[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა / განცხადება

არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტში 2016-2017 წლის ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის პირველად შედეგებს წარადგენენ

2018 წლის 12 ივნისს, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიასა და ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის მონიტორინგზე მომუშავე ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წინაშე 2016-2017 წლების ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის წინასწარ შედეგებს ზეპირი მოსმენის ფარგლებში წარადგენენ.

2014 წელს სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიისა და ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმების მიღება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისთვის, ამ სფეროში სახელმწიფო უწყებების საქმიანობის უკეთესი კოორდინირებისა და მასზე სამთავრობო და საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებისთვის. თუმცა, სამწუხაროდ, ამ წლების განმავლობაში ადამიანის უფლებათა სამთავრობო გეგმა მთავრობისთვის, ისევე როგორც პარლამენტისთვის არ გახდა ადამიანის უფლებების დაცვის ძირითადი დოკუმენტი და მონაწილეობითი და ანგარიშვალდებული პოლიტიკური პროცესი. ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს მაღალი წარმომადგენლობის და ფართო კომპეტენციის მიუხედავად, საბჭოს საქმიანობა წლების განმავლობაში მეტწილად ნომინალური იყო და თითქმის არ იკრიბებოდა. პროცესზე სუსტი და არაეფექტიანია საპარლამენტო ხედამხედველობის მექანიზმიც და სამოქმედო გეგმის შესრულების შეფასება სათანადოდ არ აისახება პარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტში.

მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წელს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა გაიზიარა მონიტორინგში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივა ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის მოსმენის პროცესში ალტერნატიული მონიტორინგის შედეგების ზეპირი ფორმით მოსმენის თაობაზე, რაც სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესზე საპარლამენტო ზედამხედველობას უფრო მონაწილეობითს გახდის.

ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების მიერ წინასწარ შემუშავებული სპეციალური და ყოვლისმომცველი მეთოდოლოგიის საფუძველზე განხორციელდა. მონიტორინგის ფარგლებში შეფასდა არა მხოლოდ 2016-2017 წლების, არამაედ 2014-2015 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმების შესრულების ხარისხი.

ქვემოთ წარმოდგენილია სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და შესრულების ეტაპზე მონიტორინგის პროცესში იდენტიფიცირებული ძირითადი ტენდენციები:

სამოქმედო გეგმის შემუშავება, აღსრულება და კონტროლი

ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭო მისი მაღალი წარმომადგენლობის და ფართო კომპეტენციის მიუხედავად, არ იქცა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესების კოორდინირებისა და განხილვის ძირითად პლატფორმად.

პრობლემურია თემატური სამუშაო ჯგუფების მუშაობის საკითხი, რომელიც ასევე ნაკლებად ფუნქციონალურია. მეტიც, გეგმის აღსრულებისა და მისი მუდმივი მონიტორინგის მიზნებისათვის, საბჭოს ფარგლებში მხოლოდ ორი თემატური ჯგუფი ფუნქციონირებდა გენდერული თანასწორობისა და ბავშვთა უფლებების.

საპარლამენტო ზედამხედველობა სუსტია. არსებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ სამთავრობო გეგმის შესრულების ანგარიშის მოსმენა პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე ხდება, ისე რომ მას არ მოყვება პლენარულ სხდომაზე ანგარიშის განხილვა და არც რაიმე ტიპის ფინალური და აღსრულებადი დოკუმენტის მიღება პარლამენტის მხრიდან.

გეგმის შემუშავების პროცესი, მიუხედავად შეხვედრების დასახელებული ციკლისა, არ მოიცავდა სისტემურ და სტრუქტურულად ორგანიზებულ პროცესს, რაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მისცემდა პროცესში სათანადო ჩართვისა და მონაწილეობის შესაძლებლობას, რაც თავისმხრივ ზემოქმედებს სამოქმედო გეგმის ხარისხზე და მთელი პროცესის დელეგიტიმაციას განაპირობებს.

სამოქმედო გეგმის მონიტორინგის პროცესში დაბრკოლებას წარმოადგენდა გეგმის აღსრულების შესახებ ინფორმაციაზე წვდომა, რასაც განაპირობებდა ერთი მხრივ უწყებების მხრიდან გეგმის პროგრესის თაობაზე ინფორმაციის პერიოდული დაუმუშავებლობის პრობლემა და მეორე მხრივ, კანონით დადგენილ ვადებში ინფორმაციის მიღების სირთულე თუ მოწოდებული ინფორმაციის არასრულყოფილება ან ბუდნოვანება.

გეგმის მონიტორინგის პროცესმა გამოავლინა რომ უწყებები მუდმივ რეჟიმში არ ამუშავებენ ინფორმაციას გეგმის იმპლემენტაციის პროგრესის თაობაზე და ამგვარ დამუშავებას უზრუნველყოფენ წელიწადში ერთხელ, მხოლოდ სამდივნოსთან შუალედური და შემაჯამებელი ანგარიშგებისათვის მიზნებისთვის.

თავი I - სისხლის სამართლის მართლმსაჯულება

მიუხედავად იმისა, რომ 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საქმიანობების ნაწილის შესრულება არ მომხდარა, სამწუხაროდ 2016-2017 წლებში აღარ მომხდარა ისეთი მიმართულებების ასახვა, როგორიცაა შეჯიბრებითობის და თანასწორობის პრინციპის განმტკიცება და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რეფორმა.

სისხლის სამართლის მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული 13 აქტივობიდან 6 საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას ეხება. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ვადებში არათუ არც ერთის ინიცირება, არამედ მთავრობის მიერ დამტკიცებაც არ მომხდარა. საქმიანობები ეხებოდა შემდეგ საკითხებს:

  • ირიბი მტკიცებულების დასაშვებობის თაობაზე საკანონმდებლო რეგულაციების განმტკიცება;
  • დაზარალებულის უფლებების განმტკიცება/გაუმჯობესება;
  • სისხლის სამართლის კოდექსის სრული გადასინჯვა;
  • სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა;
  • ახალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ინიცირება;
  • ადმინისტრაციული პატიმრობის გაუქმება და ფულადი სახდელების ერთიანი სისტემის შექმნა.

თავი II - სამართლიანი სასამართლოს უფლება

სამთავრობო სამოქმედო გეგმის II თავი მთლიანობაში შესაბამისობაშია სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებთან და იგი ითვალისწინებს მთელ რიგ იმ საკითხებს, რომლებიც წლების განმავლობაში ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკის საგანს წარმოადგენდა.

2 წლიანი შესრულების ვადის მიუხედავად, კვლავ შეუსრულებელი რჩება ის საქმიანობები, რომელიც დღემდე მწვავე კრიტიკის საგანია როგორც ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. კერძოდ შეუსრულებელია:

  • მოსამართლეთა შერჩევის გამჭვირვალე და ობიექტური კრიტერიუმების პრაქტიკაში დანერგვა;
  • მოსამართლეთა დაწინაურების კრიტერიუმების შემუშავება;
  • მოსამართლეთა საქმიანობის პერიოდული შეფასების სისტემის დახვეწა;
  • მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების დახვეწა.

შეუსრულებელ აქტივობებზე პასუხისმგებელი მეტწილად იუსტიციის უმაღლესი საბჭოა.

თავი III - პროკურატურა

ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმით არ მომხდარა ისეთი აქტუალური საკითხების გათვალისწინება, როგორიცაა:

  • პროკურატურის საქმიანობის დამოუკიდებლობის გაზრდა;
  • ღია, გამჭირვალე და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული პროკურატურის სისტემის შექმნა;
  • ინდივიდუალური პროკურორების საქმიანობის დამოუკიდებლობის გაზრდა და ა.შ.
  • ზოგიერთი ძალიან მნიშვნელოვანი აქტივობა შესრულდა ნახევარზე ნაკლებად ან საერთოდ არ შესრულებულა, მათ შორისაა:
  • ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე ანგარიშის გამოქვეყნება;
  • პროკურორთა შეფასების სისტემის დანერგვა;
  • ეფექტური სისხლის სამართლის პოლიტიკის ჩამოყალიბების კუთხით გავრცელებულ დანაშაულთა ანალიზი და სხვა.

თავი IV - ადამიანის უფლებების დაცვა სასჯელაღსრულების სისტემაში

საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო და სხვა სახის ცვლილებები გარკვეულწილად აუმჯობესებს პატიმრების მდგომარეობას, თუმცა დასახული მიზნის - უნივერსალური და ევროპული სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემა - მისაღწევად კვლავ ბევრია გასაკეთებელი.

გადატვირთულობის პრევენციისკენ მიმართული ღონისძიებები ასევე უსისტემო ხასიათს ატარებს. არ არის გათვალისწინებული შესაბამისი ცვლილებების განხორციელება ნორმატიულ აქტებსა თუ პრაქტიკაში.

მისასალმებელია ინდივიდუალური მიდგომების, რისკის შეფასების და სხვა თანამედროვე მექანიზმების დანერგვა, თუმცა ეს პროცესი სერიოზული ხარვეზებით მიმდინარეობს - არ არის უზრუნველყოფილი მსჯავრდებულების ჩართვა შეფასებისა და გადაფასების პროცესში.

პრობლემურ საკითხია გასაჩივრების არსებული მექანიზმების ხელმისაწვდომობა, მათი ეფექტური ფუნქციონირება და დაუსჯელობისგან დაცვის უზრუნველყოფა. ეს პრობლემები, დიდწილად, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ღონისძიებების სიმცირეს უკავშირდება.

განსაკუთრებულ პრობლემად რჩება პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირთათვის შესაბამისი აქტივობებისა და სარეაბილიტაციო, დასაქმების თუ საგანმანათლებლო პროგრამების უზრუნველყოფის საკითხი, რაც დაკავშირებულია ერთიანი პოლიტიკის, უწყებათაშორისი კოორდინაციის არარსებობისა და სტრატეგიული დაგეგმვის ნაკლებობასთან.

პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის, თვითმკვლელობისა და თვითდაზიანებების შემთხვევების პრევენციისა და მათზე სათანადო რეაგირების მექანიზმების არარსებობა სისტემურ პრობლემად რჩება. მათი პრევენცია და მათზე ჯეროვანი რეაგირება სამომავლო დახვეწას და სისტემურ დანერგვას საჭიროებს.

თავი V- წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა

მიუხედავად საანგარიშო პერიოდში განხორციელებული რიგი საქმიანობებისა, მიზანი - არასათანადო მოპყრობის აღმოფხვრა და პრევენცია – ჯერ კიდევ მიუღწეველია უწყებების არაკოორდინირებული და უსისტემო მუშაობის, სამოქალაქო საზოგადოების დაბალი ჩართულობის და სხვა რიგი მიზეზების გამო.

სამთავრობო სამოქმედო გეგმის V თავი არ ან არასათანადოდ მოიცავს მთელ რიგ უმნიშვნელოვანეს საკითხებს, როგორებიცაა საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმის შექმნა, სრულყოფილი სტატისტიკის წარმოება, სხვადასხვა დახურულ დაწესებულებებში განთავსებულ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა და სხვა.

საანგარიშო პერიოდში არ განხორციელებულა არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის სამართლებრივი ბაზის ანალიზი, არ მიმდინარეობს არასათანადო მოპყრობის მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრაზე მუშაობა, რაც აუცილებელია მსხვერპლთა რეაბილიტაციის პროგრამის შესამუშავებლად; სასურველი იქნებოდა დახურული დაწესებულებების მოსამსახურეთათვის სპეციალური პროცედურების (ჩხრეკა, სპეცსაშუალებების/ძალის გამოყენება) დეტალური ინსტრუქციების/პროტოკოლების შემუშავებაც.

დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის კონცეფცია, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ, სამოქალაქო საზოგადოებისთვის დახურული შემუშავების პროცესის შედეგად წარმოადგინა, ინსტიტუციურად გაუმართავია, არ მოიცავს დევნის უფლებამოსილებას, შესაბამისად, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მისი ამოქმედებით არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიება გაუმჯობესდება.

დადებითად უნდა აღინიშნოს საანგარიშო პერიოდში შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული, უნივერსალურ და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი, დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებულ პირთა სამედიცინო მომსახურების ინსტრუქცია, ისევე, როგორც “სტამბოლის პროტოკოლის” შესაბამისი დაზიანებების აღწერის ფორმების შემუშავება. მომავალში საჭირო იქნება აღნიშნული დოკუმენტების პრაქტიკაში დანერგვის ღონისძიებების გატარებაც.

თავი VIII- გამოხატვის თავისუფლება

ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის მე-8 თავით, რაც ეხება გამოხატვის თავისუფლებას, არ შესრულებულა შემდეგი აქტივობები:

  • ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების დანაშაული ამ დრომდე არ არის გამოძიებული;
  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (ჟურნალისტურ საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლა) კვალიფიკაცია არ ეძლევა 2009 წლის 15 ივნისს თბილისის მთავრი სამმართველოს შენობის წინ აქციის დაშლისას ტელეკომპანია ,,მაესტროს” ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ ქმედებებს;
  • ამ დრომდე არ მომხდარა გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის, მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გადასინჯვა;
  • საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არ გადაუდგამს ნაბიჯები მის მიერ მომზადებული ,,ინფორმაციის თავისუფლების შესახებ” კანონპროექტის ინიცირებისათის.

თავი IX - შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება

ორწლიანი ვადის გასვლის მიუხედავად, არ შესრულებულა ადამიანის უფლებების სამქომედო გეგმით გათვალიწინებული შემდეგი აქტივობები:

  • საქართველოს მთავრობას არ მოუმზადებია კანონპროექტი, სადაც გათვალისწინებული იქნებოდა მცირერიცხოვანი დემონსტრანტების მიერ გზის სავალ ნაწილზე გონივრული დროით შეკრების ჩატარების შესაძლებლობა;
  • საქართველოს კანონმდებლობა კვლავაც არ ითვალისწინებს წინასწარი გაფრთხილების გარეშე სპონტანური შეკრების ჩატარების შესაძლებლობას;

სამოქმედო გეგმა არ ითვალისწინებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა:

  • პოლიციის ვალდებულებას შეკრების მონაწილესთან კომუნიკაციის მთელი პერიოდის სამხრე კამერაზე ჩაწერას, რაც იქნება მტკიცებულებად გამოყენებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) გათვალისწინებული სამართალდარღვევის სასამართლოში განხილვისას;
  • სამოქმედო გეგმა არ ითვალისწინებს შეკრების უფლების ხელყოფის შემთხვევაში დისციპლინური და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამოყენებას, ძირითადად ფოკუსირებულია გამოძიებასა და სისხლისსამართლებრივ დევნაზე.

თავი XI - რელიგიური უმცირესობების დაცვა

რელიგიის თავისუფლების კუთხით მდგომარეობა ქვეყანაში არსებითად არ გაუმჯობესებულა. გეგმის შესრულების მონიტორინგის შედეგები აჩვენებს, რომ გაწერილი საქმიანობების შესრულება მეტწილად ფრაგმენტულ ხასიათს ატარებდა.

რელიგიის თავისუფლების დაცვის სფეროში მთავრობის მიერ სპეციალური უწყების - სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, შექმნის მიუხედავად, რომელიც პრემიერ-მინისტრის პირდაპირი დავქემდებარების ქვეშ მოქმედებს, მის საქმიანობას უფლებრივი მდგომარეობის და პოლიტიკის ხელშესახები ცვლილება არ მოყოლია. მეტიც, რელიგიური ორგანიზაციების ნაწილი უთითებს უწყების მხრიდან რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობაში ინტერვენციისა და შესაძლო კონტროლის ნიშნებზე, რაც ყველაზე აშკარად მუსლიმური ორგანიზაციების შემთხვევაში ჩანს.

ამ დრომდე არ გადაჭრილა კანონმდებლობაში (მათ შორის, საგადასახადო კოდექსი, სახელმწიფო ქონების შესახებ კანონი, ბიუჯეტის შესახებ კანონი, მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის (#117) დადგენილება, რომელიც ოთხი რელიგიური ორგანიზაციის დაფინანსებას აწესრიგებს) დისკრიმინაციული ჩანაწერების პრობლემა,, რომელიც არადომინანტი რელიგიური ჯგუფებისთვის ასიმენტრიულ სამართლებრივ და ინსტიტუციურ გარემოს ქმნის. კვლავ გამოწვევად რჩება არადომინანტი რელიგიური გაერთიანებების მიმართ საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული საკულტო-ნაგებობების რესიტიტუციის პოლიტიკის არ არსებობის საკითხი. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ არასადავო საკულტო ნაგებობების დროებითი სარგებლობის უფლებით გადაცემა სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებებისთვის ცხადია, რესტიტუციად არ შეიძლება შეფასდეს. მნიშვნელოვანი გამოწვევები ფიქსირდება საკულტო ნაგებობების მშენებლობის მიმართულებითაც. მუსლიმი თემს ბათუმის მერიამ დისკრიმინაციული უარი განუცხადა მშენებლობის ნებართვის გაცემაზე, რის თაობაზეც ამ დრომდე დავა მიმდინარეობს სასამართლოში და ადგილობრივმა ხელისუფლებამ სამართლიანი მოლაპარაკების პირობები ვერ შეთავაზა ქართველი მუსლიმების თვითორგანიზებულ ჯგუფს. ხაზი უნდა გაესვას საანგარიშო პერიოდში უფლებების დარღვევის სერიოზულ და ტიპიურ შემთხვევებს, მათ შორის, ე.წ. მოხის კომისიის არაეფექტიანი საქმიანობა, თანდოიანცის სომხური ეკლესიის თვითნებური გადაცემა საქართველოს საპატრიარქოსთვის, იმამ ალის მეჩეთის გადაცემა არასათანადო რელიგიური ორგანიზაციისთვის, სოფელი ყარაჯალასა და სოფელი მოხის სკოლებში მუსლიმი გოგონების უფლების შეზღუდვის ფაქტები, რომელსაც სახელმწიფომ სათანადოდ არ უპასუხა, რაც გეგმით გათვალისწინებული მიზნების შესრულების სისტემურ ხარვეზებსა და შესაძლო ფორმალურობაზე უთითებს.

საანგარიშო პერიოდში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის ინსტიტუციონალიზებისა და პოზიტიური ცვლილებების ტენდენცია ჩანს, რაც დაადებითად უნდა შეფასდეს. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის შექმნა. ასევე დადებითად უნდა შეფასდეს, საჯარო სამსახურის ეთიკის მარეგულირებელ ნორმებში რელიგიური ნეიტრალიტეტის ექსპლიციტური ასახვის და ამ მიმართულებით საჯარო სამსახურში დაგეგმილი ტრენინგების ციკლი.

XII თავი - ბავშვთა უფლებები

სამთავრობო სამოქმედო გეგმით ბავშვის უფლებების დაცვის მიზნით გასატარებელი ვალდებულებები სრულად ვერ პასუხობს ქვეყანაში ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ ძირითად გამოწვევებს ან ნაწილობრივ პასუხობს მას. გეგმაში არ გვხვდება ჩანაწერი ე.წ. ჩრდილოვან ბავშვთა სახლებში მცხოვრები არასრულწლოვანების, რეინტეგრაციის სახელმწიფო ქვეპროგრამის, ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების შესახებ.

გეგმით გათვალისწინებული ცალკეული მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც დაკავშირებული იყო პრობლემის სისტემურ მოგვარებასთან, არ შესრულებულა. არ მომხდარა სკოლამდელი განათლების ინფრასტრუქტურის მოწყობის შესახებ დოკუმენტის მიღება, ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების შესაბამისი განმარტების შემუშავება და საინფორმაციო სისტემის განვითარება, ბავშვთა მიმართ ძალადობის, მათ შორის სექსუალური ძალადობის იდენტიფიცირებისა და პრევენციის მეთოდების შესწავლა მათი შემდგომი დანერგვის მიზნით.

ხშირად გეგმით დასახული ამოცანა შესრულებულად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ ის ვერ ახდენს პრობლემის ფუნდამენტური გადაჭრის შესაძლებლობას. არსებითად არ გაუმჯობესებულა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა, კვლავ აქტუალურია ბავშვთა სიკვდილიანობის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისათვის ხარისხიანი ზოგადი განათლების მიწოდება, განსაკუთრებით კი სოფლებში და მაღალმთიან რეგიონებში, ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობის იდენტიფიცირების, რეაგირებისა და ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციის საკითხები.

XIII თავი - გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება

გეგმის მიღმა არის დარჩენილი რიგი მწვავე საკითხები. სამოქმედო გეგმა არ შეიცავს ჩანაწერს დროებითი ზომების შესახებ, რომელიც ემსახურება ქალების თანაბარი მონაწილეობის დაჩქარებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და სხვა სფეროებში. საქმიანობები შემოიფარგლება უმეტესად ანალიზისა და კვლევების ჩატარებით. აღნიშნული კი, არ არის საკმარისი ქალებისა და მამაკაცებისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად. კვლავ პრობლემად რჩება შრომით ურთიერთობებში არსებული დისკრიმინაციული მიდგომა. სამოქმედო გეგმა არ ითვალისწინებს სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო რეგულირებას, ქალთა აუნაზღაურებელი შრომისა და უთანასწორო ანაზღაურების საკითხს.

გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებს უმეტესად აქვთ დასრულებულის/შესრულებულის სტატუსი, თუმცა მხოლოდ წარმოდგენილი აქტივობების შესრულება ვერ უზრუნველყოფს სამოქმედო გეგმის მიზნების განხორციელებას და გენდერული თანასწორობის მიღწევას.

ლგბტ პირთა უფლებრივი მდგომარეობა

2016-2017 წწ. ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა, ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის უკიდურესად მცირე მიზნებს, ამოცანებსა და საქმიანობებს შეიცავს. გამომდინარე იქიდან, რომ განსახილველი საკითხი არ არის განთავსებული ერთ კონკრეტულ თავში და მთელ სამოქმედო გეგმაშია ჩაშლილი, მნიშვნელოვანი იყო, რომ ყოველი კონკრეტული აქტივობის განხორციელებისას გათვალისწინებული ყოფილიყო ლგბტი პირთა საჭიროებები, რადგან რიგ შემთხვევებში გეგმის მიერ დასახული ამოცანის სრულად მიღწევა შეუძლებელია იმ შემთხვევაში, თუ აქტივობით დაფარული არ იქნება დასახელებულ პირთა წრეც, თუმცა გეგმის პრაქტიკულად შესრულებისას აღნიშნული არ მომხდარა, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებს უმეტესად აქვთ დასრულებულის/შესრულებულის სტატუსი, აღნიშნული აქტივობები ვერ აუმჯობესებენ ქვეყანაში ლგბტ პირთა უფლებრივ მდგომარეობას.

ამასთანავე, სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებული არ ყოფილა ის ძირითადი გამოწვევები, როგორებიცაა გენდერის სამართლებრივად აღიარება, ტრანსსპეციფიკური ჯანმრთელობის დაცვის პროცედურებისა და ინტერსექსი ბავშვების სქესის ნორმალიზების სამედიცინო პროცედურების რეგულირება, შევიწროება - როგორც დისკრიმინაციის ფორმა, მსმ პატიმრების მდგომარეობის განსაზღვრა, ლგბტი პირების მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხანგრძლივი და საოჯახო პაემნების გამოყენება და სხვ. აღსანიშნავია, რომ ლგბტი თემთან მიმართებით სამოქმედო გეგმის ძირითად პრობლემას წარმოადგენს დასახელებულ პირთა უფლებების დასაცავად აუცილებელი და გადამწყვეტი საკითხების გაუთვალისწინებლობა. უცნობია რამდენად დაფარავს დასახელებულ საკითხებს 2018-2020 წლის სამოქმედო გეგმა, იქიდან გამომდინარე რომ გენდერული იდენტობისა და თანასწორობის თავი ჯერ არ გამოქვეყნებულა.

XIX თავი - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები

გეგმით გათვალისწინებული ცალკეული ფუნდამენტური ამოცანები/საქმიანობები, როგორიცაა გაეროს კონვენციის ამოქმედებისათვის შესაბამისი ინსტიტუციური ჩარჩოს შექმნა, ფუნდამენტური საკანონმდებლო აქტების რევიზიასთან დაკავშირებული საქმიანობები და შეფასების სოციალური მოდელის მომზადება/პილოტირება არ შესრულებულა.

ცალკეულ მიმართულებებში როგორიცაა, დასაქმების პოლიტიკა, პროფესიული განათლების დანერგვა, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა, სკოლამდელი განათლების ინსტიტუციური ჩარჩოს შექმნა, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის გაზრდა ფიქსირდება გარკვეული პროგრესი, თუმცა, ცალკეულ შემთხვევაში არასაკმარი - მითითებული საქმიანობების შესრულებულად მიჩნევისათვის.

სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ინსტრუმენტების არარსებობიდან გამომდინარე შეუძლებელია განხორციელებული აქტივობების ზუსტი ზეგავლენის შეფასება უფლებრივი მდგომარების არაერთ სფეროზე, თუმცა, 2017 წლისათვის, კერძოდ, გეგმის დასრულების დროისათვის არსებული ზოგადი მაჩვენებლები ადასტურებს რომ არაერთი ფუნდამენტური გამოწვევა კვლავ სახეზეა და ისევ დაბალი რჩება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობა შრომის ბაზარზე, ზოგადი და პროფესიული განათლების სისტემაში, სოციალურ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში.

აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავაშლი მონიტორინგში ჩართული ორგანიზაციების მიერ იგეგმება კვირეულის მოწყობა, სადაც უფრო ვრცლად შეფასდება თითოეული მიმართულებით არსებული სახელმწიფო პოლიტიკა, პასუხისმგებელი უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებები და სამოქმედო გეგმის შესრულების პროგრესი.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG);

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;

კავშირი საფარი;

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR);

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD).

მონიტორინგის ანგარიშების მომზადება, ასევე ადვოკატირების ღონისძიებების ჩატარება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით, აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის - “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) და ფონდის “ღია საზოგადოება-საქართველო” მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების ფარგლებში, რომლის მიზანია ადამიანის უფლებათა დაცვის 2016-2017 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესის მონიტორინგისა და სამოქალაქო ზედამხედველობის გაძლიერება. ანგარიშების შინაარსზე პასუხისმგებელი არიან ავტორი ორგანიზაციები. იგი არ წარმოადგენს ამერიკის მთავრობის ოფიციალურ მოსაზრებას და არ ასახავს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის, ან ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ შეხედულებებს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“