[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ლგბტი უფლებები / განცხადება

17 მაისი - ლგბტ(ქ)ი ადამიანების უსაფრთხოება და უფლებები კვლავ დაუცველია

17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ლგბტ(ქ)ი ადამიანების ღირსების აღიარებისთვის ბრძოლის ხანგრძლივი ისტორიის მიუხედავად,  საქართველოში კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევაა ლგბტ(ქ)ი ადამიანების უსაფრთხოებისა და უფლებების რეალური დაცვა და მაღალი სოციალური ჰომოფობია, რომელიც ლგბტ(ქ)ი ადამიანების ყოველდღიურობაზე, საჯარო და პირად ცხოვრებაზე მძიმე გავლენას ახდენს. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში პოლიტიკური უფლებების აღიარებასთან და რეალიზებასთან ადაკავშირებული დრამატული მოვლენები სახელმწიფოს დემონსტრაციულ გულგრილობას, პოლიტიკურ ჰომოფობიას და ძალადობის შეწყნარების უმძიმეს გამოცდილებას აჩვენებს. ცხადია, რომ ეს პოლიტიკა მკვეთრად აზიანებდა და აზიანებს დემოკრატიული, მშვიდობიანი და პლურალისტური საზოგადოების განვითარების შესაძლებლობებს და არაერთ სოციალურ კრიზისს ქმნიდა. უკვე წლებია ხელისუფლება, პოლიტიკური პარტიები, ეკლესია და სხვა აქტორები ქვიარ ადამიანების და ქვიარ საკითხების პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზებას ცდილობენ და ხშირად ეს დომინანტური პოლიტიკა ლგბტ(ქ)ი ადამიანების სიცოცხლის, ღირსების და მომავლის ჩამორთმევის მიზეზიც გამხდარა.  

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ჩანს სახელწიფოს მხრიდან გარკეული პოზიტიური ცვლილებები, რაც მეტწილად ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობისა და თანასწორობის მექანიზმების გაუმჯობესებას, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლის პოლიტიკის გამართვას და სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში დისკრიმინაციის აღმოფხვრის სამუშაოებს უკავშირდება, თანასწორობის პოლიტიკის მიმართულებით გატარებული ღონისძიებები მაინც ფრაგმენტული რჩება და ხელისუფლების მხრიდან ლგბტ(ქ)ი უფლებების პოლიტიკური აღიარების სირთულე და უფრო მეტიც, პოლიტიკური ჰომოფობია, ლგბტ(ქ)ი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის არსებით გაუმჯობესებას შეუძლებელს ხდის.

ლგბტ(ქ)ი ადამიანებისთვის დღემდე მთავაირ გამოწვევა ძალადობაა[1]. შსს-ს და პროკურატურის სისტემაში 2018 წლიდან დაწყებული ზემოთ ნახსენები პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, სახელმწიფოს კვლავ არ აქვს შემუშავებული სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი პრევენციისა და რეაგირების ერთიანი სტრატეგია, რაც სამართალდამცავი, სოციალური, განათლების და პენიტენციალური სფეროებისა და უწყებების კოორდინირებულ მუშაობას უნდა გულისხმობდეს და სისტემურად უზრუნველყოფდეს ლგბტ(ქ)ი ადამიანების უსაფრთხოებისა და ღირსების დაცვას. მეტიც, ზოგიერთ საქმეში, განსაკუთრებით კი იმ საქმეებში, სადაც პოლიციის სისხლის სამართლებრივი ან დისციპლინური პასუხისმგებლობა იკვეთება, კვლავ პრობლემად რჩება ეფექტიანი გამოძიება და დაზარალებული პირების უფლებების რეალური აღდგენა. ძალადობის მსხვერპლებისთვის კრიტიკულად მწვავეა სათანადო ფსიქო-სოციალური და ჯანდაცვის სერვისების მიღება, რომელიც ყველაზე მოწყვლად მდგომარეობაში, ხშირად სახლისა და ოჯახების მხარდაჭერის მიღმა აღმოჩენილი ადამიანების რეალურ საჭიროებებს უპასუხებდა. მაგალითად, სახელმწიფოს კვლავ არ აქვს ძალადობის მსხვერპლების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის პოლიტიკა. კრიზისული ცენტრების ხანმოკლე სერვისი კი ვერ უზრუნველყოფს ლგბტ(ქ)ი ადამიანების გრძელვადიან უსაფრთხოებას და მხარდაჭერას.[2]

უსაფრთხოების მზარდ რისკებს უკავშიდება ლგბტ(ქ)ი ადამიანებისთვის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა. 2012 წლის შემდეგ საქართველოშილგბტ(ქ)ი ადამიანებს შეკრების თავისუფლებით უსაფრთხო და ღირსეულ პირობებში სარგებლობის შესაძლებლობა არ ეძლევათ. აშკარაა, რომ სახელმწიფო დემონსტრაციულ გულგრილობას იჩენს ლგბტ(ქ)ი ადამიანების შეკრების უფლების რეალური დაცვის მიმართულებით და არ იღებს ადეკვატურ პრევენციულ ზომებს კლერიკალური, ულტრაკონსერვატიული ჯგუფების მხრიდან მომდინარე საფრთხეებისა და ძალადობის აღკვეთის მიზნით.  უფრო მეტიც, აშკარაა ხოლმე მათი მხრიდან გამოვლენილი ლოიალობა ანტი-ლგბტ(ქ)ი მოძრაობებისა და რიტორიკის მიმართ.

ამ კუთხით განსაკუთრებით კრიტიკული იყო გასული წლის 5-6 ივლისის მოვლენები, როცა ექსტრემისტული ულტრამემარჯვენე ჯგუფების კონტრაქციამ თბილისში „ღირსების მარშის“ ჩატარება შეუძლებელი გახადა და ადგილზე მომუშავე მედიის წარმოადგენლებს თავს დასხნენ. იმის მიუხედავად, რომ პოლიცია ინფორმირებული იყო ძალადობრივი შეკრების ორგანიზატორებისა და მონაწილეებისგან მომდინარე ძალადობის რისკების შესახებ, მან არ მიიღო ეფექტიანი პრევენციული ზომები ძალადობის შეკავებისა და მით უფრო, ლგბტ(ქ)ი აქტივისტებისთვის შეკრების თავისუფლების რეალიზებისთვის. უფრო მეტიც, პრემიერ-მინისტრის ანტიკონსტიტუციურმა განცხადებამ უმრავლესობის უფლებების შესახებ, წაახალისა ჰომოფობიური შინაარსის მასობრივი ძალადობა. ამ ფონზე, კიდევ უფრო მძიმე სურათს ქმნის ის ფაქტი, რომ ძალადობის ორგანიზატორების სამართლებრივი პასუხისმგებლობა დღემდე არ დამდგარა, რაც ერთი მხრივ აღრმავებს უნდობლობას სახელმწიფოს მიმართ და მეორე მხრივ კი, საშიშ ტენდენციას ქმნის ჰომოფობიური განწყობების გაღრმავებისა და ძალადობის წახალისების კუთხით. ამ დრომდე სახელმწიფომ არ აამუშავა არც ძალადობრივი ექსტრემიზმის გამკლავების პოლიტიკა, რაც სამართლებრივი რეაგირების მიღმა, ფართემასშტაბიან პრევენციულ და სოციალურ სამუშაოებს გულისხმობს.

ხაზგასასმელია, რომ 2021 წლის 16 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე, WOMEN’S INITIATIVE’S SUPPORTING GROUP and others vs. Georgia, რომელიც 2013 წლის 17 მაისს IDAHOT აღნიშვნის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე განვითარებულ მოვლენებსა და უფლებადარღვევებს შეეხება. სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლბათა ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლებამ ვერ მიიღო აქტივისტების დაცვისთვის ეფექტიანი ზომები მიუხედავად იმისა, რომ ჯეროვნად იყო ინფორმირებული შესაბამისი რისკების შესახებ. ასევე, სასამართლოს თქმით, მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ადგილი ჰქონდა ძალადობის აქტების სახელმწიფოს მხრიდან წაქეზებას და თანხმობას. აღნიშნული საქმე, სხვა მსგავს საქმეებთან ერთად, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის აღსრულების ზედამხედველობაში ექცევა, თუმცა საერთაშორისო ვალდებულებების ხელყოფის შესახებ არა ერთი ანგარიშისა და განცხადების მიუხედავად, ლგბტ(ქ)ი შეკრებების მიმართულებით სიტუაცია ქვეყანაში არ იცვლება.

საინტერესოა იმის აღნიშვნა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ლგბტ(ქ)ი ადამიანების მიმართ გამოვლენილი ბრუტალური ძალადობის ჯაჭვის კონტექსტში, ჩვენს საზოგადოებაში ჩანს ჰომოფობიის შემცირების პოზიტიური ტენდენცია, განსაკუთრებით ახალგაზრდების და ქალების ჯგუფებში. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის უახლესი კვლევის შესაბამისად, 25 %-ით არის შემცირებული იმ ადამიანების წილი, ვინც სრულად ან მეტ-ნაკლებად მხარს უჭერს ლგბტ(ქ)ი ადამიანებისთვის შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვას. პოზიტიური დინამიკა ჩანს ლგბტ(ქ)ი თემის მიმართ ზოგად განწყობებსა და დამოკიდებულებებში. ამის მიუხედავად, მოსახლეობის ნახევარზე მეტი ლგბტ(ქ)ი ადამიანების მიმართ მკვეთრად კონსერვატიულ მიდგომებს ინარჩუნებს და გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის შესახებ ცოდნის პრობლემას აჩვენებს. ცხადია, რომ ამ დამოკიდებულებების ცვლილებას სახელმწიფოს პოზიტიური ჩარევა და ჰომოფობიის დაძლევის გრძელვადიანი პოლიტიკების დამკვიდრება სჭირდება. თუმცა დომინანტური ეკლესიის მიმართ პოლიტიკური ლოიალობისა და ნაციონალისტური დისკურსების გაძლიერების და ინსტრუმენტალიზების პირობებში, მოლოდინი რომ ხელისუფლება ჰომოფობიის დაძლევის კუთხით  მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს, სუსტია.      

ფიზიკური ძალადობის მიღმა, ლგბტ(ქ)ი ადამიანები ინსტიტუციონალიზებული ჰომოფობიის, სოციალური ექსკლუზიისა და მოწყვლადობის[3] მძიმე გამოცდილების წინაშე დგანან. ცალკე ხაზი უნდა გაესვას პანდემიის კონტექსტში ლგბტ(ქ)ი ადამიანების სოციალური მდგომარეობის გაუარესების ტენდეციას. პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების ფონზე, გაუარესდა ლგბტ(ქ)ი პირთა დასაქმებისა და შრომითი უფლებრივი მდგომარეობა, ვინაიდან, თემის წევრების მნიშვნელოვანი  ნაწილი ისეთი პრეკარიატული შრომის ადგილებში იყო დასაქმებული, რომელიც პანდემიის დროს ყველაზე მეტად დაზარალდა, ან დაიხურა. აღსანიშნავია, რომ წინა წლის მსგავსად, სახელმწიფოს ანტიკრიზისულმა პოლიტიკამ კვლავ ვერ უპასუხა ლგბტ(ქ)ი პირთა საჭიროებებს, რაც უარყოფითად აისახება თემის წევრების სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. აღნიშნულს მოწმობს, საზღვარგარეთ მიგრაციის მზარდი ტენ პანდემიის დაწყების წლიდან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოვუწოდებთ სახელმწიფოს

  • შეიმუშავოს ჰომო/ბი/ტრანსფობიასთან გამკლავების სისტემური პოლიტიკა, რომელიც საგანმანათლებლო და საინფორმაციო პოლიტიკების გატერებას გულისხმობს სკოლებში, უნივერსიტეტებში, საჯარო სამსახურში და უფრო ფართედ საზოგადოებაში;
  • უარი თქვას ჰომოფობიის ნორმალიზებისა და ლგბტ(ქ) უფლებების არ აღიარებისკენ (გაჩუმებისკენ) მიმართულ როტირიკაზე და გააცნობიეროს დისკურსული ძალადობის პირდაპირი გავლენა ლგბტ(ქ) ადამიანების ფიზიკურ უსაფრთხოებაზე;
  • გააძლიეროს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბძროლის პოლიტიკა და ამ მიმართლებით რადიკალურად გაზარდოს პრევენციასა და მსხვერპლის დაცვაზე ორიენტირებული მიდგომები;  
  • პატივი სცემს ლგბტ(ქ) ადამიანების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და მიიღოს ყველა ზომა მათთვის უსაფრთხო და ღირსეული საჯარო სივრცის შესაქმნელად;
  • შეიმუშავოს ექსტრემისტულ ძალადობრივ ჯგუფებთან გამკლავების ეფექტიანი პოლიტიკა;
  • შეიმუშავოს ლგბტ(ქ) ადამიანების სოციალურ ექსკლუზიასთან გამკლავების სისტემური პოლიტიკა და ის ადამიანის უფლებათა პოლიტიკის დოკუმენტებში ასახოს.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] სოციალური სამართლიანობის ცენტრის 2019 წლის რაოდენობრივი კვლევის თანახმად, გამოკითხული რესპონდენტების 29.4%-ს ჰქონია ფიზიკური ძალადობის გამოცდილება ბოლო 2 წლის განმავლობაში. იმ რესპონდენტებიდან, რომლებსაც ბოლო 2 წლის განმავლობაში ჰქონიათ ფიზიკური ძალადობის გამოცდილება, ფიზიკური ძალადობის მუქარას 78% დაექვემდებარა, სექსუალური ძალადობის მუქარას – 34%, ფიზიკურ ძალადობას 36% და სიცოცხლით მოსპობის მუქარას – 40%. ამ პირობებში რესპონდენტთა მხოლოდ 30.4%-მა მიმართა პოლიციას რეაგირებისთვის, ხოლო 69.6%-მა უარი განაცხადა პოლიციისადმი მიმართვაზე.მათგან, ვინც პოლიციას რეაგირებისთვის მიმართა, 57.1%-მა უარყოფითად შეაფასა პოლიციის რეაგირება, ხოლო 25%-მა დადებითად.

რესპონდენტთა 48.4%-ს ჰქონია ფსიქოლოგიური ძალადობის გამოცდილება ბოლო 2 წლის განმავლობაში; ტრანსგენდერ რესპონდენტთა 81.5%-ს ჰქონია ფსიქოლოგიური ძალადობის გამოცდილება ბოლო 2 წლის განმავლობაში; ლესბოსელი რესპონდენტების შემთხვევაში, ფსიქოლოგიური ძალადობის გამოცდილება გამოკითხულთა 51.6%-ს ჰქონდა. 

[2] ამავე კვლევის მიხედვით, რესპონდენტების 20.9% ყოფილა უსახლკარობის რისკის წინაშე. რესპონდენტების 44.8%-მა კი მიუთითა, რომ უსახლკარობის გამოცდილება კავშირში იყო მათ იდენტობასთან.

[3] იმავე კვლევის მიხედვით, ლგბტქ პირთა საშუალო ანაზღაურება რესპონდენტთა 60.5%-ის შემთხვევაში 1000 ლარის ფარგლებს არ სცდება. გამოკითხულთა 82%-ს შრომის ანაზღაურება მხოლოდ საკვების, ტანსაცმლისა და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად ჰყოფნის.

რესპონდენტების 63%-ს თანხის სესხება მხოლოდ ყოველდღიური ხარჯის დასაფარად მოუწია, 31.7%-ს საკვებისთვის, ხოლო 25.9%-ს ბინის ქირისთვის.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“