[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ლგბტი უფლებები / განცხადება

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება 17 მაისთან დაკავშირებით

2013 წლის 17 მაისი მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა ჩვენს სოციალურ-პოლიტიკურ რეალობაში. ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან (აიდაჰო) დაკავშირებით დაგეგმილი აქციის საწინააღმდეგოდ, სასულიერო პირებისა და სხვადასხვა სოციალური ჯგუფის მიერ ჩატარებულმა კონტრდემონსტრაციამ მასშტაბური ძალადობის სახე მიიღო. ამით, ის კონფლიქტში შევიდა არსებულ სამართლებრივ წესრიგსა და ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომელიც საჯარო-პოლიტიკური სივრცის სეკულარიზაციისა და ადამიანების, როგორც უმაღლესი ფასეულობის თავისუფლების, ღირსებისა და თანასწორობის დაცვის იდეებს ეფუძნება. სამწუხაროდ, 17 მაისს, სახელმწიფომ ვერ შეძლო აიდაჰოს აქციის მონაწილეების შეკრების თავისუფლებისა და სეკულარიზმის პრინციპის დაცვა. გამოვლენილი ძალადობის აღკვეთისა და კონკრეტული სამართალდამრღვევი პირების დასჯის მიზნით, სახელმწიფოს მიერ გატარებულმა არაეფექტურმა პოლიტიკამ, მომდევნო პერიოდში სხვადასხვა დისკრიმინირებული ჯგუფის (მათ შორის, რელიგიური უმცირესობების) მიმართ სიძულვილით მოტივირებული ძალადობის ზრდა განაპირობა. აღსანიშნავია, რომ 2013 წლის 17 მაისის შემდეგ, ასევე იმატა ლგბტ პირთა მიმართ ძალადობრივმა შემთხვევებმა.

არსებულ ვითარებაში, ლგბტ უფლებებზე მომუშავე ძირითადი სათემო ორგანიზაციები იძულებულები გახდნენ, უარი ეთქვათ მიმდინარე წლის 17 მაისს აიდაჰოს დღის საჯარო აღნიშვნასა და შეკრების თავისუფლებით სარგებლობაზე. ეს ერთი მხრივ, აჩვენებს ხელისუფლების სისუსტეს რეალურად დაიცვას ლგბტ პირთა გამოხატვის თავისუფლება, მეორე მხრივ კი ავლენს საზოგადოებაში ძალადობრივ და არასოლიდარულ განწყობებს, რაც სახელმწიფოს, ეკლესიის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან სწორ გააზრებას მოითხოვს.

აღსანიშნავია, რომ ლგბტ უფლებებზე მომუშავე ძირითადი სათემო ორგანიზაციების მიერ საჯარო აქციის ჩატარებაზე უარის თქმის მიუხედავად, სასულიერო პირები, ისევე როგორც სხვადასხვა საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფები, 17 მაისს თბილისში რამდენიმე შეკრების გამართვას გეგმავენ. იგეგმება ეკლესიის მიერ, ცოტა ხნის წინ, საგანგებოდ 17 მაისს დაწესებული ოჯახის დღის აღნიშვნა და ლგბტ პირთა უფლებების დაცვის თემის, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის მიერ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მიღების გაპროტესტება.

საჯარო სივრცეში მრავალრიცხოვანი ჯგუფების კონცენტრირებასა და მათ ძალადობრივ განწყობებთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, ხელისუფლებას მოვუწოდებთ მიმდინარე წლის 17 მაისს მიიღოს სათანადო პრევენციული ღონისძიებები წესრიგის, მშვიდობისა და ადამიანის უფლებების დასაცავად. განსაკუთრებით გასათვალისწინებელია, 2013 წლის 17 მაისის უარყოფითი გამოცდილება, როცა აიდაჰოს აქციის მონაწილეების ევაკუაციის შემდეგ, კონტრდემონსტრანტების ჯგუფები ქალაქის ქუჩებში უკონტროლოდ გადაადგილდებოდა და ძალადობას ავლენდა სხვადასხვა პირის მიმართ, რომელთა იდენტიფიცირებას ისინი ლგბტ პირებად ახდენდნენ. ამ დროს კი პოლიციას არ გააჩნდა კონკრეტული გეგმა მათი ქცევის ორგანიზებისა და პრევენციისთვის. აღსანიშნავია, რომ ლგბტ ადამიანების დევნისა და გადაკიდების ინდივიდუალური შემთხვევები 17 მაისის შემდეგ, რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 17 მაისს წესრიგისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით, მოვუწოდებთ:

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს, განახორციელოს ეფექტური ღონისძიებები წესრიგისა და ადამიანის უფლებების დასაცავად. მათ შორის, უზრუნველყოს:

- ქალაქის ქუჩებში პოლიციის ეფექტური და ინტენსიური პატრულირება, მათ შორის, იმ დაწესებულებების სიახლოვეს, სადაც შეიძლება მაღალი იყოს ლგბტ პირთა მიმართ ძალადობის გამოვლენის რისკები;

- სპეციალური სატელეფონო ცხელი ხაზის ამუშავება, რომელიც კონკრეტულ პირებს უფლების დარღვევის შემთხვევაში მისცემს შესაძლებლობას მიიღონ ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება და დაცვა სამართალდამცავი ორგანოებისგან;

- სამინისტროს მხრიდან საკონტაქტო პირის გამოყოფა, რომელთანაც უფლებადამცველ ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს მიეცემათ შეუზღუდავი და დროული კომუნიკაციის შესაძლებლობა;

- სამართალდარღვევის კონკრეტულ ფაქტებზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დროული და ეფექტური რეაგირება;

- მისი თანამშრომლების მიერ ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი ლგბტ პირთა მიმართ პატივისცემა.

  • პარლამენტის წევრებს, პოლიტიკური განცხადებებით ხელი შეუწყონ უსაფრთხოების, მშვიდობისა და სამართლიანობის მხარდაჭერას და მოახდინონ მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკის ეფექტური საპარლამენტო კონტროლი;
  • პოლიტიკურ პარტიებსა და ცალკეულ პოლიტიკოსებს, ადეკვატური შეფასება მისცენ 17 მაისთან დაკავშირებულ მოვლენებს და არ შეუწყონ ხელი სიძულვილისა და ძალადობის ტირაჟირებას საზოგადოებაში, მით უფრო, წინასაარჩევნო კონტექსტის გათვალისწინებით;
  • მედიას, პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტით გააშუქოს 17 მაისთან დაკავშირებული მოვლენები, თავი შეიკავოს არასწორი და ორაზროვანი ინფორმაციისა და სიძულვილით მოტივირებული შეფასებების გავრცელებისგან;
  • 17 მაისის დაგეგმილი შეკრებების ორგანიზატორებს, ხელი შეუწყონ აქციის მონაწილეების მიერ საჯარო წესრიგისა და ადამიანის უფლებების დაცვას. ამ მიმართებით მნიშვნელოვანია, მათ მიიღონ ყველა ზომა აქციის მონაწილეების მშვიდობიანი განზრახვებისა და ქცევის შენარჩუნებისათვის;
  • ლგბტ აქტივისტებს, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისაგან, რომელმაც შეიძლება ძალადობის პროვოცირება მოახდინოს.

ვიმედოვნებთ, რომ მიმდინარე წლის 17 მაისს, სახელმწიფო სათანადოდ უპასუხებს მის წინაშე მდგარ გამოწვევებს და მიიღებს ყველა ზომას ადამიანის უფლებებისა და მისი, როგორც სეკულარული სახელმწიფოს დაცვისათვის.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);

კონსტიტუციის 42-მუხლი;

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი;

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);

იდენტობა;

ქალთა ფონდი საქართველოში;

ფონდი "ტასო";

მედიის განვითარების ფონდი (MDF);

კავშირისაფარი

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“