საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
"ის, რაც პანკისთან დაკავშირებით ბატონმა გომელაურმა თქვა, ადასტურებს იმას, რომ მას და ალბათ მთავრობასაც, სათანადოდ არ აქვს გააზრებული ის შეცდომები, რაც პანკისის ხეობაში დაუშვეს", – ასე აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის იურისტი თამთა მიქელაძე შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის დღევანდელ განცხადებას პარლამენტში.
გომელაურის თქმით, 21 აპრილს, პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მოსახლეობის პროტესტისას, შეიძლება სპეცრაზმი უფრო დიდი რაოდენობით შეეყვანა ხეობაში, ვიდრე მის წინამორბედს, გიორგი გახარიას.
თამთა მიქელაძის თქმით, მინისტრობის კანდიდატის განცხადება მიანიშნებს, რომ თავადაც "რეპრესიულ აპარატს" გამოიყენებდა ადგილობრივთა პროტესტის ჩასახშობად.
"მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე მინისტრმა გახარიამ საჯაროდ არაერთხელ მიუთითა, რომ აღიარებს პანკისში დაშვებულ შეცდომებს, მას ბოლომდე არ ჰქონდა დაკონკრეტებული, ეს შეცდომები რას გულისხმობდა. იყო მითითება კოორდინაციის ნაკლებობაზე, ინფორმაციის არარსებობის პრობლემაზე, მაგრამ უფრო შორს გახარიას მხრიდან შეცდომების აღიარებაზე საუბარი არ წასულა.
გომელაურის დღევანდელი რიტორიკა იმის თაობაზე, რომ ის პირადად უფრო მეტ სპეც.რაზმელს შეიყვანდა პანკისის ხეობაში, ნიშნავს იმას, რომ სწორედ რეპრესიული აპარატითა და მიდგომებით ადგილობრივების უკმაყოფილების ჩახშობა არის ის სტრატეგია, რომელსაც ის გამოიყენებდა", – აღნიშნავს მიქელაძე "ნეტგაზეთთან" საუბრისას.
იურისტი მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული რიტორიკიდან გამომდინარე, ხელისუფლება ვერ იაზრებს უკმაყოფილების რეალურ მიზეზებს, რაც პანკისის ხეობის მოსახლეობას არაერთი მიმართულებით გააჩნია. მისი თქმით, პირველ რიგში, ეს არის "კონტროლსა და დასჯაზე ორიენტირებული პოლიტიკა", რომელსაც სახელმწიფო წლების განმავლობაში ახორციელებს ხეობაში.
"მეორე მხრივ, ეს არის მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმე, რომლის გამოძიება არ მოხდა და სამართლიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა. უნდა ითქვას, რომ სხვა საქმეებშიც, როდესაც საქმე ეხებოდა სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი ოპერაციების დროს ქისტების გარდაცვალებას, არცერთი საქმე არ არის გამოძიებული, სიმართლე დადგენილი და კონკრეტული პირები დასჯილი. ეს განცდა, რომ მათ მიმართ სამართლიანი მართლმსაჯულება არ ხორციელდება და მათი სიცოცხლე საკმარისად აღიარებული არ არის არსებულ პოლიტიკურ სისტემაში, არსებობს და, ცხადია, მაჩალიკაშვილის საქმემ ეს ტრავმა გააღრმავა.
მესამე, ბუნებრივია, ეს არის ჰესების მშენებლობა, როცა კერძო ინტერესის გამო უნიკალური მცირე ხეობის დაზიანება ხდება და მათთვის ძალიან ბევრი ეკოლოგიური და სოციალური პრობლემის შექმნა. პატარა ხეობაში 4 ჰესის კასკადი ნიშნავს მთლიანად ლანდშაფტის შეცვლას და რესურსების განადგურებას, რომელიც ეკონომიკური განვითარების კუთხით ამ ხეობას გააჩნია, მათ შორის, ტურიზმის მიმართულებით", – აღნიშნავს ის.
"ნეტგაზეთმა" იურისტს გომელაურის კიდევ ერთ განცხადებაზეც ჰკითხრა, როცა მალხაზ მაჩალიკაშვილის შესახებ კითხვის პასუხად აღნიშნა, რომ "არ არის აუცილებელი ადამიანი დააკავო, მთავარია დანაშაული აღკვეთო". საქმე ეხება სუს-ის მიერ ფარული ჩანაწერის გამოქვეყნებას და განაცხადს, რომ მაჩალიკაშვილს განზრახული ჰქონდა "ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით" რამდენიმე პირის, მათ შორის სუს-ის მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის, მკვლელობა.
თამთა მიქელაძის თქმით, ზემოაღნიშნულ საქმეში მალხაზ მაჩალიკაშვილის დეჰუმანიზაციისა და დაკნინების მცდელობები ჩანს, ისევე როგორც თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გაჩენილი კითხვების გადაფარვის არაერთი განზრახვა. მისი შეფასებით, გომელაურის ეს პასუხი სისტემაში თვითნებობის რისკებზე მიანიშნებს.
"კითხვა, რომელიც ბატონ გომელაურს დაუსვეს, ნიშნავდა იმას, რომ რაღაც კონკრეტული პასუხი უნდა გაეცა. აქაც ჩანს, როგორ არ ჯდება მისი უწყება კანონმდებლობის ფარგლებში და გარკვეული მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იღებს ან ერთ, ან მეორე გადაწყვეტილებას. ბუნებრივია, ეს განცხადება სამართალდამცავ ფუნქციაზე პასუხისმგებელი პირის განცხადებას არ ჰგავს იმიტომ, რომ დანაშაული ან არის, ან – არა. შენ ვალდებული ხარ, რაღაც რეაგირება მოახდინო. მიზანშეწონილობის არგუმენტის შემოყვანა ისევ თვითნებობის რისკებზე მიანიშნებს", – აცხადებს ის.
ინსტრუქცია