[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / მედია

სეკულარიზმის კრიზისი საჯარო სკოლებში - განათლების სისტემის მწვავე გამოწვევა

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში გამოვლენილი რელიგიური კონფლიქტების მიზეზები შეისწავლა. კვლევის ფარგლებში გამოკითხეს ნიგვზიანის, წინწყაროსა და სამთაწყაროს სკოლის პედაგოგებიც.“ლიბერალი” კვლევის ავტორს თამთა მიქელაძეს ესაუბრა.

კვლევის ფარგლებში გამოიკითხა ნიგვზიანის, სამთაწყაროს და წინწყაროს სოფლების საჯარო სკოლის მასწავლებლები. რა ვითარებაა სკოლებში, რამდენად უზრუნველყოფილია სეკულარული გარემო?

კვლევის ფარგლებში ვიკვლევდით რელიგიური კონფლიქტის მიზეზებს. ამავე კვლევის ფარგლებში შევისწავლეთ, თუ როგორ არის უზრუნველყოფილი სეკულარიზმის პრინციპი და რელიგიური ნეიტრალიტეტის მოთხოვნა საჯარო სკოლებში. გამოვკითხეთ მშობლები, მასწავლებლები. მასწავლებელთა ახსნა-განმარტებებში დაფარული პრობლემები გამოიკვეთა. როდესაც მასწავლებლები ცალკეულ პოლიტიკურ და ისტორიულ ფაქტებზე საუბარს იწყებენ, ცხადი ხდება, თუ როგორია მათი ღირებულებითი სისტემები და რწმენა. საკვლევი სოფლები (ნიგვზიანი, სამთაწყარო, წინწყარო) აჭარელი მუსლიმებითაა დასახლებული. შესაბამისად, ჩვენი კვლევის მიზანი აჭარელ მუსლიმებთან დაკავშირებული აღქმებისა და დამოკიდებულებების შესწავლა იყო.

აღმოჩნდა, რომ სამივე სოფლის სკოლის მასწავლებლებისთვის მისაღებია ადგილობრივ მართლმადიდებელ თემში აჭარელი მუსლიმების მიმართ არსებული დისკრიმინაციული და სტიგმატიზირებული დამოკიდებულება. ადგილობრივი მართლმადიდებლების აღქმაში ქართველი მუსლიმის იდენტობა კონფლიქტური და მიუღებელია. მათი რწმენით, აჭარლების გამუსლიმანება ძალადობის, ისტორიული შეცდომის შედეგია და ისინი აუცილებლად უნდა დაუბრუნდნენ ქრისტიანულ რწმენას.

როგორ აისახება სწავლის პროცესსა და სასკოლო ურთიერთობებზე პედაგოგთა ასეთი დამოკიდებულებები?

ჩვენ კვლევის ფარგლებში სასწავლო პროცესზე დაკვირვების საშუალება არ გვქონია. პროზელიტიზმისა და იდოქტრინაციის პრობლემაზე ადგილობრივი მუსლიმური თემის წამომადგენლები საუბრობდნენ. მუსლიმი აჭარელი მშობლები ამბობენ, რომ სკოლებში ხშირად არა მხოლოდ ღია ქადაგებას აქვს ადგილი, რაც ქრისტიანული ლოცვების წაკითხვაში, სკოლის ინფრასტურქტურაში რელიგიური სიმბოლოების გამოყენებაში, ისტორიული ნარატივების არასწორ ინტერპეტაციაში გამოიხატება, არამედ ადგილი აქვს დისკრიმინაციულ მიდგომებსაც. მასწავლებლების ახსნა-განმარტებებიდან ჩანს, რომ,

მაგალითად, მასწავლებლები  ვერ ხედავენ პრობლემას იმაში, რომ აჭარელმა მუსლიმებმაც ქრისტიანულად შეიძლება ილოცონ. მასწავლებლები ბავშვებს ეუბნებიან, რომ მათი რწმენა ისტორიული შეცდომაა. მოწყვლადი ჯგუფის ბავშვებისთვის იმის თქმა, რომ სრულფასოვანი მოქალაქეობისთვის და სოციალური ინტეგრაციისთვის აუცილებელი პირობაა ქრისტიანული რწმენის მიღება, მათ სტიგმატიზაციას განაპირობებს და ძალადობის ფორმას წარმოადგენს.

მაგალითად: სამთაწყაროში ერთ-ერთ ინტერვიუში აჭარელმა მუსლიმმა მოგვითხრო, რომ: „სკოლაში ამის გამო შეხლა-შემოხლა იყო. ჩემი შვილი მოვიდა და მეკითხება, დედა მე ვინ ვარო. ე.ი რაღაც მოხდა. მე ვუპასუხე, ქართველი ხარ-მეთქი. მუსლიმი ვარო? ვუთხარი, რა ვიცი, შენ ჯერ არც მოგვინათლიხარ, გაიზრდები და თვითონ გადაწყვეტ-მეთქი. ჯერ არ ხარ მუსლიმი, ასე გადაეცი, ვინც რამეს გეტყვის-მეთქი. აჭარელ მუსლიმებს მიაჩნიათ, რომ მათი შვილები თავისუფლები არიან და მათივე გადასაწყვეტია რომელ რწმენას აირჩევენ. თუმცა ასევე გამოხატავენ სურვილს, რომ შვილებმა მათი ტრადიციები შეინარჩუნონ და ისლამზე დარჩნენ. საინტერესოა ერთი ტენდენცია, რომ აჭარელი მუსლიმების ის ნაწილი, რომელიც იღებს ქრისტიანულ რწმენას, საკმაოდ რადიკალურები არიან და ემიჯნებიან ისლამს.

სკოლაში მუსლიმი აჭარელი მასწავლებლები არ ასწავლიან?

მაგალითად სოფელ ნიგვიანის საჯარო სკოლაში მუსლიმი მასწავლებლები საერთოდ არ ასწავლიან. არადა ამ სოფლებში მოსახლეობის უმრავლესობა აჭარელი მუსლიმია. წინწყაროში დაწყებით საფეხურზე რამდენიმე აჭარელი მუსლიმი პედაგოგი ასწავლის. ნიგვზიანის საჯარო სკოლაში კი ყველა პედაგოგი ქრისტიანი იყო. აღნიშნულ სოფელში პროზელიტიზმის და იდოქტრინაციის საკითხი უფრო მწვავედ იდგა.

გამოიკითხა თუ არა კვლევის ფარგლებში სკოლის დირექტორები? სკოლებში სეკულარული გარემოს შექმნაზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი პირი ხომ სკოლის დირექტორია?

ჩვენ გამოვკითხეთ სკოლის დირექტორებიც, ისინი ამბობენ, რომ მათთვის არავის მიუმართავს მსგავსი პრეტენზიით. სხვათა შორის, ამას აჭარელი მუსლიმებიც აღიარებენ. ისინი არ იყენებდნენ სამართლებრივ მექანიზმებს, ან პროტესტის გამოხატვის ფორმას. ასეთი ფორმებით საკუთარი უფლებების დაცვა მათთვის მისაღები არ არის.

თუმცა რელიგიური კონფლიქტების შემდეგ აცხადებენ, რომ თავიანთ უფლებებს უფრო ღიად დაიცავენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებმა საკუთარი უფლებები დაიცვან და არ ჩათვალონ, რომ ეს მათ სოციალურ ინტეგრაციას პრობლემებს შეუქმნის. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესებს სასულიერო პირთა ქადაგებები ახალისებს.

ჩვენი კვლევის ფარგლებში გამოვკითხეთ ადგილობრივი სასულიერო პირები. მათი ინტერვიუების დისკურს-ანალიზი აჩვენებს, რომ ისინი ხელს უწყობენ მტრის ხატების  შექმნასა და აჭარელი მუსლიმების ინდოქტრინაციას. ნიგვზიანის შემთხვევაში ადგილობრივი დეკანოზი უთითებდა, რომ მეჩეთი სატანისტების ბუდეა. სასულიერო პირები რიგ შემთხვევებში აჭარელი მუსლიმების მიმართ დამამცირებელ გამონათქვამებს იყენებენ და ამბობენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ისინი თავიანთ თავდაპირველ რწმენას დაუბრუნდნენ.

კვლევის პირველ ეტაპზე თქვენ რეკომენდაციით მიმართეთ განათლების სამინისტროს. განათლების სამინისტრომ ამ სკოლებში არსებული ვითარება შეისწავლა?

კვლევის პირველადი შედეგები ჩვენ გავაცანით სამინისტროს. ჩვენ ახლაც უნდა გადავუგზავნოთ კვლევის საბოლოო ანაგარიში და რეკომენდაციები. ჩვენი მთავარი რეკომენდაცია ეფექტური მონიტორინგის მექანიზმის ამოქმედებაა. მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში მონიტორინგის სამსახურის შესვლა მიმართვიანობაზე არ იყოს დამოკიდებული. სამინისტრომ პროზელიტიზმთან და ინდოქტრინაციასთან დაკავშირებული პრობლემები თავად პროაქტიულად უნდა აღმოაჩინოს.

არატოლერანტული განწყობები ხშირად დაფარულია და მათი იდენტიფიცირება სათანადო მეთოდოლოგიის გამოყენებას საჭიროებს. განათლების სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს პრობლემების მიგნებისა და მოგვარების ეფექტური მექანიზმი. ეს საკითხი სამინისტროს პრიორიტეტად უნდა იქცეს.

სკოლებში ღიად ჩანს, რომ რელიგიური ატრიბუტიკა მხოლოდ აკადემიური მიზნებისთვის არ გამოიყენება. მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიისა და ლიტერატურის გაკვეთილები, ამ საგნების სწავლების პროცესში ხშირად ხდება მეზობელი ქვეყნების არასწორად წარმოჩინება, რაც რელიგიურ პრობლემებს აჩენს. ხშირად ისტორიულ წარსულსაც არასწორად იაზრებენ. თურქეთი და აზერბაიჯანი მოიაზრება როგორც მტერი, ისლამი კი - როგორც მტრის რელიგია.

პრობლემა მასშტაბურია. მონიტორინგის სამსახური პრობლემას მხოლოდ ნაწილობრივ მოაგვარებს. როგორც თქვენ აღნიშნეთ, მთავარი პრობლემა პედაგოგია, რომელთა დამოკიდებულებებში დისკრიმინაციული მიდგომები იკვეთება . . .

სკოლებში არსებული რეალობა ამავე დროს არის ინდიკატორი იმისა, თუ როგორი პროცესი მიმდინარეობს საზოგადოებაში და როგორია მისი ღირებულებითი სისტემა. ამ პრობლემის მოგვარებას მხოლოდ განათლების სამინისტრო ვერ შეძლებს. მნიშვნელოვანია საჯარო დისკუსიების გამართვა ამ თემებზე და სახელმწიფოს თუ სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევა  საზოგადოებაში ტოლერანტობისა და სოლიდარობის გაზრდის მიზნით. ეს კომპლექსური პროცესია და ის საზოგადოებაში ფუნდამენტურ სოციალურ და კულტურულ ცვლილებებს უკავშირდება. ამ მიმართებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო განათლების როლი.

სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს მასწავლებლების ცნობიერების ამაღლების პროგრამები. ასეთი პროგრამები ახლაც ხორციელდება, მაგრამ რეალობაში სხვა პრობლემები იქმნება. ეს საკითხი უნდა გახდეს განათლების სამინისტროს პრიორიტეტი. ამ საკითხთან მიმართებაში საფუძვლიანად უნდა გადაიხედოს განათლების სამინისტროს პოლიტიკა. სხვაგვარად ჩვენ ვერ შევქმნით სეკულარულ სივრცეს. ეს პრობლემა მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და პლურალისტური, თავისუფალი საზოგადოების მშენებლობის პროცესს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“