[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობის გაჩერებას ემსახურება 

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის, რაჟდენ კუპრაშვილის, გადაწყვეტილებები ორგანიზაციების “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”[1] და “აირჩიე ევროპა”,[2] ასევე, მათი ხელმძღვანელი პირების განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადების შესახებ უკანონო და რეპრესიულია. ის წარმოადგენს რუსული კანონის გაგრძელებას და ემსახურება ერთადერთ მიზანს - წინასაარჩევნოდ გააჩეროს სამოქალაქო საზოგადოება და არ დაუშვას მათ მიერ დამოუკიდებელი და ობიექტური დაკვირვება კენჭისყრის პროცესზე.

2024 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით, რაჟდენ კუპრაშვილმა ორგანიზაციები და მისი ხელმძღვანელი პირები პოლიტიკური პარტიების მარეგულირებელ კანონმდებლობას დაუქვემდებარა, რაც ითვალისწინებს შეზღუდვების დაწესებას მათ საქმიანობასა და ფინანსების განკარგვაზე. ამ გადაწყვეტილებით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ვერ შეძლებს თავისი სახელით დააკვირდეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს.

რაჟდენ კუპრაშვილის გადაწყვეტილების უკანონობასა და დაუსაბუთებლობას მოწმობს თავად საქართველოს კანონმდებლობა, რომელიც განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად მოიაზრებს იმ პირს, რომელსაც არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლა სურს და ამის შესახებ საჯაროდ აქვს გაცხადებული.[3] ანტიკორუფციული ბიუროს განმარტებით, გადაწყვეტილების საფუძველი ორგანიზაციისა და მისი ხელმძღვანელის მიერ გაკეთებული რამდენიმე განცხადება და ფეისბუქ პოსტია, რომლებიც მიმართულია კონკრეტული პარტიის, "ქართული ოცნების” წინააღმდეგ.[4]

მსგავსი განმარტებით, ყველა მოქალაქე თუ ორგანიზაცია, რომელიც, მმართველი პარტიის წინააღმდეგ ხმის მიცემისკენ მოუწოდებს მოქალაქეებს სხვა სუბიექტების მხარდაჭერის გარეშე, განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტია, მას აქვს არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი და ის გაიგივებულია პოლიტიკურ პარტიასთან. ამგვარი განმარტებით, კერძო პირის მიერ გაჟღერებული შეფასების გამო, კონტროლს და შეზღუდვებს ექვემდებარება არამხოლოდ თავად ეს პირი, არამედ ორგანიზაციაც, რომელთანაც ის არის აფილირებული. ანტიკორუფციული ბიუროს ეს გადაწყვეტილება ცენზურას უწესებს ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, მათ შორის მედია-საშუალებებს და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს.

შეუძლებელია ანტიკორუფციული ბიუროს მსგავსმა გადაწყვეტილებამ არ შეგვახსენოს 12 წლის წინანდელი მოვლენები, როდესაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მაშინდელი ხელისუფლება პოლიტიკური პარტიების ფინანსურ მონიტორინგზე პასუხისმგებელ, აუდიტის სამსახურს, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების გასაჩერებლად იყენებდა. მიუხედავად ხელისუფლების რეპრესიებისა, 2012 წელს სამოქალაქო საზოგადოებამ შეძლო მოქალაქეების ხმის დაცვა.

რაჟდენ კუპრაშვილის გადაწყვეტილებით საფრთხე ექმნება არა მხოლოდ გამოხატვის თავისუფლებას, რაც არის დემოკრატიის და თავისუფალი საზოგადოების ბაზისური ელემენტი, არამედ ზოგადად სამართლებრივი სახელმწიფოს ცნებას, რადგან კანონის ამგვარად უხეში ინტერპრეტაცია და მისი გამოყენება კრიტიკული აზრის ჩასახშობად საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სამართლებრივ სტაბილურობას და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს. გადაწყვეტილების დამაზიანებელი ეფექტი კიდევ უფრო იზრდება იმ ფონზე, რომ მისი ადრესატები არიან სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო ართულებს არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში წარმართვას.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის 2024 წლის 24 სექტემბრის 03/028-24 გადაწყვეტილება, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/qeI1fHs3, ბოლო წვდომა: 01.10.2024.

[2] ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის 2024 წლის 24 სექტემბრის 03/029-24 გადაწყვეტილება, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/ceI1dopt, ბოლო წვდომა: 01.10.2024.

[3] საქართველოს ორგანული კანონი “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ”, 7 პრიმა მუხლი.

[4] ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის 2024 წლის 24 სექტემბრის 03/028-24 გადაწყვეტილება, გვ. 10, პარაგრაფი 30, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/qeI1fHs3, ბოლო წვდომა: 01.10.2024.

 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“