საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
6 აგვისტოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის დღის მთავარ საინფორმაციო პროგრამაში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ამერიკაში, კანზასის შტატში მშობლების დაუდევრობით მომხდარ უბედურ შემთხვევას შეეხებოდა. კერძოდ, 10 თვის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი მშობლების მიერ მისი მანქანაში დატოვება და 30 გრადუსიანი სიცხე გახდა. ვფიქრობთ, რომ აღნიშნულ სიუჟეტში სექსუალური იდენტობის დაუსაბუთებელი იდენტიფიცირებით და ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციით მაუწყებელი საზოგადოებაში შეუწყნარებლობის გარემოს გაღრმავებას უწყობს ხელს.
ამერიკული წყარო, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა, საუბრობს ერთ მშობელზე, რომლის დაუდევრობითაც ბავშვი დაიღუპა. პირველი არხი კი აქცენტს ხაზგასმულად “ჰომოსექსუალურ წყვილზე” აკეთებს. სამაგიეროდ, არხს არ აღუნიშნავს, რომ წყვილი 5 შვილის მშობელია.“მოამბის” წამყვანმა ამ ინციდენტის არასწორი ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა, როდესაც ინციდენტის გაშუქებისას, მშობლების სექსუალური ორიენტაციის დაუსაბუთებელი მითითებით, შექმნა წინასწარი უარყოფითი განწყობა ლგბტ პირების მიმართ. სახელდობრ, წამყვანის საავტორო ტექსტში აღნიშნული იყო: “არატრადიციული ორიენტაციის წყვილს 10 თვის ქალიშვილი მანქანაში დარჩა – ბავშვი სიცხისგან დაიღუპა”.ვაშინგტონ პოსტის ცნობით, მხოლოდ 2014 წელს, მხოლოდ შეერთებულ შტატებში 21 ბავშვი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ისინი მშობლებმა მანქანაში, სიცხეში დატოვეს. “მოამბის” რედაქციამ კი მხოლოდ ჰომოსექსუალურ წყვილს თავს დატეხილი ტრაგედია შეარჩია, დანარჩენი 20 შემთხვევა კი არ გაუშუქებია. ბუნებრივია, ამ ტიპის ინციდენტების გაშუქებისას საზოგადოებრივი ინტერესის საგანი ბავშვების სიცოცხლეს უკავშირდება და მშობლების სექსუალურ ორიენტაციას საკითხთან კავშირი არ აქვს.პირის გენდერული იდენტობა, სექსუალური ორიენტაცია, ეთნიკური, რელიგიური ან სხვა კუთვნილება, მხოლოდ მაშინ უნდა აღინიშნოს, თუ ეს არსებითია საკითხის გადმოსაცემად. მაგალითად, თუ დანაშაული პირის სექსუალურმა ორიენტაციამ განაპირობა. მოცემულ შემთხვევაში მშობლების ორიენტაციას ვითარების აღწერისთვის არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონია. ამ სტანდარტის გათვალისწინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ნეგატიური მოვლენების გაშუქებას ეხება, რათა მედიამ უარყოფითი სტერეოტიპების გაღრმავებას არ შეუწყოს ხელი. შედეგად, სახეზეა საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის 15.9 მუხლის დარღვევა, რომელიც სექსუალურ უმცირესობებს შეეხება. კერძოდ:
“ჰომოსექსუალები ხშირად შეურაცხმყოფელი სტერეოტიპების მსხვერპლნი ხდებიან. ჰომოსექსუალები და ბისექსუალები უმცირესობას შეადგენენ და გადაცემის ავტორებს უნდა ახსოვდეთ, რომ ისინიც, სხვების მსგავსად, საზოგადოების ნაწილს წარმოადგენენ.
გადაცემაში ჰომოსექსუალის სექსუალური ორიენტაცია აღნიშნეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს თემას უშუალოდ უკავშირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დაარღვევთ ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას და ხელს შეუწყობთ სტერეოტიპის გაძლიერებას.”
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მაუწყებლის ეთერში სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციისა და სიძულვილის ენის ტირაჟირების გამო არასამთავრობო ორგანიზაციებმა საზოგადოებრივ მაუწყებელს საჯარო განცხადებით და თვითრეგულირების ორგანოში საჩივრით მივმართეთ.
სტანდარტის დამკვიდრების თვალსაზრისით, ვთვლით, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს როლი. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარზე 18 ივლისს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც მეურვეთა უმრავლესობამ სიძულვილის ენა გამოხატვის თავისუფლების კანონმდებლობით გაამართლა და შეფასებისას არ იმსჯელა მაუწყებლის მხრიდან ეთიკური და პროფესიული ნორმების დარღვევაზე, ხელს არ უწყობს ქცევის კოდექსის მიზნის მიღწევას. კერძოდ, “კოდექსის მიზანია, ყველა სახის მაუწყებელი, განსაკუთრებით კი საზოგადოებრივი მაუწყებელი, თანაბარი პასუხისმგებლობით მოეკიდოს პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვასა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას” (მუხლი 4.1).
საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოადგენს საქართველოს ყველა მოქალაქის ტელევიზიას, განურჩევლად მისი იდენტობისა. ამიტომ, დაუშვებელია მაუწყებელი დისკრიმინაციის წახალისების წყაროდ იქცეს. მნიშვნელოვანია არხმა გააცნობიეროს ყველა მოქალაქის წინაშე მისი ანგარიშვალდებულება და ადეკვატური უპასუხოს ყველა ისეთ შემთხვევას, რომელიც ცალკეულ ჯგუფთა სტიგმატიზებას უწყობს ხელს და აღვივებს შეუწყნარებლობას.
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
იდენტობა
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
საფარი
ასოციაცია “ლგბტ საქართველო”
არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)
ინსტრუქცია