[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

დაკავებული პირების გაშიშვლების პრაქტიკა ქართული ოცნების მიერ პოლიტპატიმრების დეჰუმანიზების იარაღი გახდა

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება გელა ხასაიას დაკავების და მის მიმართ მოპყრობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და მიგვაჩნია, რომ “ქართული ოცნების” მიერ ძალაუფლების მზარდი კონსოლიდაციის პარალელურად, პოლიციის ორგანოები და სახელმწიფოები ინსტიტუციები იჩენენ კიდევ უფრო მეტ თვითნებობას და სისასტიკეს მოქალაქეებთან ურთიერთობისას, ხოლო ამ ინსტიტუტების სრული პარტიული კონტროლის პირობებში, სამართალდამცავი უწყებები პოლიტიკური ოპონენტებზე ანგარიშსწორების ინსტრუმენტად იქცა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სამოქალაქო აქტივისტი, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი,გელა ხასაია 30 სექტემბერს სისხლის სამართლის წესით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი) მიმდინარეობდა. დაკავებიდან რამდენიმე საათში პროკურატურამ გელა ხასაიას ბრალი დამძიმებული მუხლის საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის (სსკ-ის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილი), წარუდგინა. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით 4 - დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც გელა ხასაიას ადვოკატი განმარტავს, დაკავება, სავარაუდოდ, უკავშირდება პირველ სექტემბერს სადგურის მოედანზე მომხდარ კონფლიქტს, რომელსაც გელა ხასაია შეესწრო, თუმცა მომხდართან არაფერი აკავშირებს, რადგან დაპირისპირება მისთვის უცნობ პირებს შორის მოხდა. ადვოკატის თქმით, საქმეში არ დევს გელა ხასაიას ბრალეულობის დამადასტურებელი არცერთი ნეიტრალური მტკიცებულება, მათ შორის ვიდეოჩანაწერი.

1 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნანა შამათავამ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და გელა ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო სხდომაზე ხასაიამ და მისმა ადვოკატმა დაკავების გარემოებებსა და ბრალდებულის საპროცესო უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე ისაუბრეს. მათი განმარტებებიდან იკვეთება, რომ გელა ხასაიას სამართალდამცავებმა არც დაკავებისას და არც პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგ, გონივრული ვადის განმავლობაში, არ განუმარტეს დაკავების საფუძველი, ამის ნაცვლად, მას და მის მეგობრებს მოიხსენიებდნენ სხვადასხვა შეურაცხმყოფელი, დამცინავი სიტყვებით, აგრეთვე აიძულებდნენ მას ახსნა-განმარტების მიცემას. განსაკუთრებულად შემაშფოთებელია გელა ხასაიას განმარტება პირად ჩხრეკის პროცესში უსაფუძვლოდ - ორჯერ, სრულ გაშიშვლებასთან დაკავშირებით, რაც უხეშად არღვევს მის ღირსებასა და ფუნდამენტურ უფლებებს.

გელა ხასაიას გარდა, საპატიმრო სასჯელს იხდიან „კოალიცია ცვლილებებისთვის“ სხვა წევრები და ლიდერები (ელენე ხოშტარია, ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე, ნიკა მელია, საბა სხვიტარიძე). თავად გელა ხასაია კი მანამდე არაერთხელ ყოფილა ადმინისტრაციული წესით, პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის, დაკავებული. აღსანიშნავია, რომ კოალიციის წარმომადგენლებიდან ხასაია არ არის პირველი, ვის მიმართაც არაადამიანური მოპყრობის ფაქტი გამოვლინდა. 2025 წლის 29 მარტს, ელენე ხოშტარიამ გაასაჯაროვა, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლების პროცედურის დროს, პოლიციის თანამშრომლებმა მას გაშიშვლება აიძულეს, ხელები შეუკრეს და დიდი ხნის განმავლობაში მეტალოდეტექტორის ატარებდნენ შიშველ სხეულზე. იძულებითი გაშიშვლება აგრეთვე მასობრივად გამოიყენებოდა  2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი წესით დაკავებული აქტივისტების დამცირებისა და დასჯის მიზნით. ეს საქმეები კვლავ გამოუძიებელი რჩება, რაც ახალისებს დაკავებული პირების ფუნდამენტური უფლებების უგულებელყოფას სამართალდამცავების მხრიდან.

პირის სრული გაშიშვლება პირადი ჩხრეკის ჩატარების განსაკუთრებით ინტენსიური ფორმაა, რომელსაც მკაცრად განსაზღვრული წინაპირობების აქვს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს არაერთ საქმეში განუმარტავს, რომ ლეგიტიმური მიზნისა და სათანადო დასაბუთების გარეშე პირის განმეორებითი და სრული ჩხრეკა უხეშად არღვევს ევროპული კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლების მოთხოვნებს. ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, იმ შემთხვევებშიც კი როდესაც გაშიშვლება არ ატარებს განსაკუთრებულად დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ ფორმებს, მისი განმეორებითობა დაკავებულ უჩენს შფოთვისა და დაუცველობის განცდას, აყენებს მორალურ ტანჯვას მისი თვითნებურობის გამო, რაც სცდება ჩხრეკის დასაშვებ დონეს.[1]

წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი (CPT) მიიჩნევს, პირადი ჩხრეკის მიზნით პირის სრული გაშიშვლება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალური რისკის შეფასებას, დაექვემდებაროს მკაცრ ზედამხედველობასა და წინასწარ დადგენილ სტანდარტებს. პირადი ჩხრეკა შესაძლოა გადაიზარდოს არასათანადო, დამამცირებელ მოპყრობაში მსგავსი განზრახვის არსებობის გარეშეც, თუ ის სათანადო წესით დაცვით არ არის ჩატარებული. აუცილებელია, რომ ჩხრეკისას პირის მიმართ მოპყრობა იყოს ჰუმანური და არ არღვევდეს მის თანდაყოლილ ღირსებას.[2]

ამასთან, გელა ხასაიას მონათხრობი პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი კომუნიკაციის შესახებ, კიდევ უფრო მეტად ამძიმებს გაშიშვლების ფაქტს და, ერთი მხრივ, აჩენს სერიოზულ ვარაუდს, რომ ეს ზომა ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, არამედ დაკავებულის კიდევ უფრო მეტად დამცირებას ემსახურებოდა, ხოლო, მეორე მხრივ, თავად გაშიშვლების და ჩხრეკის პროცესს კიდევ უფრო მეტად ღირსების შემლახველად აქცევს დაკავებულისთვის

ცალსახაა, რომ პოლიციის განყოფილებაში გელა ხასაიას მიმართ განხორციელებული ქმედებები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს - წარმოადგენს დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას. ამის მიუხედავად, საგამოძიებო ორგანოებს ამ დრომდე არ გაუვრცელებიათ განცხადება გამოძიების დაწყების შესახებ. პირადი ჩხრეკის პროცესში ბრალდებულის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე რეაგირება არ ჰქონია არც სახალხო დამცველს.

გელა ხასაიას მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე, ერთი მხრივ, ოპოზიციურად განწყობილი პირების დევნისა და მათ მიმართ პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელების, მეორე მხრივ, კი რეპრესიული საპოლიციო პრაქტიკის მკაფიო გამოვლინებაა.

საგანგაშოა, რომ ბოლო წლების განმავლობაში სამართალდამცავების მხრიდან დაკავებული პირების იძულებითმა გაშიშვლებამ განმეორებითი პრაქტიკას ფორმა მიიღო. არაადამიანური მოპყრობის ეს განსაკუთრებულად დამამცირებელი ფორმა სახელმწიფოს რეპრესიული პოლიტიკის ნაწილად იქცა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საპოლიციო რეჟიმი სრულად არის მოწყვეტილი ადამიანის უფლებების, სამართლის უზენაესობისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნებს.

მნიშვნელოვანია, რომ დაკავებულების საპროცესო უფლებების მძიმე დარღვევებზე სათანადო რეაგირება ჰქონდეს სახალხო დამცველს, მით უფრო, რომ რამდენიმე თვის წინ ომბუდსმენი მიესალმებოდა “იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებას, რომლითაც გაზიარებული იქნა სახალხო დამცველის აღნიშნული მოთხოვნა, სრული შემოწმების მიზნით პატიმრის სხეული მთლიანად გაშიშვლების პრაქტიკის გაუქმების თაობაზე.” სახალხო დამცველი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ყოველწლიურ ანგარიშებში ნეგატიურად აფასებდა პენიტენციურ და საპოლიციო დაწესებულებებში ადამიანების სრული გაშიშვლების პრაქტიკას და დაწესებულებებს  წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტების გაზიარებისკენ მოუწოდებდა. ამგვარი პრაქტიკა, სახალხო დამცველის შეფასებით, პატიმრების მიმართ დამამცირებელ და ღირსების შემლახავ მოპყრობას წარმოადგენს.[3]

მოვუწოდებთ სახალხო დამცველს შეისწავლოს გელა ხასაიას მიმართ არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ფაქტები და ზოგადად დაკავებული პირების შესაბამის დაწესებულებაში განსახლების დროს გაშიშვლების პრაქტიკა, მიიღოს სპეციალური და სწრაფი ზომები მის აღმოსაფხვრელად. ასევე მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის აპარატმა ჩაატაროს გელა ხასაიას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მონიტორინგი, რომელიც ფაბრიკაციისა და სამართალდამცავი სისტემის პოლიტიზაციის სერიოზულ ეჭვებს აჩენს.  

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] Roth v. Germany, 2020, §§ 70-72.

[2] European Committee for the Prevention of Torture and Inhuman or Degrading Treatment or Punishment - 34th GENERAL REPORT Activities 2024.

[3] სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, გვ. 52.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“