[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მართლმსაჯულება და დემოკრატია / მედია

რას შეცვლის შსს-ს რეფორმა

ინტერვიუ არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" იურისტ სოფო ვერძეულთან

რას უნდა ველოდოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმისგან?

შსს-ს რეფორმა ჩვენთვის - ადამიანებისთვის, ვინც ამ პროცესს დიდი ხანია ველით, მთლიანად სამართალდამცავი სისტემის ფუნდამენტურ ცვლილებას გულისხმობს. უფრო მასშტაბურად თუ შევხედავთ, შეგვიძლია ზოგადად მმართველობის სისტემის გარდაქმნაზე ვისაუბროთ, რადგან მმართველობის დიდი წილი სწორედ სამართლადმცავ სტრუქტურებზე მოდის.

როგორ დაიწყო რეფორმის განხორციელების პროცესი?

შსს-ს რეფორმის იდეა პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გააჟღერა. მოგვიანებით, 2015 წელს შეიქმნა რეფორმის სამთავრობო კომისია, რომელშიც მხოლოდ სამთავრობო უწყების წარმომადგენლები აღმოჩნდნენ. აქ არ არიან არც არასამთავრობო სექტორის, არც საერთაშორისო ორგანიზაციების, არც სახალხო დამცველის, არც აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

როდესაც კომისიის დებულება დამტკიცდა და მისი შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია მივიღეთ, ჩვენ დავუკავშირდით კრიზისების საბჭოს, რომელსაც პრემიერმა ამ რეფორმის წარმართვა დაავალა. პასუხად მივიღეთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა სამუშაო ჯგუფების დონეზე მოხდებოდა, რომელთა შექმნაც მომავალში იგეგმებოდა.

„საუკეთესო საერთაშორისო  პრაქტიკის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი“ - ამ სახელწოდებით ჯგუფი მართლაც შეიქმნა, რომელში მონაწილეობას EMC-იც იღებს. თუმცა, ეს არ არის რეფორმაზე მომუშავე კომისია.

ამ ჯგუფმა პირველი შეხვედრა რამდენიმე დღის წინ გამართთა. შეხვედრა საკმაოდ უცნაურ ფორმატში წარიმართა, ვინაიდან მას მხოლოდ მოწვეული სტუმრები ვესწრებოდით, არ ყოფილან რეფორმაზე მომუშავე სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები.

ეს არის ის ფორმატი რომელშიც ჯგუფმა მუშაობა უნდა გამართოს? - ვკითხეთ ჩვენ კრიზისების საბჭოს წარმომადგენლებს, რომლებიც შეხვედრას ორგანიზებას უწევდნენ, ამაზე ცალსახა პასუხი ვერ მივიღეთ.

გარკვეულ წილად, ამ რეფორმაზე მთავარი პასუხისმგებელი დაკარგულია.

რაზე მიუთითებს ეს თქვენთვის?

ალბათ იმაზე, რომ ამ პროცესის მაღალი გამჭვირვალობის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ რეფურმა უფრო ფუნდამენტური, უფრო პრინციპული უნდა იყოს, ვიდრე ესაა სამართალდამცავი და უსაფრთხოების სტრუქტურების ტექნიკური გაყოფა.

ადეკვატური შიდა დისციპლინირების მექანიზმი არარსებობამ, ამან გამოიწვია ის, რომ სამართალდამცველები საკუთარი ხელმძღვანელობის სრულ ლოიალობას გრძნობენ. ეს დაუსჯელობის სინდრომი მთელ სისტემას მოედო. ბევრი ქეისი შეგვიძლია გავიხსენოთ, სადაც კონკრეტული პოლიციელების დანაშაულების ნიშნები იკვეთებოდა, თუმცა ადეკვატური პასუხისმგებლობები არ დგებოდა.

უფრო კონკრეტულად თქვენი ხედვა როგორია?

საპოლიციო და უსაფრთხოების სამსახურების გაყოფა მნიშვნელოვანია, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი ისაა, ამ გაყოფამ უფრო სახიფათო ფორმა არ მიიღოს. ანუ უფრო გართულდეს მათი კონტროლი. ამის მიღმაა საკითხები, როგორებიცაა პასუხისმგებლობის სისტემის რეფორმა, გენერალური ინსპექციების რეფორმა, დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნა, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიზირების თემა, დგას კადრების შერჩევის საკითხი...

ჩვენ არ ვიცით უსაფრთხოების სამსახური უბრალოდ გამოეყოფა შსს-ს და რომელიმე სხვა უწყების ქვეშ ან დამოუკიდებლად განაგრძობს ფუნქციონირებას, თუ რეფორმა თავად ამ სტრუქტურის მუშაობის ახლებურ დარეგულირებასაც გულისხმობს. ჩვენ ამ სამსახურების მარეგულირებელ აქტებზეც კი არ მიგვიწვდება ხელი. მათი დებულებებიც კი საიდუმლოა. ისიც კი არ ვიცით, ამ სამსახურებში რამდენი ადამიანი მუშაობს. დღეს შსს-ს მთელი სისტემა მიდრეკილია ბუნდოვანი რეგულაციებისა და მმართველობისკენ.

თქვენს ჯგუფს „საუკეთესო საერთაშორისო  პრაქტიკის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი“ ჰქვია, როგორია ეს პრაქტიკა, სად უნდა გავიდეს ზღვარი უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობის გამჭვირვალობასა და სახელმწიფო ინტერესს შორის?

ერთგვაროვანი პრაქტიკა ცხადია არ არსებობს, თუმცა ნებისმიერ მოდელში კონტროლის მექანიზმი არსებობს.  მარეგულილირებელი აქტები ხელმისაწვდომია. ადამიანური რესურსის საკითხიც ღია და გამჭვირვალეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა იყო ერთ-ერთი საარჩევნო პირობა, თუმცა ფიქრობთ რომ მხოლოდ ამაზე პედალირებით შეძლებთ ხელისუფლების დაჩქარებას განახორციელოს რეალური რეფორმა?

ალბათ ფონს გასვლას ასე მარტივად ვერ შევძლებთ. ამ დაპირებებიდან დიდი დროც გავიდა. ეს ჩვენი შეკითხვაცაა, ანუ რა გავლენა ექნება სამუშაო ჯგუფებს რეფორმირების პროცესში?

დაგისვამთ ეს შეკითხვა ადრესატისთვის?

კრიზისების საბჭოსთან - კი, მაგრამ მათგან ცალსახა პასუხს ვერ ვიღებთ.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“