქტიკულად გაანადგურა. ამას მოყვა ქვიარ თემისა და მათი ფუნდამენტური უფლებების მიზანში ამოღება, შემდეგ კი ომისა და მშვიდობის რიტორიკით სპეკულირება, რომელიც საზოგადოებაში მორალური პანიკის დათესვასა და საკუთარი ხალხის ტრავმების პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზებას ისახავდა მიზნად. უკვე 2024 წლის გაყალბებული და მანიპულირებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი „ქართლმა ოცნებამ“ მოახერხა ევროინტეგრაციის პროცესის მიზანმიმართული შეჩერება, ბრუტალური საპოლიციო პასუხი მოქალაქეების ლეგიტიმურ პროტესტზე და დაუსჯელობისა და განუკითხაობის კლიმატის შექმნა. საბოლოოდ კი, დღეს საქართველოს მის უახლეს ისტორიაში პოლიტიკური პატიმრების ყველაზე მაღალი რიცხვის ჰყავს და პოლიტიკური ოპონენტების დევნამ სისტემური ფორმები მიიღო. ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების მასშტაბური ჩამორთმევით ახდენს და პრაქტიკულად სრულად უცვლის ბუნებას დემოკრატიული სამართლის სისტემას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ბოლო ათწლეულებში საქართველოს სახელმწიფოს მთავარი სტრატეგიული მისია, ევროპული ინტეგრაცია, წარმოადგენდა არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკური არჩევანს, არამედ სუვერენიტეტის განმტკიცების ინსტრუმენტს. ევროპულ ინსტიტუტებთან და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგთან დაახლოება ქმნიდა ისეთ ჩარჩოს, სადაც სუსტი ინსტიტუტების და ეკონომიკის მქონე სახელმწიფოც კი თანდათან იძენდა მდგრადობას, სტაბილურობასა და ანგარიშვალდებულებას. სწორედ ამ პროცესის მეშვეობით ძლიერდებოდა სამართლის უზენაესობა, იზრდებოდა ინსტიტუტების დამოუკიდებლობა და ყალიბდებოდა მოქალაქეზე ორიენტირებული მართვა. ამის საპირისპიროდ, მიმდინარე პოლიტიკური კურსი, რომელიც ამ პროცესს ხელოვნურად აჩერებს და საგარეო ვექტორს ცვლის, პრაქტიკულად ანგრევს იმ ინსტიტუციურ და ნორმატიულ საფუძვლებს, რომლებზეც ბოლო 30 წლის განმავლობაში დამოუკიდებელი საქართველოს პროექტი შენდებოდა. ამასთან აშკარაა, რომ პარტნიორებისა და მეგობრების გარეშე დარჩენილი ისედაც სუსტი სახელმწიფო, კიდევ უფრო მოწყვლადი ხდება რუსეთისა და სხვა ჰეგემონური ძალების გავლენებისა და პირდაპირი ინტერვენციების მიმართ.

ძალაუფლების ღრმა კონსოლიდაციისთვის, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გადაწყვიტა ქართული საზოგადოების ძირეული ტრანსფორმაცია მასშტაბური სასკოლო და უმაღლესი განათლების რეფორმით, რომელიც განათლების ხარისხს გაუარესების მიღმა, გაცხადებულ მიზნად ისახავს ისტორიის გადაწერასა და მოსწავლეების იდეოლოგიურ ინდოქტრინაციას. საპარლამენტო კომისიის სამუშაოებიც სწორედ უახლესი ისტორიის გადაწერასა და რუსეთთან ურთიერთობებში საქართველოს მაშინდელი მთავრობის დადანაშაულების დისკურსის გაოფიციალურებას ემსახურებოდა.

ამასთან, არსებული პოლიტიკური რეჟიმი, რომელიც ვითომდა სახელმწიფო სუვერენიტეტის გამყარებას ცდილობს, წლებია ძირს უთხრის ქართული საზოგადოების ერთიანობას და ხელოვნურად აღრმავებს პოლარიზაციას, რაც მკვეთრად ასუსტებს ქართული საზოგადოების მედეგობას ჰიბრიდული თუ კონვენციური ჩარევების მიმართ და საფრთხეებს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას მოძლიერებული რეგიონული საფრთხეებისა და გეოპოლიტიკური განუსაზღვრელობის ფონზე. საზოგადოების მზარდი პოლარიზაცია შეიძლება უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ როგორც სოციალური დაყოფის შედეგი, არამედ როგორც მართვის ტექნოლოგია, რომელიც ამცირებს კოლექტიური მოქმედების და სოლიდარობის შესაძლებლობებს. დაპირისპირებული ჯგუფების მუდმივი კონსტრუირება ასუსტებს საერთო ინტერესების იდენტიფიცირებას და ხელს უშლის დემოკრატიული კონტროლის ეფექტიან განხორციელებას, რაც საბოლოოდ აძლიერებს ძალაუფლების კონცენტრაციას.

ამავდროულად, "ქართული ოცნება", რომელიც გამუდმებით სახელმწიფოს გაძლიერებაზე საუბრობს, თავისი რეპრესიული პოლიტიკებით ქვეყნიდან მთელი რიგი კატეგორიების მოქალაქეების ემიგრაციას ხელოვნურად ახალისებს, რომელთა რიცხვი ემატება "ქართული ოცნების" ანტი-სოციალური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ქვეყნიდან აყრილი ემიგრანტების რიცხვს და ქვეყანას დემოგრაფიული კრიზისის წინაშე აყენებს.

ამ კონტექსტში განსაკუთრებით პრობლემურია სუვერენიტეტის იმგვარი გაგება, რომელსაც "ქართული ოცნება" იყენებს და რომელიც სუვერენიტეტს აიგივებს არა ხალხის თვითგამორკვევის უფლებასთან, არამედ ცენტრალიზებული ხელისუფლების შეუზღუდავ კონტროლთან და ხელშეუხებლობასთან. სუვერენიტეტი უპირველესად გულისხმობს ხალხის რეალურ შესაძლებლობას მონაწილეობდეს ძალაუფლების განხორციელებაში, განსაზღვროს განვითარების მიმართულება და გააკონტროლოს ის ინსტიტუტები, რომლებიც მის სახელით მოქმედებენ. მაშინ კი როდესაც ეს პროცესი ჩანაცვლებულია ცენტრალიზებული ძალაუფლების გაძლიერებით, სუვერენიტეტი კარგავს დემოკრატიულ შინაარსს და იქცევა ელიტური კონტროლის ინსტრუმენტად. ასეთი მიდგომა ანაცვლებს სახალხო სუვერენიტეტს სახელმწიფო აპარატის სუვერენიტეტით და ქმნის რეალობას, სადაც ძალაუფლება ხდება თვითმიზანი, ხოლო საზოგადოება კარგავს სუბიექტობას. ეს წინააღმდეგობაში მოდის თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებთან, სადაც სუვერენიტეტი ეკუთვნის ხალხს და მისი ლეგიტიმაცია მუდმივად უნდა დადასტურდეს თავისუფალი ინსტიტუტების, პლურალიზმისა და უფლებების დაცვის გზით.

თუმცა აშკარაა, რომ ქართული საზოგადოება სუვერენიტეტის სწორედ ამ დემოკრატიული გაგების ერთგული რჩება და ის, ისევე როგორც ისტორიის ყველა სხვა მძიმე მომენტში, კვლავაც აგრძელებს თავისუფლებისთვის ბრძოლის ტრადიციას. მზარდი რეპრესიების მიუხედავად, ქართველი ხალხი ყოველდღიურ რეჟიმში აჩვენებს, რომ ეროვნული დამოუკიდებლობა და დეკოლონიზაცია განგრძობადი პროცესია და მას მუდმივი დაცვა სჭირდება. ამ რეალობაში ქართველი ხალხი უკვე რამდენიმე წელია საკუთარი პირადი უსაფრთხოებისა ფასად იბრძვის ერთმანეთისთვის და ფუნდამენტური უფლებისთვის, ყოველგვარი გარე თუ შიდა ბატონისგან დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი ცხოვრება და ჩამოაყალიბოს რეალურად დამოუკიდებელი, დემოკრატიული და ადამიანზე ორიენტირებული სახელმწიფო.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“