[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / მედია

რას ეფუძნება მორის მაჩალიკაშვილის პატიმრობა?

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით აღძრული საქმის ფარგლებში ერთ-ერთი ბრალდებული არის მორის (ჰუსეინ) მაჩალიკაშვილი, მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, რომელიც წელიწადზე მეტია ბიძასთან ერთად თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამო პროტესტის ნიშნად იდგა პარლამენტის წინ.

26 ივლისს მორის მაჩალიკაშვილის დაკავების საფუძველი გახდა ბრალდება, რომელსაც ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილი და გულისხმობს ჯგუფურ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობას. მისი ადვოკატის, EMC-ს იურისტი ქეთი ჩუთლაშვილის თქმით, მორის მაჩალიკაშვილს ბრალად ედება საპროტესტო აქციის დროს პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მათთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება. ადვოკატი იხსენებს დაკავებამდელ პერიოდს:

"დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე შსს-დან დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ მორის მაჩალიკაშვილს იბარებდნენ გამოკითხვაზე და თუ სურვილი ექნებოდა, უნდა გამოცხადებულიყო საგამოძიებო ორგანოში.

რასაკვირველია, მორისი დათანხმდა გამოკითხვაზე მისვლას და შეთანხმებულიც ვიყავით კონკრეტულ დღეზე, 25 ივლისზე ვიყავით შეთანხმებული და უნდა მისვულიყავით მეც და მორისიც ერთად. თუმცა, წინა საღამოს გამომძიებელმა დაგვირეკა და შეგვატყობინა, რომ გამოკითხვა გადადებული იყო და 25-ში აღარ მივსულიყავით".

მორის მაჩალიკაშვილი მალევე, საავადმყოფოსთან დააკავეს, სადაც ის დაზიანებული ხელის სამკურნალოდ იყო მისული.

ქეთი ჩუთლაშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს, რომ ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არის აბსოლუტურად იდენტური. ისინი მოიცავს გამოკითხვის ოქმებს და გამოკითხულთა უდიდესი ნაწილი არის პოლიციის თანამშრომელი:

"ასევე არის რამდენიმე ვიდეოჩანაწერი და არის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები, რომლებიც საერთოდ არ არის შემხებლობაში მორის მაჩალიკაშვილის სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებასთან".

უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ ბრალდების მიერ წარმოდგენილი მასალით არ ვლინდება მორის მაჩალიკაშვილის დანაშაულთან შემხებლობა:

"არ არის უზრუნველყოფილი დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, რომ პირს რაღაც შემხებლობა შეიძლება ჰქონდეს დანაშაულთან.

წარმოდგენილ მტკიცებულებებში მსგავსი ვარაუდის შექმნა ვერ ხერხდება. არც ერთი გამოკითხვის ოქმი არ მიუთითებს და არ გასცემს რაიმე ინფორმაციას მორის მაჩალიკაშვილის შესახებ".

რაც შეეხება ვიდეო-ჩანაწერს, რომელიც ასევე ერთვის საქმეს, ის ასახავს როგორ ცდილობს მორის მაჩალიკაშვილი ბიძის - მალხაზ მაჩალიკაშვილის გაყვანას ხალხის ჯგუფიდან შედარებით უსაფრთხო ადგილას. ამის შემდეგ ის საერთოდ აღარ ფიქსირდება კადრებში:

"2-3 წუთიანი მონაკვეთია, როცა მორის მაჩალიკაშვილი ფიქსირდება და მთელი ამ ხნის განმავლობაში მისი მოქმედებები აჩვენებს, რომ მისი განზრახვა არ არის ძალადობრივი და არ ცდილობს ძალადობრივი ქმედებები განახორციელოს: პოლიციის თანამშრომლები დააზიანოს, ვინმეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენოს, კორდონი გაარღვიოს და პარლამენტში შეიჭრას. მსგავი რამ არ ფიქსირდება. ნაჩვენებია მხოლოდ ის, როგორ ცდილობს დაიცვას ბიძამისი და გამოიყვანოს მისთვის უსაფრთხო ადგილას".

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებული რამდენიმე პირის მიმართ წინასწარი პატიმრობის შეფარდების საკითხზე სასამართლოს ერთ სხდომაზე იმსჯელა მოსამართლემ. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარე არ ედავება ამ პირებს, რომ ისინი ერთდროულად, შეთანხმებულად სჩადიოდნენ დანაშაულს. იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე პირი ერთად წარდგა სასამართლოს წინაშე, მოსამართლე ვალდებული იყო ინდივიდუალურად მიდგომოდა თითოეული პირის საქმეს:

"რამდენპირიანი საქმეც უნდა იყოს, ნებისმიერ შემთხვევაში, მოსამართლე ყველას უნდა მიუდგეს ინდივიდუალურად და მათი დანაშაულებრივი ქმედებიდან და დადგენილი სამართლებრივი სტანდარტიდან უნდა შეაფასოს ყველა პირის მიმართ არსებული ინდივიდუალური გარემოებები. თუმცა, მაშინ, როცა ზუსტად ერთი და იგივე მასალაა და ბრალდების დადგენილების ფორმები ერთნაირია ყველა პირის მიმართ და მხოლოდ მაიდენტიფიცირებელი მონაცემები შეიძლება იყოს განსხვავებული და ერთი-ორი წინადადება, რაც დიდ ცვლილებას არ ქმნის, ბუნებრივია, ამ პირობებში ინდივიდუალური შეფასების საკითხიც რთულდება.

სასამართლოსთვის, ცხადია, ეს არ არის გამართლების საშუალება. მოსამართლე ვალდებულია ინდივიდუალურად განიხილოს და შეაფასოს რამდენად აქვს წარდგენილი ბრალდების მხარეს პირის მიმართ მტკიცებულებები და რამდენად საკმარისია ისინი, რომ აღკვეთის ყველაზე მკაცრი ღონისძიება გამოიყენოს".

ქეთი ჩუთლაშვილი სწორედ ამაზე მიუთითებდა სასამართლო სხდომაზე, რომ მორის მაჩალიკაშვილის მიმართ არ იყო წარდგენილი ინდივიდუალური გარემოებები, რომლებიც მიუთითებდა, რომ ის საფრთხეს ქმნიდა, ან რაიმე ფორმით შეუშლიდა ხელს მართლმსაჯულების განხორციელებას:

"პროკურატურას ყველა პირის მიმართ ერთი და იგივე მოთხოვნა, ერთი და იგივე დასაბუთება და ერთი და იგივე მტიცებულებები ჰქონდა. როცა ის უთითებდა პოლიციის თანამშრომლების გამოკითხვის ოქმზე (პოლიციის თანამშრომლების გამოკითხვის არც ერთი ოქმი არ შეიცავს რაიმე მითითებას მორის მაჩალიკაშვილზე) და მოსამართლე ამას ეყრდნობა, ამის საფუძველზე იღებს აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე გადაწყვეტილებას, ეს არის სამართლებრივი დარღვევა".

სააპელაციო სასამართლომ ყველა პირის მიმართ ძალაში დატოვა წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. ამასთან, სააპელაციო სასამართლოსთან მორის მაჩალიკაშვილის დამცველს სხვა პრეტენზიაც აქვს:

"სააპელაციო სასამართლომ დაარღვია კანონი, მორის მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის პრეზუმფციასთან მიმართებით - სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ განჩინებაში ჩაწერა, რომ დგინდება - მორის მაჩალიკაშვილს აქვს პირადი მოტივები სამართალდამცავი უწყებების მიმართ, რის გამოც ვერ იაზრებს მის პასუხისმგებლობას და არსებობს მოლოდინი, რომ მან ახალი დანაშაული ჩაიდინოს. ბუნებრივია, იმ ფონზე, როცა ვუთითებთ, რომ საერთოდ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ამ ფონზე მსგავსი შეფასება არის კანონის დარღვევა".

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მტკიცებულებების მოგროვების პროცესი. წინასასამართლო სხდომა 17 სექტემბერს არის ჩანიშნული:

"წარვადგენთ მხარეები მტკიცებულებებს. განიხილება მათი დასაშვებობა და ის, უნდა გადაეცეს თუ არა ეს საქმე არსებითი განხილვისთვის სასამართლოს, თუ უნდა შეწყდეს. აღმკვეთ ღონისძიებაზეც მოუწევს მოსამართლეს მსჯელობა და იმედი გვაქვს, რომ შეუცვლის მორისს აღმკვეთ ღონისძიებას უფრო მსუბუქი ფორმით".

 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“