საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
18 წლის მუსლიმი გოგონა არჩევნის წინაშეა - სთხოვენ, თავსაფარი მოიხსნას, რომელიც ნებაყოფლობით დაიფარა და გადაწყვიტა, მთელი ცხოვრება ატაროს. ან თავსაფარი უნდა მოიხსნას, ან გააპროტესტოს.
ამ არჩევნის წინაშე დადგა მეთორმეტეკლასელი თეონა ბერიძე, როცა ბათუმიდან მოხის საჯარო სკოლაში გადასვლა გადაწყვიტა. დირექტორის კაბინეტიდან გამოსულს გადაწყვეტილების მისაღებად ბევრი ფიქრი არ დასჭირვებია - მოხელი მოსწავლეების პროტესტი და სოლიდარობა ადიგენის მუნიციპალიტეტს გასცდა და ერთი პატარა სოფლის სკოლაში განვითარებული მოვლენები ფართო საზოგადოებრივი ინტერესის სფეროდ იქცა. როგორც მოსწავლეები ჰყვებიან, ინციდენტის გასაჯაროების შემდეგ დირექტორი მათ მიმართ მტრულად განეწყო, რაც რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციაში გადაიზარდა. ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა თეონა ბერიძეს დირექტორმა თავსაფრის მოხსნა მოსთხოვა, მეორე დღეს კი მეთორმეტეკლასელი მოსწავლეები სოლიდარობის ნიშნად სკოლაში თავსაფრებით გამოცხადდნენ.
სოლიდარობა
კლასელები იხსენებენ, როგორ დაბრუნდა დირექტორის კაბინეტიდან კლასში აცრემლებული თეონა ბერიძე. მოსწავლე ჰყვება, რომ მას ჯერ დამრიგებელი ნათელა ნარიმანაშვილი ესაუბრა, რომელმაც უთხრა, რომ დირექტორი სკოლაში არ მიიღებდა, თუკი თავსაფარს არ მოიხსნიდა. დამრიგებელთან საუბრის შემდეგ თეონა დირექტორის, ნათია რეხვიაშვილის კაბინეტში შევიდა, სადაც, როგორც თვითონ ამბობს, უთხრეს, რომ ასეთ მოთხოვნას სკოლის შიდაგანაწესი ითვალისწინებდა.
„დირექტორმა მითხრა, ან ყველამ ერთნაირად უნდა დაიხუროს, ან ერთი განსხვავებული ვერ იქნებაო“, - ამბობს თეონა ბერიძე და აღნიშნავს, რომ ბათუმში რელიგიური ატრიბუტის ტარების გამო პრობლემა არასდროს შექმნია.
„თავსაფრის ტარება ნებაყოფლობითია. მე გადავწყვიტე, რომ ვატარო და ამით ჩემი რწმენა გავიმყარო. ეს არ არის დაბრკოლება [ჩემი თავისუფლებსითვის], ჩემი რელიგიური ატრიბუტია და მე მას ვატარებ... ჩემი რელიგია ამას მოითხოვს“, - ამბობს თეონა.
მისივე თქმით, პირველი მოსწავლეა, რომელიც სკოლაში თავსაფრით მივიდა. როცა ამის გამო წინააღმდეგობას წააწყდა, თანაკლასელებმა გადაწყვიტეს, პროტესტი გამოეხატათ და სკოლაში თეონას მსგავსად ყველანი თავსაფრებით გამოცხადებულიყვნენ.
„ჩემთვის ყველაზე მტკივნეული ის იყო, რომ თეონას შეურაცხყოფა მიაყენეს. მუქარისთვის პასუხი უნდა აგოს დირექტორმა. თავს ამის უფლება არ უნდა მისცეს“, - ამბობს თეონა ბერიძის კლასელი რაინდი ბერიძე.
მოსწავლეების სოლიდარობამ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ყურადღება მიიპყრო. აღმოჩნდა, რომ სკოლის შინაგანაწესი მსგავს მოთხოვნას არ ითვალისწინებს. სკოლის დირექტორი მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს, მათ შორის ვინმესთვის რამის აკრძალვას, დღემდე უარყოფს.
პროტესტის შემდეგ
მოსწავლეები ჰყვებიან, რომ მას შემდეგ, რაც სკოლაში განვითარებული მოვლენები გასაჯაროვდა, დირექტორი მათ მიმართ მტრულად განეწყო.
„წინა დირექტორის დროს მასწავლებლები გაკვეთილების შემდეგ ბავშვებს გამოცდებისთვის ამზადებდნენ. ნათია რეხვიაშვილმა ეს აკრძალა. ერთ-ერთმა მასწავლებელმა გვითხრა, მე კი სიამოვნებით გამეცადინებდით, მაგრამ დირექტორი არ გვიშვებს კლასშიო. პირველი შეზღუდვა ეს იყო“, - ამბობს თეონას კლასელი ასლან მიქელაძე.
მისივე განმარტებით, დირექტორმა მოსწავლეებს, რომლებიც გაკვეთილების შემდეგ ტრანსპორტს ელოდებოდნენ, სკოლის შენობაში დარჩენა აუკრძალა, რაც განსაკუთრებით რთული ზამთარში იყო, რადგან სოფელში ტემპერატურა ზოგჯერ -24 გრადუსამდე ეცემა. მიქელაძე აქვე განმარტავს, რომ ეს შეზღუდვა მხოლოდ მე-12 კლასს არ შეხებია, თუმცა დარწმუნებულია, რომ დირექტორმა ეს გადაწყვეტილება თეონა ბერიძის ინციდენტის გამო მოსწავლეების დასჯის მიზნით მიიღო.
თეონა ჰყვება, რომ დირექტორთან დაპირისპირების შემდეგ, ამ უკანასკნელმა მისთვის საგანგებო გამოცდის დანიშვნა გადაწყვიტა.
„ზამთრის არდადეგები რომ გვქონდა, დამირეკა და მითხრა, გამოცდა უნდა ჩაგიტაროთ, რადგან არ გაგივლია სამოქალაქო განათლების საგანიო. ბოლოს აღარ დაურეკავს, არ ვიცი, რა მოხდა“, - ამბობს თეონა ბერიძე.
25 მაისს მოხის სკოლის მე-12 კლასმა ბოლო ზარი აღნიშნა. მოსწავლეები ამბობენ, რომ დირექტორის მილოცვა ვერ მოისმინეს, გამოსაშვები გამოცდების დროს კი ამ უკანასკნელისგან უარყოფით დამოკიდებულებას მუდმივად გრძნობდნენ. მანამდე კი ბანკეტი იყო, რომელსაც მე-12 კლასის 3 ქრისტიანი მოსწავლიდან ერთი არ დაესწრო. მოსწავლეები ამბობენ, რომ თანაკლასელთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და იგი ბანკეტზე წამოსვლასაც აპირებდა, თუმცა ბოლო დღეს გადაიფიქრა, რაც, სავარაუდოდ, დირექტორის ზეგავლენით მოხდა. „ლიბერალმა“ გოგონასთან დაკავშირება სცადა, თუმცა მოსწავლის დედამ კატეგორიულად მოგვთხოვა, ნომერზე მეორედ აღარ დაგვერეკა.
მედლის მეორე მხარე
ნათელა ნარიმანაშვილი მე-12 კლასს რამდენიმე წელი ასწავლიდა. სკოლაში მომხდარ ინციდენტზე საუბარი არ სურს. მისი თქმით, სიტუაცია დალაგდა, თუმცა არ უარყოფს, რომ დირექტორმა თეონა ბერიძეს თავსაფრის მოხსნა სთხოვა. აქვე დასძენს, რომ დირექტორს ისეთი არაფერი უთქვამს, რაც „მოსწავლისთვის შეუფერებელია“. შეკითხვაზე, რამდენად შეესაბამება სიმართლეს მოსწავლეების ნათქვამი დირექტორის მიერ დისკრიმინაციულ მოპყრობასთან დაკავშირებით, კლასის დამრიგებელი პასუხობს, რომ ეს დირექტორს უნდა ვკითხოთ.
„დირექტორმა სთხოვა, რომ მოეხადა თავსაფარი, შეიყვანა და ელაპარაკებოდა... სკოლის კანონმდებლობაში თუკი ეწერება, რომ მოსწავლეს არ უნდა ეფაროს, მაშინ მან არ უნდა დაიხუროს. მაგრამ ჩემი იქ ყოფნის დროს დირექტორს ისეთი რამ არ უთქვამს, რაც მოსწავლეს არ შეეფერება, ასეთი სიტყვა არ წამოსცდენია“, - ამბობს ნათელა ნარიმანაშვილი.
სკოლის დირექტორი ნათია რეხვიაშვილი თეონა ბერიძისთვის თავსაფრის მოხდის მოთხოვნას დღემდე კატეგორიულად უარყოფს, თუმცა აუდიოჩანაწერიდან, რომელიც მეთორმეტეკლასელმა მოსწავლეებმა გაკვეთილზე გააკეთეს, ნათლად ისმის დირექტორის სიტყვები, სადაც ის აღიარებს, რომ ბერიძეს ამ საკითხზე ესაუბრა.
„მხოლოდ ეს ვუთხარი, თეონა, სკოლას აქვს შინაგანაწესი. კარგი იქნება, თუ ყველა ბავშვი ერთნაირად იქნება ჩაცმული, იფიქრე ამ საკითხზე-მეთქი. თეონა გამოვიდა ჩემი ოთახიდან, - ვიფიქრებ ნათია მასწავლებელოო. მეტი ამაზე არ გვისაუბრია. მე ისიც არ ვიცოდი, იმას თუ ჰიჯაბი ერქვა“, - ამბობს დირექტორი კლასში გაკეთებულ აუდიოჩანაწერში მოსწავლეებთან საუბარისას.
ამავე საუბარში იგი ამბობს, რომ მისი უდანაშაულობა განათლების მინისტრმაც დაადასტურა, რადგან მას სრული უფლება აქვს, მოსწავლეს თავსაფრის მოხსნა მოსთხოვოს.
„ჯეჯელავამაც დაადასტურა გუშინ... რომ მე დამნაშავე არ ვარ, იმიტომ რომ მე შემიძლია იმის თქმა, რომ თავსაბურავი მოიხსენი. კანონი და შინაგანაწესია. გუშინ მინისტრს თუ უსმენდით მიხვდებოდით, რომ ნათია მასწავლებელი დამნაშავე არ იყო“, - ამბობს სკოლის დირექტორი მოსწავლეების მიერ გაკეთებულ აუდიოჩანაწერში. (სტილი დაცულია)
თუმცა დღეს დირექტორი მოვლენებს გარედან მართულს უწოდებს და ყველა იმ ბრალდებას უარყოფს, რომლებზეც მოსწავლეები საუბრობენ. მისი თქმით, სკოლაში ყველა მოსწავლეს ერთნაირად ეპყრობიან და რაც მოხდა, წარსულში უნდა დარჩეს. იგი აქვე აღნიშნავს, რომ „შარშან, მუსლიმებთან შედარებით, ქრისტიანი მოსწავლეები იჩაგრებოდნენ“.
„180 მოსწავლე მუსლიმია, 15 - ქრისტიანი. არა მგონია, რომელიმე ქრისტიანი პედაგოგი რომელიმე მუსლიმს ჩაგრავდეს. თუმცა შარშან ნამდვილად ჩაგრავდნენ მუსლიმები ქრისტიანებს. ჩემს შვილს, რომელიც ქრისტიანია, ნამდვილად ჩაგრავდნენ. ახლა არ აქვს ამას მნიშვნელობა, მშვიდად ვცხოვრობთ, რატომ უნდა ვქექოთ?!“ - ამბობს ნათია რეხვიაშვილი.
შეკითხვაზე, არის თუ არა მისთვის მიზანშეწონილი მუსლიმი მოსწავლის მიერ გაკვეთილზე თავსაფრის ტარება, რეხვიაშვილი არ პასუხობს.
იგი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას, თითქოს მან მოახდინა გავლენა ქრისტიანი მოსწავლის გადაწყვეტილებაზე, რომ მუსლიმ თანაკლასელებთან ერთად ბანკეტზე არ წასულიყო.
„ის ბავშვი იმიტომ არ წავიდა, რომ, როგორც დედამისი ამბობს, მუსლიმები აქეთ ლანძღავდნენ ქრისტიანებს, არ გვინდა, რომ ბანკეტზე დავპატიჟოთო. მე ასეთი რამ არ მითქვამს, ან რატომ არ უნდა წასულიყო?! ბანკეტი იმისაა, რომ წახვიდე და ისიამოვნო. ის როგორ იყო, მთელი დღე რომ ლოცულობდნენ საკლასო ოთახში, ნეტა ქრისტიანი [გამოცდაში] ჩაიჭრასო?!“ - ამბობს დირექტორი.
საგულისხმოა, რომ ქრისტიანი მოსწავლე ირაკლი გოგრიჭიანი, რომელიც თანაკლასელებთან ერთად იყო ბანკეტზე, მუსლიმი მოსწავლეების მიმართ დირექტორის დისკრიმინაციულ მოპყრობას ვერ იხსენებს.
„დირექტორის მხრიდან ზეწოლა არ მომხდარა. არ მინახავს, რომ რელიგიური ნიშნით განსხვავებულად მოპყრობოდა ვინმეს“, - ამბობს მოსწავლე.
პოლიტიკა სოფელში
სკოლიდან 50-იოდე მეტრში მოხის, ე.წ. სადავო ნაგებობა დგას, რომლის წინაც მუსლიმები ყოველ პარასკევს ღია ცის ქვეშ პარასკევის ლოცვას, ჯუმას აღავლენენ. ნაგებობა ახლაც პოლიციის ლენტით არის გარშემორტყმული და მუსლიმებს მასში სალოცავად შესვლა ეკრძალებათ.
მუსლიმების მტკიცებით ნაგებობა ისტორიულად მეჩეთია, ქრისტიანების თქმით კი - იგი ეკლესიის ქვებით არის ნაგები, შესაბამისად, მათთვის მიუღებელია, რომ შენობა მუსლიმების სალოცავად იქცეს. უკვე ერთ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც მოხის კომისიამ, რომელსაც ნაგებობის წარმომავლობა უნდა შეესწავლა, მას კულტურული ძეგლის სტატუსი მიანიჭა და დაადგინა, რომ იგი არცერთ მხარეს არ გადაეცემოდა.
თუმცა კომისიის გადაწყვეტილების მიღებამდე ნაგებობის გამო სოფელში მუსლიმ და ქრისტიან თემს შორის დაპირისპირება არაერთხელ მოხდა. როცა მუსლიმი მოსწავლეები რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციაზე საუბრობენ, ხაზს უსვამენ სკოლის დირექტორის განცხადებებს, რომელსაც ეს უკანასკნელი საჯარო სივრცეში, როგორც ქრისტიანი თემის წარმომადგენელი, აქტიურად აკეთებდა და მუსლიმი თანასოფლელების მიმართ ისლამოფობიურ განწყობებს ავლენდა.
ნათია რეხვიაშვილი სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად თემურ ბერიძის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ დაინიშნა. ბერიძის გათავისუფლებას მოხელი მუსლიმები მაშინ პროტესტით შეხვდნენ. მათი ნაწილი მიიჩნევდა, რომ ეს ნაწილობრივ დირექტორის რელიგიური მრწამსით იყო განპირობებული.
რაც შეეხება ნათია რეხვიაშვილს, ის სადავო ნაგებობის ირგვლივ ესკალირებული კონფლიქტის დროს ამბობდა, რომ მუსლიმები ნაგებობის მეჩეთად რეკონსტრუქციას შურის გამო ითხოვდნენ, რადგან სოფლის ცენტრში ეკლესია ახლახან აშენდა.
„არ ვიცი, შეშურდათ ალბათ. სხვა არაფერი არ შემიძლია ვთქვა. ეს არის შურით გამოწვეული. თვითონაც არ მალავენ - თუ თქვენი ტაძარი ცენტრშია, ჩემი მეჩეთი რატომ უნდა იყოს მივარდნილ ადგილზეო“, - ამბობდა ნათია რეხვიაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.
დღეს დირექტორი ამბობს, რომ ეს პროცესები არაფერ შუაშია იმასთან, რაც თეონა ბერიძესთან მოხდა, თუმცა აქვე დასძენს, რომ პროცესებს გარეშე პირები მართავენ და „ყველას კარგად ესმოდა იმ დროს, ვინ ვის არიგებდა ჭკუას“.
კლასის დამრიგებელი ნათელა ნარიმანაშვილიც მიიჩნევს, რომ სკოლაში მომხდარ ინციდენტს მოხის ნაგებობასთან კავშირი არ აქვს. იგი აქვე დასძენს, რომ კომისიის გადაწყვეტილებით უფრო კმაყოფილი იქნებოდა, ნაგებობა საერთოდ რომ დაეშალათ.
„უფრო კმაყოფილი ვიქნებოდი, სულ რომ დაშლილიყო და საერთოდ გაეტანათ ეს ქვები აქედან. კიდევ რამე არ მოხდეს ბავშვებთან. რა ვიცი, იქნებ კიდევ მოითხოვონ მეჩეთი [მუსლიმებმა]?!“ - ამბობს მეთორმეტეკლასელების დამრიგებელი ნათელა ნარიმანშვილი.
მუსლიმი მოსწავლეები ამბობენ, რომ ნაგებობის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე სკოლაში არც პედაგოგს და არც დირექტორს არ უსაუბრია, თუმცა მიიჩნევენ, რომ იმ განწყობებმა, რომლებიც დირექტორმა ნაგებობასთან დაკავშირებით გამოავლინა, გავლენა იქონია სხვების მათ მიმართ დამოკიდებულებაზე.
***
განათლების სამინისტროს მიერ „ლიბერალისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში სამინისტრომ საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტისა და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვის 9 ფაქტი შეისწავლა. სამინისტროში განმარტავენ, რომ აღნიშნული ფაქტების შესწავლის შედეგად აღმოჩენილი დარღვევების აღმოფხვრის მიზნით, სკოლებს წერილობითი გაფრთხილებები და მითითებები მიეცათ.
მოხის სკოლაში თეონა ბერიძის მიმართ სავარაუდო დისკრიმინაციული მოპყრობის შესწავლისა და შესაბამისი რეაგირების მოთხოვნით განათლების სამინისტროს „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) და „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა“ (TDI) მიმართეს, რის შემდეგაც სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა საქმე შეისწავლა.
აუდიტის დასკვნამ თეონა ბერიძის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი და შესაბამისად დირექტორის პასუხისმგებლობა არ დაადგინა. მუსლიმი მოსწავლეები „ლიბერალთან“ საუბარში აღნიშნავენ, რომ აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები დირექტორის მიმართ ცალსახა კეთილგანწყობით გამოირჩეოდნენ, მოსწავლეებს ჯეროვნად არ უსმენდნენ და დასცინოდნენ კიდეც.
აღსანიშნავია, რომ აუდიტის მიერ გამოგზავნილ დასკვნაში დაშტრიხულია ის ნაწილი, სადაც უნდა ეწეროს, თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო აუდიტმა შესაბამისი გადაწყვეტილება. დასკვნაში ვერც იმას ამოიკითხავთ ცალსახად, აუკრძალა თუ არა დირექტორმა მოსწავლეს თავსაფრის ტარება.
აუდიტის სამსახური მიუთითებს, რომ რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვის მიზნით, სკოლებს მსგავსი აკრძალვის დაწესების ლეგიტიმური საფუძველი აქვთ, რომ სკოლაში თავსაფრის ტარება ყველა მოსწავლეს ეზღუდება და შესაბამისად, არც თეონა ბერიძე ყოფილა გამონაკლისი. სამინისტრო ამას იმ არგუმენტით ამართლებს, რომ სკოლის ტერიტორიაზე არააკადემიური დანიშნულებით რელიგიური სიმბოლიკის გამოფენა დაუშვებელია, თავსაფარი კი სწორედ ასეთ ატრიბუტად მიაჩნია. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეზღუდვის დაწესება შიდა აუდიტის დეპარტამენტმა სხვა საჯარო სკოლების შემთხვევაში ასევე გამართლებულად მიიჩნია.
აუდიტი თავსაფრის ტარების შეზღუდვას იმ არგუმენტითაც ამართლებს, რომ სკოლაში მოსწავლისთვის შეღებილი თმით მისვლა იკრძალება, თავსაფრის ტარების შემთხვევაში კი ძნელი იქნება იდენტიფიცირება, შეღებილი აქვს თუ არა თმა მოსწავლეს.
აუდიტის დასკვნა EMC-მა განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან გაასაჩივრა. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ თავსაბურავის მოხსნის თაობაზე დირექტორის მითითება უკანონო იყო, რადგან სკოლის წესდებაში რელიგიური ატრიბუტიკის გამოყენების შემზღუდავი ჩანაწერი არ არსებობს. ამასთან, საჩივარში მითითებულია, რომ მოსწავლის მიერ თავსაბურავის ტარება რწმენის ინდივიდუალური გამოხატვის ფორმაა და ზოგადი განათლების შესახებ კანონი და მისი სულისკვეთება ინდივიდუალური რწმენის გამოხატვას ახალისებს და იცავს. საჯარო სკოლაში რელიგიური ატრიბუტიკის არააკადემიური მიზნებისთვის გამოყენების აკრძალვა სკოლის ინფრასტრუქტურასა და ადმინისტრაციას ეხება და იმ პირობებში, როდესაც განათლების სამინისტროს პოლიტიკა საჯარო სკოლებში სეკულარული გარემოსა და სასწავლო პროცესის შექმნის მიმართულებით არსებითად სუსტია, ინდივიდუალურ დონეზე რწმენის გამოხატვის შეზღუდვა, რომელიც ჩვენს კულტურულ კონტექსტში სწორედ მუსლიმების მიმართ გამოიყენება დისკრიმინაციულ კონოტაციას ატარებს და პოლიტიკური უპასუხისმგელობაა. მუსლიმი თემის დისკრიმინაციისა და მარგინალიზების პირობებში, ახალგაზრდა მუსლიმი ქალების მიერ თავსაბურავის ტარება - საკუთარი რელიგიური იდენტობის ხაზგასმაა და პოლიტიკური წინააღმდეგობის შინაარსს ატარებს, შესაბამისად, დეპარტამენტის დასკვნაში წარმოდგენილი განმარტებები სოციალურად არაადეკვატურია და საქართველოში მცხოვრებმა მუსლიმმა თემმა შეიძლება მტკივნეულად აღიქვას.
მიუხედავად EMC-ის მითითებისა სკოლის მიერ გარკვეული პოზიტიური ღონისძიებების გატარების აუცილებლობის შესახებ, აუდიტის დასკვნა სკოლის ადმინისტრაციას მსგავსი ზომების მიღებას არ სთხოვს.
EMC აუდიტის დასკვნის იმ ჩანაწერს უსვამს ხაზს, რომელშიც ნათქვამია, რომ „სასკოლო სივრცეში და (არამხოლოდ) მყოფ პირთა ნაწილი თავსაფრის ტარების თემას უკავშირებს სასკოლო სივრცის გარეთ მიმდინარე პროცესებს, კერძოდ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში რელიგიური დანიშნულების ობიექტის მშენებლობის საკითხს“.
„ამ სიტყვებით აუდიტის დეპარტამენტი აღიარებს სკოლაში რელიგიური ნიშნით შექმნილ შესაძლო დაძაბულობას. ამავე დროს განმარტავს, რომ დირექტორის მიერ მოსწავლისთვის მე-12 კლასში ჩარიცხვის შესახებ ბრძანების გაცნობა „შესაძლებელს გახდიდა კონფლიქტის დროულად მოგვარებას“. ასეთი კონტექსტის მიუხედავად, განათლების სამინისტრომ არც პოზიტიური ღონისძიებების გატარება ჩათვალა საჭიროდ და ეს გარემოებები არც თავსაფრის შეზღუდვის სავარაუდო დისკრიმინაციულობის შეფასების ეტაპზე გაითვალისწინა“, - ამბობს EMC-ის იურისტი მარიამ ბეგაძე.
სანამ განათლების სამინისტრო მოხელი მოსწავლის საქმეს შეისწავლის, მუსლიმი თემის უფლებრივი მდგომარეობა სოფელში აქტუალურ საკითხად რჩება. თეონა ბერიძემ სკოლა დაამთავრა, თუმცა ძნელი სათქმელია, დასრულდა თუ არა ამით სავარაუდო დისკრიმინაციასთან ბრძოლა. მოხე ხომ ის საზოგადოებაა, სადაც მუსლიმები და ქრისტიანები უკვე წლებია, თანაცხოვრობენ. თუ რამდენად კეთლმეზობლურია ეს თანაცხოვრება, ამაზე ხშირად დიდი მნიშვნელობის პატარა მოვლენები მეტყველებენ, როგორებიცაა, მაგალითად, ე.წ. სადავო ნაგებობისთვის ან სკოლაში თავსაფრით სიარულისთვის ბრძოლა.
სტატია პირველად გამოქვეყნდა www.liberali.ge-ზე.
სტატიის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც „აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს" (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. ვიდეორგოლის შინაარსზე პასუხისმგებელია „ლიბერალი". ის შესაძლოა არ ასახავდეს USAID, აშშ-ის მთავრობის ან „აღმოსავლეთ- დასავლეთის მართვის ინსტიტუტის" შეხედულებებს
ინსტრუქცია