[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური პოლიტიკა / მედია

რატომ ვერ გადაჭრის უმუშევრობის პრობლემას ივანიშვილის გეგმა ცირკულარულ მიგრაციაზე

წყარო:

ნეტგაზეთი

Media Cover Image

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ უახლოეს 20 წელიწადში საქართველო  ვერ შექმნის დიდი რაოდენობით სამუშაო ადგილებს და მიაჩნია, რომ გამოსავალი მოქალაქეების ევროპის ქვეყნებში დასაქმებაა. ივანიშვილის ეს ხედვა მთავრობის წევრებმა ერთხმად მოიწონეს. დარგის სპეციალისტების აზრით კი, ეს მიდგომა დასაქმების პრობლემას ვერ გადაჭრის და საზღვარგარეთ ლეგალური დასაქმების მიზანი განსხვავებული უნდა იყოს.

რამდენად არის სწორი (ან რეალურად შესაძლებელი) ივანიშვილისეული გეგმით — ანუ მხოლოდ ცირკულარული მიგრაციის დახმარებით — ქვეყანაში არსებულ უმუშევრობასთან ბრძოლა?

 

რა არის ცირკულარული მიგრაცია?

ის, რისი დახმარებითაც, როგორც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, საქართველოს მოქალაქეები ევროპის ქვეყნებში ლეგალურად დასაქმდებიან, არის ცირკულარული მიგრაცია [ეს ტერმინი თვითონ ივანიშვილმაც ახსენა].

ცირკულარული მიგრაცია, მარტივი განმარტებით, არის მიგრაციის ფორმა, რომელიც მიგრანტებს უცხოეთში ლეგალური დასაქმების საშუალებას აძლევს.

რონდელის ფონდის თანახმად, ცირკულარულ მიგრაციას ევროკავშირის დოკუმენტები განსაზღვრავს, როგორც „მიგრაციის ფორმას, რომელიც დადგენილია იმგვარად, რომ იძლევა ორ ქვეყანას შორის გარკვეული ხარისხის ლეგალური მობილობის შესაძლებლობას“. თუმცა სახელმწიფოები, რომლებიც ასეთ ხელშეკრულებებს აფორმებენ, ყოველწლიურად გარკვეულ კვოტებს აწესებენ მუშახელზე.

როგორც ვანო ჩხიკვაძე, ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ექსპერტი ევროინტეგრაციის საკითხებში, „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, ცირკულარული მიგრაცია შეეხება გარკვეული პროფესიის ადამიანებს და წინასწარაა განსაზღვრული, თუ რა რაოდენობის მუშახელი დასაქმდება.

„ძირითად შემთხვევაში, ეს არის ასიმეტრიული პროცესი, რაც ნიშნავს, რომ „მიმწვევი“ მხარე, ანუ დამსაქმებელი ქვეყანა, განსაზღვრავს, თუ რა პროფესიის და რაოდენობის ხალხი სჭირდება“. მაგალითად მას მოჰყავს პოლონეთთან ცირკლუკარული მიგრაციის შესახებ შეთანხმება, რომლითაც დასაქმების სფეროებად ძირითადად განსაზღვრულია სოფლის მეურნეობა და ტრანსპორტი/ლოჯისტიკა. მისი ინფორმაციითვე, სხვადასხვა ქვეყანასთან მიღწეული შეთანხმებებით, საუბარია რამდენიმე ასეული მოქალაქის დასაქმებაზე.

ამასთან, მისი თქმით, ამ შესაძლებლობას უფრო მეტად ის ქვეყნები იყენებენ, რომლებიც გეოგრაფიულად ახლოს არიან ერთმანეთთან:

„მაგალითად, თუ შეიძლება ასე ითქვას, „მთავარი კონკურენტი“ პოლონეთის შრომის ბაზარზე ჩვენთვის არის უკრაინა. ანუ ძირითად უკრაინიდან მიდის სამუშაო ძალა და იკავებს იმ ადგილებს, სადაც იდეაში საქართველოს მოქალაქეებისთვის შეიძლება იყოს საინტერესო“, — განმარტავს ის.

 

უმუშევრობის პანაცეა?

შეიძლება ითქვას, რომ ცირკულარული მიგრაციაზე შეთანხმების მიზანია, არალეგალურად მყოფ ადამიანებს ლეგალური, უფრო დაცული გარემო შეუქმნას, თუმცა, როგორც ვანო ჩხიკვაძე ამბობს, „არ ყოფილა შემთხვევა, რომ მასობრივ უმუშევრობასთან საბრძოლველად გამოეყენებინოთ ცირკულარული მიგრაცია“.

უმუშევრობის დონის მაჩვენებელი, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მოსახლეობის 12.7%-ია (შედარებისთვის, ევროკავშირში საშუალოდ 6.3%). ამას გარდა, დასაქმებულთა რაოდენობაში დიდია თვითდასაქმებულების წილი [მათ შორის სოფლის მეურნეობაში და საკუთარ ოჯახურ მეურნეობებში დასაქმებულების შრომის შედეგად წარმოებული პროდუქციის დიდი ნაწილი ოჯახური მეურნეობების ფარგლებშივე მოიხმარება].

ვანო ჩხიკვაძე ამბობს: „იმ სიდიდის პრობლემა, როდესაც ოფიციალური სტატისტიკით, ახალგაზრდებში, კერძოდ 20-დან 25 წლამდე ასაკის ადამიანებში, უმუშევრობა არის 30%, ცირკულარული მიგრაცია ამას ვერ გადაჭრის. ეს შეიძლება იყოს მხოლოდ დამატებითი ნაწილი ხედვისა, მაგრამ ის, რომ ეს იყოს პანაცეა და რამე მოაგვაროს, ასეთი რამ არ მომხდარა“.

 

„კაპიტულაცია“

ამ მოსაზრებას ეთანხმება კოტე ერისთავი, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) სოციალური პროგრამის დირექტორი. „ნეტგაზეთთან“ საუბარში ის ამბობს: „მართალია, ასეთი პოლიტიკის გამოცდილება არსებობს, თუმცა შეუძლებელი და წარმოუდგენელია, რომ ის იყოს დასაქმების პოლიტიკის მთავარი ხაზი“.

მისი თქმით, ცირკულარული მიგრაციის შესახებ შეთანხმებები მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ სახელმწიფომ უნდა გააძლიეროს უცხოეთში მყოფი მოქალაქეები, რომლებსაც არალეგალური სტატუსი აქვთ, რაც მათ უფლებების დარღვევის რისკებს უქმნის და შრომის და ცხოვრების არანაირი გარანტიები არ აქვთ, და ისინი ლეგალურ სივრცეში შემოიყვანოს, მაგრამ საკითხი პრობლემური ხდება მაშინ, როცა ეს მიდგომა იქცევა დასაქმების პოლიტიკის მთავარი ღერძად.

 

„ეს, ფაქტობრივად, არის არა განვითარების პოლიტიკა, არამედ გადარჩენის პოლიტიკა. სახელმწიფო კაპიტულაციას აცხადებს და ამბობს, რომ სხვა გამოსავალი არ აქვს, გიშვებთ ემიგრაციაში, მაქსიმალურად გიწყობთ ხელს, რომ არალეგალურ სივრცეში არ აღმოჩნდეთ, — რაც ცუდი არ არის, — თუმცა დანარჩენს არაფერს არ გთავაზობთ და ჩაქნეული აქვს ხელი სახელმწიფოს განვითარებაზე“, — გვეუბნება კოტე ერისთავი.

 

„შეუძლებელია, სახელმწიფო განვითარდეს, როდესაც დასაქმების პოლიტიკა მთლიანად დაფუძნებულია სამუშაო ძალის ექსპორტზე. თუკი განვითარება გვსურს, უნდა ხდებოდეს დასაქმების წახალისება ქვეყნის შიგნით, და ეს უნდა ხდებოდეს ზოგადი ეკონომიკური და ინდუსტრიული პოლიტიკის ფარგლებში და არა განცაკლევებულად, როგორც დღეს ხდება, როცა ეს პოლიტიკები ან არ არსებობს, ან მთლიანად ბაზრის მოთხოვნაზეა მიბმული და არასისტემური და ფრაგმენტულია“, – ამბობს ის.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“