[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / განცხადება

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს არჩევნების თარიღის შეცვლის თაობაზე

2013 წლის 1 ივლისს ცნობილი გახდა პრეზიდენტის გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის გამოცხადების შესახებ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის თარიღად ჯერ 27 ოქტომბერი გამოაცხადა, თუმცა, მოგვიანებით, საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი შეიცვალა და პრეზიდენტის განკარგულების თანახმად იგი 31 ოქტომბერს გაიმართება.

საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის შეცვლამ საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია, ვინაიდან, 2013 წლის 31 ოქტომბერი, ხუთშაბათი, სამუშაო დღეა. ამასთთანავე, გამოითქვა მოსაზრება, რომ პრეზიდენტს საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის უფლება სამუშაო დღეს არ ჰქონდა. აღნიშნული განპირობებულია საარჩევნო კოდექსის მე-6 მუხლის ჩანაწერით, რომლის მიხედვითაც, „მორიგი არჩევნები, რეფერენდუმი/პლებისციტი, გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა, შეიძლება ჩატარდეს კვირის ნებისმიერ დღეს.“ აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება კვირის ნებისმიერ დღეს არ შეიძლება, თუმცა არც საარჩევნო კოდექსში და არც სხვა რომელიმე კანონში დაკონკრეტებული არ არის, თუ რომელ დღეს არის ნებადართული საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. საგულისხმოა, კოდექსის აღნიშნული ჩანაწერი თანაარსებობდა კონსტიტუციის იმ ნორმასთან ერთად, რომელიც აკონკრეტებდა, რომ პრეზიდენტის არჩევნები პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლიდან აპრილის მეორე კვირა დღეს უნდა ჩატარებულიყო. აღნიშნული ნორმა კონსტიტუციაში დღეს აღარ გვხვდება, შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ საარჩევნო კოდექსის მე-6 მუხლის სადაო ჩანაწერი საკანონმდებლო ხარვეზს წარმოადგენს და პრეზიდენტი მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში უფლებამოსილი იყო საპრეზიდენტო არჩევნების დღე თავად განესაზღვრა.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა არჩევნების თარიღად საბოლოოდ 2013 წლის 31 ოქტომბერი, ხუთშაბათი დღე განსაზღვრა, არჩევნების სამუშაო კვირის შუაში გამართვა რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით ვფიქრობთ, საკმაოდ პრობლემატურია. კერძოდ:

საარჩევნო კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, არჩევნების დღე უქმე დღედ ცხადდება, თუმცა ეს გარემოება საკმაოდ სერიოზულ პრობლემას უქმნის საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს. მათთვის პრაქტიკულად შეუძლებელია საარჩევნო უფლების რეალიზება იმ ვითარებაში, როდესაც არჩევნები სამუშაო დღეს ტარდება. რადგან საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები მათთვის არა უქმე, არამედ ჩვეულებრივი სამუშაო დღე იქნება. აღნიშნული პრობლემა 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზეც მკაფიოდ გამოიკვეთა.

სამუშაო კვირის შუა პერიოდში არჩევნების გამართვა საქართველოში მცხოვრები მოქალაქეებისთვისაც გარკვეულ დაბრკოლებას წარმოადგენს, რადგან ხშირ შემთხვევაში ამომრჩეველს მისი რეგისტრაციის ადგილზე სჭირდება მისვლა, რაც ხშირად ერთი ქალაქიდან მეორეში გადაადგლებას გულისხმობს, რისთვისაც ერთი სამუშაო დღის უქმად გამოცხადება საკმარისი არ არის.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მისი უფლებამოსილება არჩევნების თარიღის დანიშვნის თაობაზე იმგვარად უნდა გამოიყენოს, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ამომრჩევლების აქტიურობას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ და უზრუნველყოს საქართველოს თითოეული მოქალაქის საარჩევნო უფლების რეალიზების შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მივიღოთ საქართველოს მოქალაქეების ნიჰილისტური დამოკიდებულება საარჩევნო პროცესების მიმართ, რაც დემოკრატული საზოგადოებისათვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, გამომდინარე იქიდან, რომ საპრეზიდენტო არჩევნების კვირა დღეს ჩატარება საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრები თანამოქალაქეების საარჩევნო უფლებების რეალიზების მნიშვნელოვან ფაქტორად მიგვაჩნია, მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, მიიღოს შექმნილი სიტუაციიდან ყველაზე ეფექტური, მარტივი და დროული გამოსავალი და არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ საკუთარ განკარგულებაში ცვლილებების შეტანის გზით არჩევნების თარიღად ოქტომბრის თვის ერთ-ერთი კვირა დღე გამოაცხადოს.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა - მრავალეროვანი საქართველო

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი

საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრი

სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი

საზოგადოებრივი დამცველი

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“