[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური სამართლიანობა / განცხადება

ამირან კვირიკაშვილის ოჯახს სოციალური დახმარების დანიშვნაზე სახელმწიფომ კვლავ უარი განუცხადა

2017 წლის 4 ნოემბერს, ხარაგაულში მცხოვრებმა ამირან კვირიკაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თვითმკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, გარდაცვლილი ხარაგაულის პოლიციის განყოფილებაში რამდენიმე საათიან “გამოკითხვაზე” იმყოფებოდა. ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეზობლების განცხადებით, თვითმკვლელობის ფაქტი სწორედ პოლიციის მხრიდან ზეწოლას და დაშინებას უკავშირდება. თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება თითქმის 7 თვეა გრძელდება, თუმცა გამოძიებას ამ დრომდე არ აქვს კონკრეტული შედეგი და არ ყავს იდენტიფიცირებული საქმეში ბრალდებული პოლიციელები.

ამირან კვირიკაშვილის თვითმკვლელობა კვირიკაშვილების ოჯახისათვის საარსებო შემწეობის გადახედვის და საბოლოო ჯამში, შეწყვეტის საფუძველი გახდა. ოჯახის წევრის გარდაცვალებამდე კვირიკაშვილების ოჯახი რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა 44 950-ს შეადგენდა.  ამის საფუძველზე ოჯახი იღებდა სოციალურ დახმარებას 310 ლარის ოდენობით. დემოგრაფიული ცვლილების გამო (ოჯახის წევრის გარდაცვალება), ოჯახის შემოწმების შემდგომ, ყოველგვარი მნიშვნელოვანი და არსებითი ეკონომიკური გაუმჯობესების გარეშე, მათი სარეიტინგო ქულა 70 360 ქულით განისაზღვრა, რაც გახდა ოჯახის საარსებო შემწეობის შეწყვეტის საფუძველი. ოჯახს შეუნარჩუნდა მხოლოდ 10 ლარიანი ყოველთვიური შემწეობა, არასრულწლოვანი წევრის სოციალური დაცვის მიზნით.

ოჯახისთვის სოციალური დახმარების შეწყვეტის გადაწყვეტილება, დეკლარაციაში აღწერილი მნიშვნელოვანი უზუსტობების საფუძველზე, EMC-იმ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გაასაჩივრა. შედეგად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით კვირიკაშვილების ოჯახის სოციალური მდგომარეობა განმეორებით შემოწმდა. მიუხედავად იმისა, რომ ამირან კვირიკაშვილის გარდაცვალების შემდეგ, ოჯახის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა ფაქტობრივად უცვლელია, 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა 109 960 ქულით შეფასდა, რაც ოჯახისათვის არათუ საარსებო შემწეობის დანიშვნის, არამედ მხარდაჭერის მიზნით გასაცემი 10 ლარის შეწყვეტის საფუძველიც კი გახდა. ამდენად, დღეს კვირიკაშვილების ოჯახი, რომელიც არასრულწლოვანთან ერთად, უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობს, დარჩენილია ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე სახელმწიფოს მხრიდან. კვირიკაშვილებს ოჯახს არ აქვს პასუხი, რა გახდა მათთვის სოციალური დახმარების შეწყვეტის საფუძველი, მაშინ როდესაც მათი ცხოვრების პირობები და მატერიალური მდგომარეობა უცვლელია. 

აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს იმ სისტემურ პრობლემებს, რაც სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ეროვნული ბაზის ფორმირებასა და ადმინისტრირების პროცესს ახლავს. არსებული სამართლებრივი მოწესრიგების პირობებში, ოჯახის საარსებო შემწეობის დანიშვნის საჭიროების განსაზღვრა და სარეიტინგო ქულის გამოთვლა ხდება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეთოდოლოგიის საფუძველზე,[1] დადგენილი ფორმულის მიხედვით, თუმცა, პრობლემურია, რომ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემოწმებისა და მისთვის სარეიტინგო ქულის განსაზღვრის კანონიერების შემოწმების შესაძლებლობას პრაქტიკულად მოკლებულია სასამართლო ხელისუფლება. სოციალური მომსახურების სააგენტო საარსებო შემწეობის დანიშვნის გადაწყვეტილების მიღებისას ეყრდნობა გამოანგარიშებული ქულის უტყუარობის პრეზუმფციას, ორგანო არ ასაბუთებს და ვერ ხსნის რატომ მიენიჭა კონკრეტული ქულა შეფასებულ ოჯახს. ავტომატურად დაანაგრიშებული ქულა კი სოციალური დახმარების მინიჭებაზე სამართლებრივი გადაწყვეტილების ერთადერთი საფუძველია. სასამართლო მოკლებულია ყოველგვარ შესაძლებლობას შეაფასოს გამოთვლილი ქულის კანონიერება, რაც ჯეროვანი და სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობისათვის მთავარი დამაბრკოლებელი ბარიერია. სახელმწიფოს მხრიდან, სოციალური დახმარების გაცემის ასეთი ავტომატიზებული და პრაქტიკულად უკონტროლო სისტემა, არაერთ ოჯახს დაუსაბუთებლად და უსამართლოდ ტოვებს ყოველგვარი სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე.  

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“