საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ ვეხმიანებით ხორავას ქუჩაზე მომხდარი 2 არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე ჩატარებულ და მიმდინარე გამოძიების პროცესს. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საქართველოს პარლამენტში „2017 წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა და მისი საქმიანობა. კომისიის სხდომებზე საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლების და სხვა პირთა გამოკითხვებმა კიდევ ერთხელ ნათლად დაადასტურა საზოგადოებაში არსებული კითხვების ლეგიტიმურობა.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიებამ საზოგადოებაში პროცესის ხელოვნურად გამრუდების განცდა შექმნა და კიდევ ერთხელ კრიტიკულად დააყენა მართლმსაჯულების განხორციელების პროცესზე არასათანდო გავლენების საკითხი. პრინციპულად მნიშვნელოვანმა მოქმედებებმა, რომელიც არ განხორციელდა ან არასწორად განხორციელდა გამოძიების ფარგლებში, ხელი შეუშალა საქმეზე სიმართლის დადგენას, მართლმსაჯულების სამართლიანად აღსრულებას და არსებითად შეარყია როგორც დაზარალებულების, ასევე საზოგადოების ნდობა გამოძიების პროცესის მიმართ.
ხორავას ქუჩის საქმე აღმოჩნდა ის ეპიზოდი, რომელმაც სისტემური და კომპლექსური პრობლემები განსაკუთრებული მასშტაბებით გამოავლინა და მძლავრი საზოგადოებრივი პროტესტის საფუძველი გახდა. ამ დრომდე, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან გადადგმული გარკვეული ნაბიჯების მიუხედავად, საზოგადოებაში რჩება განცდა, რომ გამოძიების პროცესის გამრუდებაზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენა და პასუხისგებაში მიცემა არ მომხდარა
ამ საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის მიერ გაწეული ძალისხმევა. სახალხო დამცველმა საქმის დეტალური შესწავლის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში გამოძიების მწარმოებელ პირთა ქმედებების, დიდი ალბათობით დანაშაულებრივ ხასიათზე მიუთითა. ამ ყველაფრის მიუხედავად, საქმესთან დაკავშირებით კვლავ გვრჩება კითხვები, რომლებზეც, მიგვაჩნია, რომ საგამოძიებო ორგანოებმა ამომწურავი პასუხი უნდა გაგვცენ. კერძოდ:
ა) მაშინ, როდესაც მოწმეთა ჩვენება ადასტურებდა, რომ ჩხუბის შემდეგ მ.კ.-ს ტანსაცმელზე წითელი, სისხლისმაგვარი ლაქები აღენიშნებოდა. საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერით და მ.კ-ს , ძმის, ლუკა კალანდიას ჩვენებით კი, დასტურდებოდა, რომ ამ უკანასკნელმა წითლად დალაქავებული ტანსაცმელი მათი კორპუსის მახლობლად, წყლის ჭაში ჩაყარა, რატომ არ გაიჩხრიკა მ.კ.-ს საცხოვრებელი ბინა?
ბ) რატომ არ სცადა გამოძიებამ იმ ტანსაცმლის მოპოვება, რომელიც მ.კ-ს შემთხვევის დროს ეცვა?
გამოძიებას პირველივე ეტაპზე ხელთ ჰქონდა დანაშაულის დღეს მირზა სუბელიანის და თ.კ-ს, კალანდიების ოჯახში მისვლის და სახლის დატოვების კადრები, რომლითაც დასტურდება მ.კ.-ს და გ.ჯ.-ს გადამალვისთვის ავტომობილთა მოძრაობა, რის შემდეგაც მირზა სუბელიანი და მ.კ.-ს მამა, თენგიზ კალანდია ერთად ტოვებენ კალანდიების ბინას. ამასთან, რატომ არ დაინტერესდა გამოძიება მირზა სუბელიანის სავარაუდო დანაშაულის შემცველი ქმედებებით, მაშინ, როდესაც თენგიზ კალანდიას სუბელიანის ქმედებების მსგავს ქმედებებზე, ბრალი მალევე, დანაშაულის დაფარვისთვის წარუდგინეს, ხოლო ეს უკანასკნელი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში დანაშაულიდან 6 თვის შემდეგ მისცეს.
ა) რატომ ვერ უზრუნველყო ექსპერტმა კვლევის ობიექტის დაზიანებისგან დაცვა?
ბ) რატომ არ გაითვალისწინა ექსპერტმა ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულების, კერძოდ, დავით სარალიძის მკვლელობის იარაღის, დანის, დაზიანების შესაძლებლობა და რატომ არ ჩატარდა ექსპერტიზა ისეთ გარემოში, სადაც მტკიცებულება არ დაზიანდებოდა?
გ) იყო თუ არა შესაძლებელი მტკიცებულების დაზიანების თავიდან აცილება?
მიგვაჩნია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ზემოთ დასმულ ყველა შეკითხვას აუცილებლად უნდა გასცენ ამომწურავი პასუხი.
ამავე დროს, სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებთ საკუთარი ძალისხმევა მიმართონ იმ პირთა გამოსავლენად და პასუხისგებაში მისაცემად, რომლებმაც განზრახ, თუ გაუფრთხილებლობით, გულგრილად, მტკიცებულების არმოპოვებით ან/და მათი გადამალვით, საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებას შეუშალეს ხელი.
სხვა შემთხვევაში, ამ კითხვებზე პასუხების არარსებობა გვაფიქრებინებს, რომ მძლავრი საზოგადოებრივი პროტესტისა და სამართლიანი მოთხოვნების მიუხედავად, სისტემის შიგნით არ არსებობს მყარი პოლიტიკური ნება, სათანადო ნაბიჯები გადაიდგას საქმეზე სიმართლის დადგენის და იმ პირების გამოკვეთისთვის, რომლებმაც სავარაუდოდ გავლენა მოახდინეს გამოძიების პროცესის გამრუდებაზე.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო (TI)
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის (RIVG)
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
ინსტრუქცია