საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ 14 აგვისტოს, გიორგი ცომაია პოლიციელებმა სასტიკად სცემეს, შემდეგ კი ბრალი დასდეს პოლიციელზე თავდასხმაში. ცომაიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება აპრილში დატოვა, თუმცა მისთვის ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ პატიმრობისას ჩამორთმეული პირადი ნივთები, მათ შორის მობილური ტელეფონი და პოლიციაშიც სწორედ სამართალდამცავებისთვის საკუთარი ნივთის დაბრუნებაში დახმარების სათხოვნელად მივიდა. დახმარების ნაცვლად, პოლიციელებმა მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ლაწირაკი უწოდეს, რომელმაც არ იცის, რა დროს უნდა მიმართოს პოლიციას დახმარების სათხოვნელად, შემდეგ ფიზიკურადაც გაუსწორდნენ და ხელმეორედ მიაკერეს კრიმინალის სტატუსი. დღეს გიორგი ცომაია დაპატიმრებულია.
მომხდარიდან ორ კვირაზე მეტია გასული, მაგრამ კვლავ უცნობია, რა ვითარებაში მიიღო მან სხეულის დაზიანებები, ჩაიდინეს თუ არა ეს პოლიციელებმა და დაეკისრება თუ არა ვინმეს მომხდარისთვის პასუხისმგებლობა. საქმეზე ჯერ-ჯერობით გამოძიებაც არაა დაწყებული და რომც დაიწყოს, ნაკლებად სავარაუდოა, ის ადეკვატურად და სრულყოფილად წარიმართოს.
არსებული კანონმდებლობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყება სავალდებულოა იმ მომენტიდან, როდესაც დანაშაულის ჩადენის თაობაზე რაიმე ფორმით გავრცელდება ინფორმაცია. ხოლო თუ საქმე ეხება პოლიციელის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენას, გამოძიება უნდა აწარმოოს პროკურატურის საგამოძიებო სამსახურმა. გიორგი ცომაიას ცემის ფაქტი ლამის ყველა მედიასაშუალებამ გააშუქა, თუმცა ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ბუნებრივია, როცა არ არსებობს გამოძიების დაწყების სურვილი, დაწყების შემთხვევაშიც კი, მას ფორმალური, ტრაფარეტული ხასიათი ექნება და ნაკლებად სავარაუდოა, რეალურად ისახავდეს დამნაშავის დასჯას მიზნად.
გიორგი ცომაია არც გმირია და არც მისი საქმეა რამით განსაკუთრებული. ის მორიგი შემთხვევაა, რომელიც კიდევ ერთხელ, უკვე მერამდენედ ადასტურებს, რომ სამართალდამცავები ძალადობენ მოქალაქეებზე. პოლიციელს აქვს განცდა, რომ მას აქვს ყველაფრის უფლება, სახელმწიფო მის მხარესაა, ხოლო კანონით როგორც მოუნდება, ისე იმანიპულირებს. ეს ყველაფერი კი კანონდამცველების მიერ კანონის დარღვევის ფაქტებზე არაადეკვატური და მოჩვენებითი რეაგირების შედეგია, რამაც პოლიციელებში დაუსჯელობის სინდრომი გააჩინა.
ხელისუფლება ამ დრომდე არ დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს სამართალდამცავთა პასუხისმგებლობის სისტემის გაუმჯობესების მიზნით. ეს იმ ფონზე, როდესაც არაერთი საერთაშორისო თუ შიდა რეკომენდაციაა მიღებული, რომ შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახური, რომლის ერთადერთი დანიშნულება სამართალდამცავების მიერ განხორციელებული ძალადობის გამოძიება იქნება.
2011 წლის ანგარიშში, თომას ჰამერბერგი აღნიშნავს, რომ არაერთი შეკითხვა არსებობს პროკურატურის ეფექტურობასთან დაკავშირებით, რადგან არ ხდება ადეკვატური რეაგირება შსს-ს მუშაკების მიერ ჩადენილ პროცედურულ თუ სხვა ტიპის დარღვევებზე; იშვიათად ხდება წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის, ან სამართალდამცავთა მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების გამოძიება, რამაც ხელი შეუწყო საერთო მოსაზრების წარმოშობას, რომ პროკურატურა მოქმედებს შერჩევით და შერჩევითობის კრიტერიუმია კონკრეტული ხელისუფლების და არა საზოგადოებრივი ინტერესი. ჰამერბერგი აღნიშნავს, რომ პროკურატურა და შსს დანაშაულთან ბრძოლისას ახლო ინტერაქციაში იმყოფებიან, რაც მეტად ართულებს და არაეფექტურს ხდის ამ ორგანოების მუშაკის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებას. ანგარიშში აღნიშნული პრობლემის მოგვარების გზად დასახულია დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნა, რომელზეც შეუძლებელი იქნება პოლიტიკური თუ სხვა სახის ზეგავლენის მოხდენა. იგივე შინაარსის რეკომენდაციებს შეიცავს ჰამერბერგის 2013 წლის ანგარიშიც, სადაც ხაზგასმითაა მითითებული დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის აუცილებლობაზე, რომელიც იმოქმედებს შემდეგი ხუთი პრინციპით: დამოუკიდებლობა, ადეკვატურობა, სისწრაფე, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება და მსხვერპლის ჩართულობა.
პოლიციელების მიერ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე პროკურატურის არაეფექტური რეაგირების თაობაზე რეგულარულად აღნიშნავდა, თავის ყოველწლიურ ანგარიშებში, საქართველოს სახალხო დამცველიც. 2014 წელს, ომბუდსმენმა სპეციალური ანგარიში მიუძღვნა ამ საკითხს და დოკუმენტის ერთ-ერთი უმთავრესი რეკომენდაციაც სწორედ დამოუკიდებელი ორგანოს შექმნაა, რომელიც გამოიძიებს სამართალდამცავთა მიერ სიცოცხლის მოსპობის, წამების, არასათანადო მოპყრობისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის შესაძლო ჩადენის ფაქტებს.
ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები არაა ამომწურავი და კიდევ არაერთი ანგარიში თუ რეკომენდაცია არსებობს, სადაც მკაფიოდაა ხაზგასმული სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე გატარებული არასაკმარისი ღონისძიებების თაობაზე, თუმცა სახელმწიფო ჯიუტად ცდილობს მათ უგულებელყოფას და გიორგი ცომაიას ცემის ფაქტის მსგავს შემთხვევებს ან თვითონ აღიქვამს თითიდან გამოწოვილად, ან ცდილობს, საზოგადოებას მოაჩვენოს ასეთად. სინამდვილეში კი დამოუკიდებელი საგამოძიებო სისტემის არსებობა, პირველ რიგში, ისევ დღევანდელი სამართალდამცავებისთვის იქნება კარგი, რადგან დანაშაულის რაოდენობა ვერანაირად ვერ შემცირდება, თუკი ღამის ორის ნახევარზე, თუნდაც ნასვამ მდგომარეობაში და თუნდაც ანერვიულებული მოქალაქე პოლიციას სრულიად ლეგიტიმური თხოვნით მიმართავს და ასეთი მოქალაქე მცირე დროის ინტერვალში ჯერ უსამართლო ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდება, შემდეგ კი კრიმინალის სტატუსიც მიენიჭება. ასეთი მეთოდებით სახელმწიფო ვერ შეამცირებს კრიმინალს, რადგან ერთი მხრივ, უდანაშაულო მოქალაქეს ენიჭება დამნაშავის სტატუსი, მეორე მხრივ კი, სამართალდამცავები თავად გვევლინებიან ნამდვილ კრიმინალებად.
ბლოგპოსტი პირველად გამოქვეყნდა www.liberali.ge-ზე.
ინსტრუქცია