საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ავტორი: ანიბალ კიხანო
მთარგმნელი: თემო ბეჟანიძე
ის, რასაც უწოდებენ გლობალიზაციას, წარმოადგენს კულმინაციას პროცესისა, რომელიც დაიწყო ამერიკის შექმნით და გლობალური ძალაუფლების ახალი ფორმის – კოლონიური/მოდერნული ევროცენტრული კაპიტალიზმის ჩამოყალიბებით. ამ ძალაუფლების მოდელის ერთ-ერთი ძირითადი ღერძია მსოფლიოს მოსახლეობის რასობრივი ნიშნით კლასიფიკაცია, რაც წარმოადგენს გონებრივ კონსტრუქციას, გამოხატავს კოლონიური დომინაციის ძირითად გამოცდილებას და ვრცელდება გლობალური ძალაუფლების გაცილებით მნიშვნელოვან განზომილებებზე, მათ შორის, მისთვის თავისებურ ისეთ რაციონალობაზე, როგორიცაა ევროცენტრიზმი. რასობრივ ღერძს კოლონიური საფუძვლები და მახასიათებლები აქვს, მაგრამ ის უფრო ხანგრძლივი და სტაბილური აღმოჩნდა, ვიდრე კოლონიალიზმი, რომლის წიაღშიც წარმოიშვა. შესაბამისად, ძალაუფლების მოდელი, რომელიც დღესდღეობით გლობალურად ჰეგემონიურია, თავის თავში გულისხმობს კოლონიურობის ელემენტს. შემდგომში ჩემი ძირითადი მიზანია, დავსვა თეორიული კითხვები კოლონიური ძალაუფლების მნიშვნელობის შესახებ ლათინური ამერიკის ისტორიისათვის. [1]
ამერიკა და გლობალური ძალაუფლების ახალი მოდელი
გლობალური ძალაუფლების ახალი მოდელისთვის ამერიკა[2] იქცა პირველ სივრცედ/დროდ და, ასე და ამგვარად, ის მოდერნულობის პირველი განმსაზღვრელი გახდა. ამ სივრცისა და დროის წარმოქმნასთან დაკავშირებული ორი ისტორიული პროცესი გადაიკვეთა და წარმოქმნა ძალაუფლების ახალი მოდელის ორი ფუნდამენტური ღერძი. ერთ-ერთი ღერძი იყო დამპყრობლებსა და დაპყრობილებს შორის განსხვავების რასობრივად დახარისხება, ანუ განსხვავებული ბიოლოგიური სტრუქტურის მიხედვით, რაც ბუნებრივად წარმოაჩენდა კაცობრიობის ერთი ნაწილის დაქვემდებარებულ მდგომარეობას. დამპყრობლებისთვის ეს იდეა გახდა მბრძანებლური ურთიერთობის საკვანძო შემადგენელი ელემენტი. აქედან გამომდინარე, ამერიკის მოსახლეობა, და მოგვიანებით მთელი მსოფლიო, მოექცა ძალაუფლების ახალი მოდელის კლასიფიკაციის ფარგლებში. მეორე პროცესი უკავშირდებოდა შრომის, მისი რესურსებისა და პროდუქტების კონტროლის ახალი სტრუქტურის წარმოქმნას. ეს უკანასკნელი იყო ისტორიულად უკვე ცნობილი ისეთი კონტროლის სტრუქტურების არტიკულირება, როგორებიცაა კაპიტალსა და მსოფლიო ბაზარზე დაფუძნებული შრომა, მონობა, ბატონყმობა, მცირე დამოუკიდებელი სასაქონლო წარმოება და ნაცვალგება .[3]
რასა: მოდერნულობის გონებრივი კატეგორია
რასის იდეა, თავისი თანამედროვე გაგებით, ამერიკის კოლონიზაციამდე ისტორიულად ცნობილი არ ყოფილა. შესაძლოა, ის წარმოიშვა კოლონიზატორებსა და კოლონიზებულებს შორის არსებულ გარეგნულ განსხვავებებთან მიმართებაში,[4] თუმცა ყურადსაღებია, რომ მალევე გახდა ამ ჯგუფებს შორის განსხვავებული ბიოლოგიური სტრუქტურების აღმნიშვნელი.
რასის იდეაზე დაფუძნებულმა სოციალურმა ურთიერთობებმა ამერიკაში ახალი სოციალური იდენტობები წარმოშვა (ინდიელები, შავკანიანები, მეტისები და სხვები). ტერმინებმა, როგორიცაა „ესპანელი“ და „პორტუგალიელი“ ან უფრო მოგვიანებით „ევროპელი“, რომლებიც მანამდე მხოლოდ გეოგრაფიულ წარმოშობაზე ან წარმოშობის სივრცეზე მიუთითებდა, მიიღეს რასობრივი დატვირთვა ახალ იდენტობებთან მიმართებაში. რამდენადაც არსებულ სოციალურ ურთიერთობებს ჰქონდა იერარქიული სახე, მოსალოდნელი იყო, რომ ახალი იდენტობებიც ამ იერარქიებს დაეფუძნებოდნენ, წარმოქმნიდნენ შესაბამის სოციალურ როლებს და ამით, ხელს შეუწყობდნენ მმართველობის კოლონიური მოდელის შენარჩუნებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რასა და რასობრივი იდენტობა სოციალური კლასიფიკაციის ძირითადი ინსტრუმენტები გახდა.
დროთა განმავლობაში, დაქვემდებარებულებისგან გასამიჯნავად, კოლონიზატორებმა კანის ფერი რასობრივი განსხვავების მთავარ კატეგორიად აქციეს. ეს კატეგორია თავდაპირველად წარმოიშვა ანგლოამერიკულ სივრცეში, სადაც შავკანიანები წარმოადგენდნენ, ერთი მხრივ, ყველაზე მსხვილ ექსპლუატირებულ ჯგუფს, რადგან ეკონომიკის ძირითადი ნაწილი მათ შრომაზე იყო დამოკიდებული, მეორე მხრივ კი, ყველაზე მსხვილ კოლონიზებულ რასასაც, მას შემდეგ, რაც ინდიელები აღარ წარმოადგენდნენ კოლონიზებული საზოგადოების ნაწილს. აქედან გამომდინარე, დომინანტი ჯგუფების მიერ თავის „თეთრთან“ გაიგივება კავშირშია რასობრივ კლასიფიკაციასთან.[5]
ამერიკაში რასის იდეის გამოყენება ლეგიტიმაციას ანიჭებდა დაპყრობის გზით დამყარებულ იერარქიულ ურთიერთობებს. ამერიკის კოლონიზაციისა და მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში ევროპული კოლონიალიზმის გაფართოების შემდეგ ევროპის, როგორც ახალი იდენტობის ჩამოყალიბებისთვის საჭირო იყო ცოდნის დამუშავება ევროცენტრული პერსპექტივით. ეს პერსპექტივა კი გულისხმობდა თეორიების იმგვარად დამუშავებას, რაც ევროპელებსა და არაევროპელებს შორის კოლონიურ (იერარქიულ) ურთიერთობებს გააბუნებრივებდა რასის იდეის საფუძველზე. რაც ისტორიულად ნიშნავდა დომინანტებსა და დაქვემდებარებულებს შორის იერარქიული ურთიერთობების პრაქტიკისა თუ უკვე არსებული იდეების ლეგიტიმაციისთვის ახალი ფორმის პოვნას. მეთექვსმეტე საუკუნიდან მოყოლებული, ეს პრინციპი სოციალური იერარქიის ყველაზე ეფექტიანი და ხანგრძლივმოქმედი ინსტრუმენტი აღმოჩნდა, ვინაიდან მანამდე არსებული პრინციპი – გენდერული ან ინტერსექსუალური დომინაცია – ჩანაცვლდა რასობრივი კლასიფიკაციით. ამრიგად, ხალხის დაქვემდებარება გახდა ბუნებრივი, რის შედეგადაც, მათი გარეგნული განმსაზღვრელები ისევე, როგორც კულტურული მახასიათებლები, მოექცა იერარქიულად დაბლა მდგომ პოზიციაში.[6] ამგვარად, საზოგადოების ახალ ძალაუფლებრივ სტრუქტურაში რასა გახდა ფუნდამენტური კრიტერიუმი, რაც აფუძნებდა მსოფლიო მოსახლეობის დაყოფას კატეგორიების, ადგილებისა და როლების მიხედვით.
ტექსტი სრულად იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.
პუბლიკაცია ქვეყნდება პროექტის „სოციალური სამართლიანობა კრიზისის დროს“ ფარგლებში, რომელიც Open Society Foundations-ის მხარდაჭერით ხორციელდება.
[i] ძალაუფლების კოლონიალობის კონცეფციის შესახებ, იხილეთ Quijano 1992a.
[ii] მიუხედავად აშშ-ის იმპერიალისტური ხედვისა, ტერმინი „ამერიკა“ ამ ქვეყნისთვის მხოლოდ და მხოლოდ კიდევ ერთი სახელწოდებაა, დღეს მისი ტერიტორია გადაჭიმულია ჩრდილოეთით ალასკიდან სამხრეთით კეიპ ჰორნამდე, კარიბის ზღვის არქიპელაგის ჩათვლით. მაგრამ 1492 წლიდან 1610 წლამდე ამერიკა ექსკლუზიურად იბერიულ (ესპანური პორტუგალიის) კოლონიურ ბატონობას დაქვემდებარებულ დრო/სივრცედ განიხილებოდა. რაც მოიცავდა ჩრდილოეთ საზღვარზე, კალიფორნიას, ტექსასს, ნიუ-მექსიკოს, ფლორიდას (მეცხრამეტე საუკუნეში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიპყრო), ესპანურენოვანი კარიბის ზღვის არეალი, კეიპ ჰორნამდე სამხრეთით – უხეშად რომ ვთქვათ, ლათინური ამერიკის დღევანდელ დრო/სივრცეს. ევროცენტრული, კაპიტალისტური, კოლონიური/თანამედროვე ძალაუფლება წარმოიშვა იმ დროსა და იმ სივრცეში. ასე რომ, დღეს ამერიკა ძალიან ჰეტეროგენული სამყაროა ძალაუფლებისა და კულტურის თვალსაზრისით და აღწერილობითი მიზნებისთვის ამერიკით მოხსენიება უფრო შესაფერისია, მსოფლიო ძალაუფლების იმ სპეციფიკური პატერნის ისტორიასთან დაკავშირებით, რომელზეც აქ წარიმართა მსჯელობა, „ამერიკა“ კვლავაც არის შესაფერისი სახელწოდება.
[iii] იხილეთ Quijano და Wallerstein 1992.
[iv] ამ კითხვასთან და ასევე ამერიკამდე, რასის შესაძლო წინაპრებთან დაკავშირებით, იხილეთ Quijano 1992b.
[v] „კანის ფერის“ კატეგორიის გამოგონება – რასის პირველი, ყველაზე თვალსაჩინო ნიშანი და მოგვიანებით, როგორც მისი ეკვივალენტი – ისევე როგორც კონკრეტული კატეგორიის –„თეთრკანიანთა“ გამოგონება, მაინც მოითხოვს უფრო ამომწურავ ისტორიულ გამოძიებას. ყველა შემთხვევაში, შესაძლოა, ეს ანგლოამერიკული გამოგონებები ყოფილიყო, რადგან არ არსებობს ამ კატეგორიების არსებობის კვალი ქრონიკებსა და სხვა დოკუმენტებში, ამერიკაში იბერიული კოლონიალიზმის ასი წლის განმავლობაში. ანგლო-ამერიკის შემთხვევაში ამასთან დაკავშირებით ვრცელი ბიბლიოგრაფია არსებობს. Allen 1994 და Jacobson 1998 აქვთ ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევრები მოცემულ თემაზე. პრობლემა ისაა, რომ ეს განმარტება არ ითვალისწინებს იმას, თუ რა მოხდა იბერიულ ამერიკაში. ამ ელიზიის გამო, ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია ამ კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით რეგიონში. ამიტომ, ეს ჯერ კიდევ ღია საკითხია. საინტერესოა ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი, ვინც მომავალში „ევროპელები“ იქნებოდნენ, რომის იმპერიის დროიდან მათ მომავალ „აფრიკელებს“, უწოდებდნენ, ასევე მოიქცნენ იბერიელები, რომლებიც მეტ-ნაკლებად იცნობდნენ აფრიკელებს გაცილებით ადრე ამერიკის დაპყრობამდე, მაგრამ არასოდეს არ განიხილავდნენ მათ რასობრივი ჭრილიდან. სინამდვილეში, რასა, როგორც კატეგორია პირველად ინდიელების და არა შავკანიანების მიმართ გამოიყენეს. ამგვარად, რასა, როგორც ჩანს, მოსახლეობის სოციალური კლასიფიკაციის ისტორიაში გაცილებით ადრე გაჩნდა, ვიდრე კანის ფერი.
[vi] რასის იდეა პირდაპირი მნიშვნელობით გამოგონებაა. მას არაფერი აქვს საერთო ადამიანის სახეობის ბიოლოგიურ სტრუქტურასთან. ფენოტიპურ თვისებებთან კავშირში, რომლებიც ნამდვილად იქნა ნაპოვნი ინდივიდებისა და ჯგუფების გენეტიკურ კოდში, ამ კონკრეტული გაგებით ბიოლოგიურია, თუმცა მათ არ გააჩნიათ არავითარი კავშირი ადამიანის ორგანიზმის ქვესისტემებსა და ბიოლოგიურ პროცესებთან, მათ შორის, არც იმ პროცესებთან, რომლებიც ჩართულია ნევროლოგიურ და ფსიქიკურ ქვესისტემებსა და მათ ფუნქციებში. იხილეთ Mark 1994 და Quijano 1999.
ინსტრუქცია