[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მართლმსაჯულება და დემოკრატია / მედია

ვერძეული: ზედაპირულია შეფასება, რომ კრიმინალს საპოლიციო მექანიზმის გაძლიერება აღკვეთს

წყარო:

NETGAZETI.GE

Media Cover Image

ადამიანის უფლებებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტი სოფო ვერძეული მიიჩნევს, რომ როგორც წინა წლების გამოცდილებამ აჩვენა, კრიმინალზე რეაგირების რეპრესიულმა მექანიზმმა ვერ მოიტანა ეფექტური შედეგი ხანგრძლივი დროის პერსპექტივაში. ამიტომაც, როგორც მან "ნეტგაზეთთან" საუბარში განაცხადა, ახლანდელი ხელისუფლების მიერ იმავე რიტორიკაში გადასვლა რეალობის ზედაპირული შეფასებაა.

 4 აპრილს ღამით ვარკეთილში პოლიციელებს - ბექა მარგიშვილსა და ვალერიან გრძელიშვილს შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმის შედეგად მარგიშვილი გარდაიცვალა, გრძელიშვილი კი მძიმედ დაიჭრა.

პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა 6 აპრილს პროკურატურასა და შსს-ს კრიმინალის წინააღმდეგ გაათმაგებული ბრძოლისკენ მოუწოდა. "წინააღმდეგობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, აქვთ პოლიციელებს სრული უფლება, რომ მოახდინონ ამ ადამიანის ლიკვიდაცია,"- განაცხადა პრემიერმა.

შიმაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლევან იზორიამ გადაცემა "იმედის კვირაში" ჩართვისას კი განაცხადა, რომ პოლიციელის უფლებამოსილებები კანონმდებლობით უნდა გაიზარდოს, რათა თავი ეფექტურად დაიცვას:

"ჩვენ ამ მიმართულებით უნდა დავხვეწოთ კანონმდებლობა, უფრო მეტი უფლებამოსულებები უნდა ქონდეს პოლიციელს და ეს ერთგვარი დღევანდელი დისკურსი სწორედ იმის საფუძველს გვაძლევს, რომ ამ უფლებამოსილებებზე ვიფიქროთ. ანუ, არა მხოლოდ იმაზე ვიფიქროთ, რომ  ხომ არ მოხდება ამ უფლებამოსილების მინიჭებით გარკვეული გადამეტება უფლებამოსილებების. პოლიციელს უნდა ვენდოთ, უნდა გამოვუცხადოთ ნდობა და, ბუნებრივია, ის ვალდებული უნდა იყოს მაქსიმალურად უფლებამოსილებების ფარგლებში იმოქმედოს,"- განაცხადა იზორიამ.

სოფო ვერძეულის შეფასებით, სანამ კანონში ცვლილებებზე დაიწყება საუბარი, მნიშვნელოვანია არსებული საპოლიციო მექანიზმების ანალიზი გაკეთდეს, თუ რამდენად არის საკმარისი და ეფექტური ის მექამიზმები, რაც ჩვენ პოლიციელებს უკვე აქვთ მინიჭებული.

"ნამდვილად არ არის სუსტი კანონმდებლობა ამ მიმართულებით და პოლიციელებს საკმაოდ ფართო და მძლავრი მექანიზმები გააჩნიათ კრიმინალთან საბრძოლველად და თავის დასაცავადაც, პირველ რიგში. რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმური, რომ პოლიციამ საკუთარი თავის დაცვაც განახორციელოს და სხვა მოქალაქეებისაც. მე ვფიქრობ, რომ საუბარი იმაზე, რომ ეს ფაქტი დაკავშირებულია არაეფექტურ საპოლიციო უფლებამოსილებებზე ქვეყანაში, ან ის, რომ საპოლიციო მექანიზმების გაძლიერება მომავალში აღკვეთს მსგავს ფაქტებს, არის ერთგვარი ზედაპირული შეფასება იმის, რაც მოხდა,"- აღნიშნა სოფო ვერძეულმა.

მისი თქმით, ქვეყანაში კრიმინალთან დაკავშირებულ გამოწვევებს უფრო სერიოზული და ფუნდამენტური ხასიათი აქვს:

"საპოლიციო რეჟიმი სრულად ვერ უპასუხებს, რა თქმა უნდა, ამ გამოწვევებს, რაც უკავშირდება ერთგვარად კრიმინალის ზრდას ქვეყანაში, რომელსაც პრინციპში, სამინისტრო არ ადასტურებს და ამბობს, რომ სტატისტიკასთან დაკავშირებით პრობლემები ქვეყანაში არ არსებობს და კრიმინალის ზრდა ასე მასშტაბურად არ ფიქსირდება. ამიტომ ჩვენი შეფასება იქნება ის, რომ სანამ ვისაუბრებთ, კიდევ უფრო გავაფართოვოთ პოლიციელების უფლებამოსილებები და კიდევ უფრო მეტი მექანიზმი მივანიჭოთ კრიმინალთან საბრძოლველად, მანამდე უნდა გავიაზროთ სწორად, რას უკავშირდება ის მძიმე ფაქტები, რასაც ბოლოს ჰქონდა ადგილი და ნამდვილად არის თუ არა არაეფექტური ის მექანიზმები, რომელიც პოლიციას აქვს,"- განაცხადა მან.

ასევე, ვერძეულის თქმით, სრულყოფილად ვერ მოქმედებს ვერც დანაშაულის პრევენციის, ვერც რეპრესიული მექანიზმები. როგორც მან აღნიშნა, რეპრესიული მექანიზმი ებრძვის ადამიანებს და არა პრობლემას, ამიტომაც ის არ იყო გრძელვადიან პერსპექტივაში ეფექტური შედეგის მომტანი.

"ვხედავთ, რომ ასეთი მასშტაბური პრევენციული ღონისძიებები ვერ მოქმედებს სრულყოფილად, ასევე ვერ მოქმედებს რეპრესიული, ანუ დანაშაულზე შემდგომი რეაგირების მექანიზმები. ესენი, საბოლოო ჯამში, ვერ აღწევენ მიზანს, რაც არის ის, რომ საზოგადოება იყოს დაცული კრიმინალისგან და იყოს უსაფრთხოდ. ამიტომ მხოლოდ ამ ნაწილში ამ პრობლემის გადატანა, თუ ჩვენ პოლიციელის შესაძლებლობებს გავაფართოვებთ, ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება იქნება სტაბილური და ჩვენ რეპრესიული მეთოდებით დავიჭერთ მხოლოდ კრიმინალის ზრდას, არ არის, რა თქმა უნდა, მდგრადი და მყარი, ასე ვთქვათ. იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ, რეპრესიული რეჟიმი, რომელიც მოქმედებდა, გარკვეული პერიოდი მან დაიჭირა კრიმინოგენული სიტუაცია ქვეყანაში, მაგრამ როდესაც ეს რეპრესიული მექანიზმი მოიშალა, არსებითად შეიცვალა ვითარება ამ მიმართულებით ქვეყანაში და ეს არის კარგი მაგალითი იმისა, რომ მხოლოდ რეპრესიული მანქანა, რომელიც ებრძვის დამნაშავეებს, ადამიანებს და არა პრობლემას, რა თქმა უნდა, ვერ იქნება ხანგრძლივ პერსპექტივაში ეფექტური და შედეგის მომტანი. ამიტომ ის გამოცდილებები, რაც ჩვენ მივიღეთ მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლების დროს საკმაოდ რეპრესიული მანქანა მუშაობდა კრიმინალური ფაქტების წინააღმდმეგ, ამ მექანიზმმა, ვნახეთ, რომ მდგრადი თუ მყარი შედეგი ვერ მოიტანა. ამიტომ იმავე რიტორიკაში გადასვლა, ახლა თU ისევ რეპრესიულ მანქანას ავამუშავებთ, გავაძლიერებთ საპოლიციო მექანიზმებს, ყველაფერი კარგად იქნება, ეს ცოტა უფრო ილუზორულია, მე მგონი, ვიდრე რეალური შეფასება, და სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ ზედაპირულია ერთგვარად ის განცხადებები."

თუმცა სოფო ვერძეული აქვე დასძენს, რომ მომხდარი მძიმე ფაქტების შემდეგ ლოგიკურია, სისტემა შეეცდებოდა მოეხდინა თავისი ძალის რეპრეზენტაცია და ეთქვა, რომ იქნება დაუნდობელი კრიმინალთან ბრძოლის პროცესში.

იურისტის განცადებით, როდესაც მაღალი თანამდებობის პირები სამართალდამცავებს რაიმეს მოუწოდებენ, სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

"ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით, ალბათ მთავრობის მეთაური და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები უნდა იყვნენ ფრთხილად, ცხადია, როდესაც მოწოდებებს აკეთებენ სამართალდამცავების მიმართულებით, რომლებიც ფლობენ ძალას. მათ აქვთ ძალის გამოყენების უფლებამოსილება, ატარებენ იარაღს და, რა თქმა უნდა, წახალისება არ უნდა მოხდეს. თუმცა აბსოლუტუტრად სწორია იმის გააზრება, რომ სამართალდამცავს თავისი და თავისი კოლეგების დაცვაც ევალებათ, თავისი თავის, პირველ რიგში. ამიტომ ამაში არალეგიტიმური არაფერი არ არის. თუმცა ეს სიფრთხილე, რა თქმა უნდა, საჭიროა, მით უმეტეს, იმ ფაქტების გათვალისწინებით, როცა ჩვენ გვქონდა არაერთი შემთხვევა, როცა სამართალდამცავებმა აბსოლუტურად არაპროპორციულად გამოიყენეს ძალა, მათ შორის, იარაღი და დადგა ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევის ფაქტები,"- განაცხადა სოფო ვერძეულმა "ნეტგაზეთთან" საუბრისას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“