საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
"საქმეების მოსამართლეებზე ელექტრონული განაწილების სრულფასოვნად ამოქმედების მხარდაჭერა ხელისუფლებისგან არ არსებობს… ისევ არიან მოსამართლეები, რომლებიც საქმეებს საერთოდ არ განიხილავენ. მოსამართლეების უმრავლესობას კი იმდენი საქმე აქვს, რომ მათ სხვა, ასევე მოსამართლეებისთვის აქტუალური პროცესისთვის მართლა აღარ რჩებათ დრო", – ამბობს სოფო ვერძეული, "ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის" EMC-ის იურისტი. ეს ორგანიზაცია სწავლობს, როგორ მუშაობს მოსამართლეების ელექტრონული განაწილების სისტემა, რომელიც 2017 წლის ბოლოს ამოქმედდა საქართველოში.
"მნიშვნელოვან პრობლემად რჩება სასამართლოს თავმჯდომარეების უფლებამოსილება", – გვიყვება სოფო ვერძეული. – "დიდ სასამართლოებში თავმჯდომარეს აქვს ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების უფლება გაანაწილოს საქმეები ვიწრო სპეციალიზაციის მიხედვით და შემდეგ ეს შემადგენლობა ერთ დღეში შეცვალოს. ეს გამონაკლისი აზრს უკარგავს ელექტრონულ გადანაწილებას, რაც თავის არსში მოიაზრებს იმას, რომ არ უნდა ვიცოდეთ, რომელი საქმის განხილვა მოუწევს მოსამართლეს".
"ადრე თუ თავმჯდომარე საქმეს პირდაპირ ანაწილებდა, ახლა მოსამართლე ნაწილდება საქმეზე. ფაქტობრივად, ასე გამოდის. ეს პირდაპირ უქმნის საფრთხეს მოსამართლის დამოუკიდებლობას, რადგან იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ამ დრომდე არ მიუღია აქამდე არანაირი რეგულაცია, რაც განსაზღვრავდა, რა შემთხვევაში შეიძლება შევიდეს ამა თუ იმ შემადგენლობაში მოსამართლე. ვინ ვისთან ზეპირად რაზე შეთანხმდა, ამაზე ხომ ვერ ვისაუბრებთ",– ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი. მისივე თქმით, საბჭოს ამ კუთხით მოსამართლეებისგან არცერთი საჩივარი არ მიუღია. "როცა სისტემა ისევ კლანის ხელშია, ხმას ვერავინ ამოიღებს", – დასძენს ის.
ასე არ თვლის გიორგი მიქაუტაძე – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. "ელექტრონული გადანაწილების სისტემა არის საკმაოდ დახვეწილი და იგი გამართულად ფუნქციონირებს", – გვითხრა მან.
გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ სამოქალაქო ორგანიზაციებს, ასევე საბჭოს არამოსამართლე წევრებს ამ თემაზე არაერთხელ ესაუბრა და განუმარტა, რომ საქმეების კოლეგიური წესით განხილვის შემთხვევაში, საქმეების ელექტრონული გადანაწილების წესის შესაბამისად მუშაობა "სასამართლოს პარალიზებას" გამოიწვევს და ამ წესის შემთხვევაში "სამჯერ მეტი მოსამართლე იქნება საჭირო".
"ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრში" აზუსტებენ ახალ მონაცემებს – დაიწყო თუ არა აქტიურად საქმის განხილვა, მაგალითად, მიხეილ ჩინჩალაძემ, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა, ან დიმიტრი გვრიტიშვილმა – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ.
"მაგალითად, მიხეილ ჩინჩალაძის მიერ განხილული საქმეების რაოდენობა 0 პროცენტი იყო წლის დასაწყისში… ძირითადად, არგუმენტი არის ის, რომ ეს ადამიანები ასრულებენ ადმინისტრაციულ ფუნქციებს, თუმცა თითოეულ სასამართლოში არის სასამართლოს მენეჯერი ამისთვის. არ არსებობს იმის საჭიროება, რომ სასამართლოს თავმჯდომარე აქტიურად იყოს დაკავებული ადმინისტრაციული და ტექნიკური საკითხების მოგვარებით. მაშინ, როცა სასამართლო სისტემა მუდმივად საუბრობს გადატვირთულობასა და მოსამართლეების სიმცირეზე, არიან კონკრეტული მოსამართლეები, რომლებიც საქმეებს საერთოდ არ განიხილავენ",– აღნიშნავს სოფო ვერძეული, EMC-ის იურისტი.
"როგორ წარმოგიდგენიათ, სასამართლოს თავმჯდომარემ განიხილოს საქმეები, სადაც 600 ადამიანია აპარატში და 100 მოსამართლე მუშაობს? მეც ადრე განვიხილავდი გარკვეული რაოდენობის საქმეებს, თუმცა არის პერიოდი, როცა ეს შეუძლებელი ხდება, როცა ყოველდღიურად გადაწყვეტილებების მიღება გიწევს. იუსტიციის საბჭო არის ბოჭორმის ქუჩაზე და სასამართლო არის დიღომში, აღმაშენებლის ხეივანში", – გვიპასუხა გიორგი მიქაუტაძემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, რომელიც ამავდროულად მოსამართლეა თბილისის საქალაქო სასამართლოში. მას შევახსენეთ, რომ თითოეულ სასამართლოში არსებობს სასამართლოს მენეჯერი – ადმინისტრაციული საკითხების მოსაგვარებლად.
"კი, გადანაწილებულია მენეჯერთან, რა თქმა უნდა, ეს ფუნქციები… ერთ მაგალითს გეტყვით, არის წესრიგს დარღვევის შემთხვევები, აქციები, გახმაურებული საქმეები, დამსწრე პირების მღელვარება და ასეთ შემთხვევაში, თავმჯდომარემ უნდა მოახდინოს იმწუთიერი რეაგირება. ამათ გარდა, არის კიდევ საკადრო საკითხები. თავმჯდომარის ნამდვილად არ აქვს ის დრო, რაც აქვს მოსამართლეს", – გვიპასუხა გიორგი მიქაუტაძემ.
"პრივილეგირებული მოსამართლეების ჯგუფი საქმეების განხილვისგან ისვენებს", – მიიჩნევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი. ის გვესაუბრა კონკრეტულ სამართლებრივ აქტზე, რომელიც იუსტიციის საბჭომ მიიღო და იმ მოსამართლეების დატვირთულობის პროცენტულობას ადგენს, ვინც სასამართლოს ხელმძღვანელი პირია, ან მოსამართლეობის პარალელურად იუსტიციის საბჭოს წევრიცაა.
"მაგალითად, დიმიტრი გვრიტიშვილის დატვირთვა, რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა და თან იუსტიციის საბჭოს წევრი, 10 პროცენტი შეიძლება იყოს. ეს არის ზედა ზღვარი… ისეა გაწერილი ყველაფერი, რომ დატვირთვა ამ პირების იყოს მინიმალური. იმ სასამართლოში, სადაც მოსამართლეების რაოდენობა 7-ზე ნაკლებია, თავმჯდომარემ შესაძლოა საქმეების 50 პროცენტი განიხილოს, ხოლო იქ, სადაც მოსამართლეების რაოდენობა 7-ზე მეტია, მაგალითად, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, თავმჯდომარემ შეიძლება განიხილოს საქმეების 20 პროცენტი", – განმარტავს ნაზი ჯანეზაშვილი.
საქალაქო და რაიონული სასამართლოების შემთხვევაში შესაძლებელია ერთი კოლეგიის მოსამართლემ მეორეში იმუშაოს – მართლმსაჯულების სისტემის შეუფერხებელი მუშაობის მოტივით. ამას კონკრეტული მოსამართლის თანხმობა სჭირდება.
EMC-ის იურისტი, სოფო ვერძეული თვლის, რომ ეს წესიც "ერთგვარი ხვრელია" – საქმე კონკრეტული მოსამართლის ხელში მოხვდეს.
"ამ დროს ხდება ის, რომ მოსამართლე, თუ მან საქმე არ უნდა განიხილოს, თვითაცილებას ახდენს… ამიტომაც გვაქვს ზოგ საქმეზე გაუგებარი თვითაცილება. ამ კუთხითაც კონკრეტული რეგულაცია იუსტიციის საბჭოს არ მიუღია", – განმარტავს სოფო ვერძეული.
გიორგი მიქაუტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი: "ეს არის აბსურდი. მართლა შეთქმულების თეორიას ნუ დავამსგავსებთ… წარმოიდგინეთ, რამხელა დანაშაულებრივი ჯაჭვი უნდა შეიქნას, რომელმაც უნდა განახორციელოს ძალიან ბევრი უკანონო ქმედება, რომლის კვალიც დარჩება, დანამდვილებით მინდა გითხრათ".
ნაზი ჯანეზაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი: "მე არც ის შემთხვევა მახსოვს, როცა მოსამართლემ გააპროტესტა ერთი კოლეგიიდან მეორეში გადაყვანა. ერთი იყო მხოლოდ უზენაეს სასამართლოში და იმ მოსამართლემ სასამართლო დატოვა. ჩვენ მივიღეთ სისტემა, როცა მოსამართლეები ვერ იცავენ საკუთარ თავისუფლებას, დამოუკიდებლობას. თუ შენ რაღაცას აპროტესტებ, სისტემიდან მიდიხარ. გასაუბრებაზეც ყველა კანდიდატს ვეკითხებოდი, რას ფიქრობდნენ ისინი ჩინჩალაძის კლანზე. არავინ ამ თემაზე არ ისაუბრა. ეს არის სისტემა, სადაც ფასობს სიჩუმე და მორჩილება".
ერთადერთი საკითხი, რაზეც არავინ დავობს, თავად ელექტრონული განაწილების პროგრამაა, რომელიც ინფორმაციის შეყვანის შემდეგ, საქმისთვის შემთხვევითობის პრინციპით არჩევს მოსამართლეს. სადავო "გამონაკლისებია", რის შეცვლასაც იუსტიციის საბჭო არ აპირებს.
ელექტრონული გადანაწილების პროგრამის მიმართაც აქვს განსხვავებული მოსაზრება ნაზი ჯანეზაშვილს:
"თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამან უნდა უზრუნველყოს თანაბრობა, ასე არ არის, რადგან პროგრამა ვერ ადგენს, რომელი საქმე რა სირთულისაა".
ინსტრუქცია