საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
საქართველოს მთავრობამ დღეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო - შექმნა. მისი დებულება ჯერ ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა. თუმცა არსებობს მთავრობის ზოგადი კომენტარი, სადაც განმარტებულია სააგენტოს შექმნის მოტივები, მიზნები და მიზეზები. სამწუხაროდ, ამ დახურულობის გამო მსჯელობა მხოლოდ საჯარო გაცხადებებზე დაყრდნობით მიწევს. დებულების გასაჯაროებამ შეიძება ზოგიერთ კითხვას, რომელიც ქვემოთ იქნება დასმული ნათელი მოჰფინოს, თუმცა ის ვერ შეძლებს მათი არსის არსებით შეცვლას.
მთავრობა ამბობს, რომ კომისიის შექმნის უპირველესი მიზანი რელიგიური საკითხების შესახებ პოლიტიკას განახორციელებაა. ანუ სახელმწიფო მიიჩნევს, რომ არსებობს რაღაც თემები რელიგიასთან მიმართებაში, რომლის გადაჭრასაც მუდმივი სტრუქტურა სჭირდება. ეს ძალიან გავს რელიგიურ საკითხთა არაფორმალურ სამინისტროს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.
არაფერი მიუთითებს მთავრობის არგუმენტის რელევანტურობაზე, თითქოს საჭირო იყოს რაიმე ცალკე ორგანო, რომელიც ექსკლუზიურად რელიგიაზე იმუშავებს. საქართველოში რელიგიის თავისუფლების შესახებ შიდა თუ საერთაშორისო დონეზე მომზადებული მრავალი რეკომენდაციის შეცველი უამრავი ანგარიში არსებობს, მაგრამ ვერ ვიხსენებ თუნდაც ერთს, რომელიც ამ ფორმისა და ლოგიკის სტრუქტურის შემქნას შეეხებოდეს.
ეს სტრუქტურა საქართველოს მთავრობაში არ არსებობს. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ საბიუჯეტო სახსრების არარელევანტური ხარჯვა, ის გაცილებით მეტია და სახელმწიფოს ხედვის არაადეკვატურობაზე მიუთითებს. სახელმწიფოს სჭირდება სოლიდარობაზე დაფუძნებული ინკლუზიური პოლიტიკა, რომელიც ყველა მარგინალიზებულ ჯგუფს მისცემს საკუთარი თავისუფლების თანასწორ პირობებში გამოყენების საშუალებას, და არა ექსკლუზიურად რელიგიური საკითხებში პოლიტიკის გამტარებელი ცალკე სტრუქტურა, რომელიც ძალიან მარტივად შეიძლება რელიგიური უმცირესობების კონტროლის მექანიზმად იქცეს. ხდება ხოლმე, რომ როცა უფუნქციო სტრუქტურები თავად პოულობენ ხოლმე საქმეს, ეს საქმე, როგორც წესი, ჩრდილოვანია, ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ კომისიას განსაკუთრებული აქცენტი რელიგიურ უმცირესობებზე ექნება გამახვილებული. სააგენტომ უნდა დაარეგულოს იმ 4.5 მილიონთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ რელიგიურ უმცირესობებს გამოუყო, თუმცა კითხვა ასეთია: რას ვუშვებით ამაზე 5-ჯერ მეტ თანხას, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია იღებს და რომელსაც არასოდეს არავინ აკონტროლებდა.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი არის ის, რომ 2013 წლის 29 ნოემბერს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისია, რომლის ფუნქციებიც დიდწილად სააგენტოს იდენტურია. ყოველ შემთხვევაში რა კომპეტენციაზეც იყო საუბარი მთავრობის ზეპირ განცხადებებში, თითქმის ყველა ის კომპეტენცია უწყებათაშორის საბჭოს უკვე აქვს. ეს კიდევ უფრო გაუგებარს ხდის სააგენტოს ფუნქციებს.
და ბოლოს, სააგენტო პირდაპირ პრემიერს ექვემდებარება და არა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, რომლის პირდაპირი ფუნქცია სწორედ ამგვარ თემებზე მუშაობა უნდა იყოს. ეს კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვს იმის შესახებ, რომ ის დეკლარირებული მიზნებისგან დაშორებული მოტივაციით შეიქმნა.
ინსტრუქცია