საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ბევრი არაფერი შეცვლილა სოფელ მოხეში მუსლიმებისთვის მას შემდეგ, რაც 2 წლის წინ ქრისტიანი და მუსლიმი მოსახლეობა ერთმანეთს ერთი ნაგებობის გამო დაუპირისპირდა. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მუსლიმები პარასკევის ლოცვის, ჯუმას აღსავლენად დღესაც ორსართულიანი ნაგებობის ეზოში იკრიბებიან. შენობა, რომელიც ერთი შეხედვით საცხოვრებელ სახლს ჰგავს, სინამდვილეში მუსლიმების სალოცავია, რომელიც სოფლის ყოფილმა მკვიდრმა მათ დროებით სარგებლობაში დაუტოვა. უმეტესად მუსლიმი მოსახლეობით დასახლებულ სოფელში, ადგილობრივი მკვიდრების თქმით, მოქმედი მეჩეთი არ არის. ნაგებობა, რომლის მეჩეთად რეკონსტრუქციასაც მუსლიმები წლებია ითხოვენ, დღემდე „სადავო ნაგებობად“ რჩება.
ამის მიზეზი, ერთი მხრივ, ადგილობრივი ქრისტიანი მოსახლეობის წინააღმდეგობა გახდა, მეორე მხრივ კი, ის, რომ ნაგებობის წარმომავლობის გასარკვევად შექმნილმა კომისიამ პოზიციები დღემდე ვერ შეაჯერა და არც ის დაუდგენია, იყო თუ არა ნაგებობა ისტორიულად მეჩეთი, როგორც ამას მუსლიმი თემი ამბობს. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ კომისიის შექმნის დღიდან თითქმის ორი წელი გავიდა, მას ნაგებობის წარმომავლობის შესწავლაც კი არ დაუწყია.
მუსლიმები ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან დისკრიმინაციულ მოპყრობაზე საუბრობენ, რაც, მათი თქმით, მოხის სადავო ნაგებობის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა. მოხელი მუსლიმების ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ადგილობრივი ქრისტიანული სამღვდელოების გავლენის ქვეშაა მოქცეული.
რა მოხდა მოხეში?
76 წლის ონისე ვანაძე უკვე 50 წელია, მოხეში ცხოვრობს. ბოლო 30 წელია, მოხეს სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. მისი თქმით, ამ ხნის მანძილზე ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის დაპირისპირება არასდროს მომხდარა, კონფლიქტი კი 2014 წელს, სწორედ სადავო ნაგებობის ირგვლივ დაიწყო.
„ეს ძველი მეჩეთია. როგორც მუსლიმს, მისი მიტოვების უფლება არ მაქვს. ადრე აქ ლოცულობდნენ, ახლა აქ ღორები დარბიან. იქ არც სასმელის შეტანა შეიძლება, არც ცეკვა-სიმღერა. ეს ჩემთვის ცოდვაა. ჩვენი ლოცვა ქრისტიანებს ხელს არ უნდა უშლიდეს, ისევე როგორც ჩვენ არ გვიშლის ხელს მათი ლოცვა. 50-იოდე მეტრში ნაგებობიდან ეკლესია ააშენეს. თუკი მე და შენ ძმები ვართ, მე არ შემიშლის ხელს შენი ეკლესია და ნურც შენ შეგიშლის ჩემი მეჩეთი“, - ამბობს ვანაძე.
სოფელ მოხეში 60-მდე ოჯახი ცხოვრობს, რომელთაგან 40 მუსლიმი, 20 კი - ქრისტიანია. მუსლიმები ჰყვებიან, რომ მათი წინაპრები სოფელში ჯერ კიდევ 1970-იან წლებში ჩამოასახლეს, რაც ეკომიგრაციულ პროცესებთან იყო დაკავშირებული, თუმცა ადიგენის მუნიციპალიტეტში მუსლიმი მესხები მანამდეც ცხოვრობდნენ და „მეჩეთი, რომელიც დღეს „სადავო ნაგებობის“ სახელითაა ცნობილი“, 1920-1930-იან წლებში სწორედ მათ ააშენეს.
ორ თემს შორის დაპირისპირება 2014 წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც ადგილობრივი ქრისტიანები და მუსლიმები სადავო ნაგებობის წარმომავლობაზე ვერ შეთანხმდნენ. მუსლიმები ამბობდნენ, რომ ნაგებობა ისტორიულად მეჩეთი იყო, ქრისტიანების თქმით კი - იგი ეკლესიის ქვებით აშენდა, ამდენად მისი მეჩეთად რეკონსტრუქცია მათთვის კატეგორიულად მიუღებელია. ქრისტიანები თანხმობას გამოთქვამდნენ, ნაგებობა სოფლის კლუბი ან ბიბლიოთეკა გამხდარიყო.
ნაგებობის გადაცემის მოთხოვნით მოხეს მცხოვრებმა მუსლიმებმა იმდროინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს განცხადებით მიმართეს. 2014 წლის 16 ოქტომბერს პრემიერი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ საკითხს ერთ კვირაში შეისწავლიდა, თუმცა 22 ოქტომბერს ნაგებობასთან ადიგენის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლები სამართალდამცავების თანხლებით გამოჩნდნენ - კომპანიას ნაგებობა ბიბლიოთეკად უნდა გადაეკეთებინა.
მუსლიმებმა მშენებლობისთვის ხელის შეშლა სცადეს, რის შედეგადაც სამართალდამცველებმა 14 მუსლიმი დააკავეს. იმ პერიოდში მოსახლეობა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე, მათ მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობაზე საუბრობდა, თუმცა სამართალდამცველები პასუხისგებაში არ მიუციათ.
„დაკავებულები აღნიშნავდნენ, რომ სამართალდამცველები მათ სიტყვიერად და ფიზიკურად შეურაცხყოფდნენ - „თათრებს“ უწოდებდნენ. სახალხო დამცველის წარმომადგენლები 2014 წლის 22 ოქტომბერსვე გაეცნენ დაკავებულთა გარეგნული დათვალიერების ოქმებს, რომლებითაც დასტურდებოდა, რომ მათ ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდათ”, - ნათქვამია სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშში.
რა იღონა ხელისუფლებამ პრობლემის მოსაგვარებლად
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, 2014 წლის მიწურულს „ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე კლუბის სტატუსით რიცხულ შენობასთან დაკავშირებით არსებული გარემოებების შემსწავლელი კომისია“ შეიქმნა. მის ერთ-ერთ მიზანს სადავო ნაგებობის წარმომავლობის შესწავლა წარმოადგენდა, თუმცა ეს ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
კომისიის სხდომები დახურულია და, შესაბამისად, საზოგადოებისთვის ხელმიუწვდომელია ინფორმაცია იმ საკითხების შესახებ, რომლებსაც კომისიის წევრები განიხილავენ. ომბუდსმენმა რელიგიის სააგენტოს კომისიის საქმიანობაში დამკვირვებლის სტატუსით ჩართვის მოთხოვნით მიმართა, თუმცა პასუხად მიიღო, რომ კომისიის მიზანია „შენობასთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლა, შენობის ისტორიულ-კონფესიური წარმომავლობის ჭრილში და არა საკუთრების ან/და რწმენის თავისუფლების, ან სხვა საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ჭრილში“. ასე რომ, ომბუდსმენს კომისიის საქმიანობაში დამკვირვებლის სტატუსით ჩართვაზე უარი ეთქვა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ კომისიის წევრებმა გადაწყვტილება კონსესუსის საფუძველზე უნდა მიიღონ. კომისიის შექმნის დღიდან თითქმის ორი წელი გავიდა და დღემდე სულ 5 სხდომა და 2 სამუშაო შეხვედრა გაიმართა, თუმცა ნაგებობის ისტორიული წარმომავლობის შესწავლა ამ დრომდე არ დაწყებულა. მეტიც, კომისია ჯერაც არ შეთანხმებულა იმაზე, დაიწყოს თუ არა ნაგებობის ისტორიული წარმომავლობის შესწავლა. როგორც სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი არჩილ მეტრეველი განმარტავს, ამ ეტაპზე კომისია მხოლოდ იმაზე შეთანხმდა, რომ საკითხის დარეგულირებასთან დაკავშირებით მხარეებმა საკუთარი წინადადებები უნდა შეიმუშაონ.
„გარკვეულ ეტაპზე განიხილებოდა ის საკითხიც, რომ ძეგლის შესასწავლად ექსპერტები მოწვეულიყო, ჩატარებულიყო არქეოლოგიური თუ სხვა სახის შესწავლა. თუმცა ამ ეტაპამდე მეტი ყურადღება ეთმობოდა მხარეთა შორის მოლაპარაკებებს, რათა ქმედითი სამუშაო რეჟიმი შექმნილიყო და არ ყოფილიყო დაპირისპირება და კონფლიქტი“, - ამბობს მეტრეველი.
მისი თქმით, ეს ეტაპი უკვე დასრულებულია და შედეგიც მიღწეულია. მისი განმარტებით, შეხვედრები გაგრძელდება. ამ ეტაპზე, მას უჭირს პასუხის გაცემა კითხვაზე, თუ როდის შეიძლება, რომ კომისიამ მუშაობა ბოლომდე დაასრულოს. მისი თქმით, ეს ალბათ შემდეგ შეხვედრაზე უფრო ნათელი გახდება, რომელიც, სავარაუდოდ, ერთ თვეში გაიმართება.
კითხვაზე, თუ რატომ არ დაიწყო ამ დრომდე კომისიამ ნაგებობის წარმომავლობის შესწავლა, იმის გათვალისწინებით, რომ კომისია უკვე თითქმის ორი წელია არსებობს, მეტრეველი პასუხობს, რომ კომისია სათათბირო ფორმატისაა და იგი თავისი შემადგენლობით, ვერ შეძლებს ნაგებობის წარმომავლობის დადგენას.
„დადგენილებითაც, კომისიის დებულებითაც, გათვალისწინებული იყო, რომ უნდა შეგვესწავლა ყველა გარემოება - არამხოლოდ წარმომავლობა. უშუალოდ წარმომავლობის საკითხი შესაბამისი კომპეტენციის ინსტიტუტების და ექსპერტების მონაწილეობით უნდა დადგინდეს. თვითონ მხარეები თათბირობენ, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს შესწავლა. ცხადია, ასეთი დასკვნები ჩვენ არ გვაქვს, თუმცა ცხადია პროცესი დაწყებულია და გარმოებების შესწავლა მიმდინარეობს. მიმდინარეობს ამ მექანიზმების ძიება“, - ამბობს მეტრეველი.
შეკითხვაზე, თუ რატომ დასჭირდა ამდენი დრო აღნიშნული გარემოებების შესწავლას, მეტრეველი პასუხობს, რომ გარემოებებში მარტო წარმომავლობის საკითხი არ იგულისხმება და სახელმწიფოს უპირველესი პრეროგატივა დაპირისპირების დეესკალიზაცია იყო.
„ახლა მხარეების გადასაწყვეტია, საექსპერტო შესწავლის გზით წავლენ თუ კონსესუსურ გადაწყვტილებას მიიღებენ“, - ამბობს მეტრეველი.
კომისიის შემადგენლობაში მუსლიმი თემის 4 წარმომადგენელი, ქრისტიანი თემის 3 წარმომადგენელი, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2 წარმომადგენელი შედიან. კომისიას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ხელმძღვანელობს.
კომისიის შექმნის პერიოდში მუსლიმი თემი მის შემადგენლობას უნდობლობას უცხადებდა, რადგან სამი პირი, რომელთა წევრობასაც ისინი ითხოვდნენ, კომისიაში არ შეიყვანეს. კომისიისადმი უნდობლობის მიზეზი მის შემადგენლობაში სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორისა და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფნაც იყო.
„კომისიის წევრია სამცხე-ჯავახეთს მუფთი მამუკა ვაშაყმაძეც, თუმცა ის ჩვენი არჩეული არ არის. ჩვენ კომისიაში სამი პირის შეყვანას მოვითხოვდით“, - ამბობს მოხეს მცხოვრები ოთარ მიქელაძე.
იგი უნდობლობას სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მიმართაც გამოთქვამს, რადგან მიაჩნია, რომ ეს უკანასკნელი რელიგიათა სააგენტოს, შესაბამისად - ხელისუფლებას - ემორჩილება.
რელიგიის სააგენტოში არ აქვთ პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ეთქვა მუსლიმ თემს უარი, კომისიაში მათ მიერ დასახელებული კანდიდატების შეყვანაზე. მეტრეველი განმარტავს, რომ კომისიაში მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები არიან, რომლებიც მუსლიმი თემის რელიგიურ ლიდერებს წარმოადგენენ.
მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელი, სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე ამბობს, რომ მართალია, კომისიამ ამ ხნის მანძილზე 7 შეხვედრა გამართა, თუმცა საკითხის მოსაგვარებლად ქმედითი ნაბიჯები ამ დრომდე არ გადადგმულა.
„სხდომაზე ძირითადად შემოღობვა-კონსერვაციაზე იყო საუბარი, რასაც მუსლიმი თემი არ დავთანხმდებით. თუ ნაგებობას მუსლიმთა სამმართველოს ბალანსზე გადმოგვცემენ, მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ გამოვიყენოთ ის. რაც შეეხება ნაგებობის შესწავლას, მე როგორც ვიცი, სააგენტო იყო ადგილზე მისული და დაათვალიერა, თუმცა კვლევა არ ჩატარებულა“, - ამბობს მამუკა ვაშაყმაძე.
რატომ ეწინააღმდეგება ქრისტიანი თემი ნაგებობის მეჩეთად რეკონსტრუქციას
ზარზმის მამათა მონასტრის წინამძღოლი, არქიმანდრიტი ნიკოლოზ გეწაძე, რომელიც კომისიის წევრიცაა, ამბობს, რომ ნაგებობა ნეიტრალური ობიექტია, შესაბამისად, ეს პოზიცია კომისიის სხდომაზეც დააფიქსირა.
მისი თქმით, შენობის ბიბლიოთეკად გადაკეთების საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა და გამოსავალი ნაგებობის დაკონსერვებაა.
„რახან ადგილობრივ ქრისტიან მოსახლეობას პრეტენზია აქვს, რომ ნაგებობა ადრე არსებული ქრისტიანული ტაძრის ქვებით არის აგებული. მუსლიმი მოსახლეობა კი აცხადებს, რომ იგი მეჩეთია, ნეიტრალური გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. ობიექტი შემოიღობება, რომ იქ პირუტყვი არ შევიდეს. იგი ისეთ სახით უნდა შევინახოთ, როგორც არის“, - ამბობს გეწაძე.
მისი განმარტებით, ნაგებობის მეჩეთად რეკონსტრუქცია ყოვლად დაუშვებელია.
„ჩვენ გვქონდა საშუალება, რომ შენობა მიგვეღო, მაგრამ ეპარქიის მღვდელმთავარმა, მიტროპოლიტმა თეოდორებ მაშინ სიბრძნე გამოიჩინა და თქვა, რომ შესაძლებელი იყო, ეს ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირების საგანი გამხდარიყო. ამიტომ აჯობებდა, ამაზე უარი გვეთქვა და ტაძარი ცალკე გაგვეკეთებინა“, - ამბობს გეწაძე.
მისი თქმით, ადგილობრივ მუსლიმ თემს ყოველთვის ჰქონდა საკუთარი რელიგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალება. მისი თქმით, ამის საშუალებას მხოლოდ ქრისტიანი თემი იყო მოკლებული.
„მუსლიმებს ბევრი სალოცავი აქვთ თითოეულ სოფელში... ყველგან აქვთ იმის საშუალება, რომ დაიკმაყოფილონ რელიგიური მოთხოვნილება. ამის პრობლემა მათ არასდროს ჰქონიათ. იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ქვეყნის მასშტაბით ქრისტიანები უმრავლესობას წარმოადგენენ, აქ კი უმცირესობას, მუსლიმებს ამის საშუალება ყოველთვის ჰქონდათ“, - ამბობს გეწაძე.
რატომ საუბრობენ მუსლიმები დისკრიმინაციაზე
მოხეს მკვიდრი ონისე ვანაძე სადავო ნაგებობის ირგვლივ 2014 წლის 22 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს ბართლომეს ღამეს უწოდებს.
„ხალხი მივიდა, არ აძლევდა სამუშაოების ჩატარების საშუალებას. უცბად პოლიცია გამოჩნდა - ძალიან ბევრი პოლიციელი, არამარტო ჩვენი რეგიონიდან. დაერივნენ ხალხს და ბართლომეს ღამე დაიწყეს. საშინელება მოხდა. ხალხს სცემეს, დააპატიმრეს. თავი დაარტყმევინეს, ერთ ბიჭს კისერზე ფეხი დაადგეს. გამგეობიდან გაათავისუფლეს 4 შვილის მამა იმის გამო, რომ მუსლიმი იყო“, - ამბობს ვანაძე.
თეიმურაზ მიქელაძე ერთ-ერთი იმ პირთაგანია, რომელიც იმ დღეს სამართალდამცველებმა დააკავეს. იგი პოლიციის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის შესახებ ჰყვება.
„პოლიციელს მანქანის გაჩერება ვთხოვე, რათა შეკრებილებს სავალი გზის დატოვების საშუალება მისცემოდათ. ამ დროს მან მანქანა მსუბუქად დააჯახა 76 წლის მუსლიმ ეზიზ ბერიძეს და მიწაზე დააგორა. პოლიციის ძალადობრივ მოპყრობაზე ძლიერ ავღელდი და შეკრული ხელებით ჩავარტყი მანქანის საქარე მინას, რომ გამეჩერებინა. 10-მდე პოლიციის თანამშრომელი მომცვივდა. დამაგდეს მიწაზე და ფეხებით რტყმა დამიწყეს. ყველა მირყამდა. დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ინტენსიურად მირტყამდნენ ფეხებით. ცემის დროს პოლიციელები მაგინებდნენ და ჩემს რელიგიურ კუთვნილებაზე შეურაცხმყოფელად მიუთითებდნენ - „შენი თათარი დედაო!...“. ეს ამბავი პოლიციის უფროსის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თვალწინ ხდებოდა. ამის შემდეგ ხელებზე რკინის ბორკილები დამადეს, შემაგდეს პიკაპის მარკის მანქანაში და ჩამიყვანეს ადიგენის პოლიციის განყოფილებაში“, - ამბობს მიქელაძე.
იგი ამბობს, რომ პოლიციის შენობაში შეყვანისთანავე 4-მა სამართალდამცველმა მისი ცემა დაიწყო.
„ფეხებს მირტყამდნენ მთელ სხეულზე. დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში მცემდნენ. იყენებდნენ სიძულვილის ენას ჩემ მიმართ. პოლიციელებს ვეკითხებოდი, რატომ მკლავთ-მეთქი. ამაზე მპასუხობდნენ, თათარი რომ ხარ, ამიტომო. აღნიშნული პოლიციელები მეუბნებოდნენ, რომ 7 წლით პატიმრობა გარანტირებული მქონდა. პოლიციელები მოხეშიც იყვნენ ამოსულები და შემთხვევის ადგილზე ჩემს ცემაში ასევე იღებდნენ მონაწილეობას“, - ჰყვება მიქელაძე.
იგი განმარტავს, რომ გამოძიებას მათ წინააღმდეგ მიმდინარე სს საქმე სასამართლოსთვის არ გადაუგზავნია. მისი თქმით, მიუხედავად მოთხოვნისა, დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვს მინიჭებული. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მან კონკრეტული პირების სახელები და გვარები დაასახელა, რომლებიც ინციდენტის დროს მის ცემაში იღებდნენ მონაწილეობას, ძალის გადამეტების ფაქტზე პოლიციელების მიმართ დევნა პროკურატურას არ დაუწყია.
2014 წლის ოქტომბერში განვითარებული მოვლენების შედეგად დაკავებული სამი პირის საქმის, ასევე სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების შესახებ გამოძიების გარემოებების გასარკვევად „ლიბერალი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. შსს-ში განგვიმარტეს, რომ ორივე საქმეს პროკურატურა იძიებდა. თავის მხრივ, პროკურატურაში კი გვითხრეს, რომ ორივე საქმეზე გამოძიებას შსს აწარმოებდა. საბოლოოდ, შსს-ში განმარტეს, რომ 3 პირის დაკავების ფაქტზე გამოძიებას შსს 353-ე მუხლით კვლავ აწარმოებს, რაც სამართალდამცველის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს. რაც შეეხება სამართალდამცველთა მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების საქმეს, პროკურატურა ამ დრომდე ცდილობს გაარკვიოს, რა ეტაპზეა საქმის გამოძიება.
***
თეიმურაზ მიქელაძე აღნიშნავს, რომ იმ პერიოდში მოხის ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებული იყო, თუმცა ინცინდენტის შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს. მისი თქმით, დღესდღეობით გამორიცხულია, რომ მუსლიმი საჯარო სამსახურში მიიღონ.
„2014 წლის ივლისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე დღიდან დავინიშნე მოხის რწმუნებულად. 5 სოფელი იყო ჩემს დაქვემდებარებაში. შემდეგ ტერიტორია ადმინისტრაციულ ერთეულებად დაჰყვეს. 22 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ, მას შემდეგ, რაც გამათავისუფლეს, ატესტაცია წარმატებით ჩავაბარე, თუმცა გასაუბრების ეტაპზე უარი მითხრეს, რადგან მხარი არ დავუჭირე ტენდერს, მეჩეთის ნგრევას. ოფიციალურ მიზეზად კი ის დაასახელეს, რომ გასაუბრების ეტაპზე ვერ გადავედი“, - ამბობს მიქელაძე.
მოვლენებს სხვაგვარად ხედავს ზარზმის მონასტრის წინამძღვარი ნიკოლოზ გეწაძე. მისი თქმით, 22 ოქტომბერს პოლიცია სიმშვიდის დამყარებას ცდილობდა და თუკი დისკრმინაციაზე ვსაუბრობთ, „იქ პოლიცია უფრო დაზარალდა, ვიდრე ადგილობრივი მოსახლეობა“.
„იმხელა ძალადობა გამოიყენეს ადგილობრივებმა პოლიციელებზე, მათ კი არაფერი უთქვამთ. როცა უკვე ყველაფერს გადაამეტეს, ამის შემდეგ დააკავეს ეს ადამიანები“, - ამბობს გეწაძე.
მოვლენების სხვაგვარად ახსოვს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორ აკაკი მაჭუტაძესაც, რომელიც ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდა. პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას იგი მტკნარ სიცრუეს უწოდებს.
„გამოხატეს პროტესტი და დანარჩენი თავადაც მოგეხსენებათ. რამდენიმე ადამიანი დააკავეს იმის გამო, რომ სამართალდამცველებმა წესრიგისკენ მოუწოდეს და ისინი არ დაემორჩილნენ“, - ამბობს მაჭუტაძე.
მუსლიმების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომის ხსენებისას გუბერნატორს გარემონტებული სოფლის გზა ახსენდება, რომელშიც მისი თქმით, 8 მლნ ლარი დახარჯეს.
„მოხეს გზა ნახეთ? 8 მილიონს ვხარჯავთ მაგაში. მუსლიმური სოფლები უნდა გაიაროთ. ადგილობრივ ბიუჯეტს განახებდით, ადგილობრივ სოფლებში რა გაკეთდა. ეს არის გარეგანათება, სასმელი წყლის ქსელების რებილიტაცია-გაყვანა...“ - ამბობს გუბერნატორი.
რაც შეეხება ბრალდებებს, რომ მუსლიმებისთვის საჯარო სამსახურში დასაქმება პრობლემაა, მაჭუტაძე ამბობს, რომ მისთვის ადამიანის რელიგიურ მრწამსს არ აქვს მნიშვნელობა და მთავარია, ადამიანი საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს.
მაჭუტაძე მუსლიმი თემის მიმართ დისკრიმინაციას იმიტომაც გამორიცხავს, რომ მისი თქმით, საქართველოს მასშტაბით მუსლიმებს სახელმწიფომ უამრავი ნაგებობა გადასცა. ამასთან, იგი თანახმაა, რომ მუსლიმთა სამმართველოს რეგიონული რეზიდენცია მოუწყოს.
გუბერნატორი აღნიშნავს, რომ მუსლიმთა სამმართველოს ბათუმში სამუფთო რეზიდენცია უკვე გადასცეს და გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით მუსლიმ თემს 80-ზე მეტი მეჩეთი გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ მართლმადიდებელი ეკლესიისგან განსხვავებით, რომელსაც სახელმწიფოს ბალანსზე რიცხული უძრავი/მოძრავი ქონება მეტწილად უსასყიდლოდ ან სიმბოლოდ ფასად გადაეცემა, მუსლიმ თემს სახელმწიფო უძრავ მხოლოდ დროებით სარგებლობაში აძლევს.
სახელმწიფო პოლიტიკა მუსლიმების მიმართ
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაგზავნად განაცხადს ამზადებს, რომლის დავის საგანი მუსლიმი მოსახლეობის მიმართ გამოვლენილი დისკრიმინაცია და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებია.
EMC-ის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე ამბობს, რომ ორგანიზაციის განცხადების საფუძველზე პროკურატურამ შსს-ს თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე გამოძიება დაიწყო, თუმცა მიმდინარე გამოძიება სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.
„მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების ფარგლებში მოწმეების მიერ კონკრეტული პოლიციელების სახელები და გვარები დასახელდა, რომლებიც უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას არაადამინური მოპყრობის კონკრეტულ ფაქტებში, გამოძიებას მათ მიმართ დევნა არ დაუწყია და ამ დრომდე არც რაიმე კონკრეტული შედეგი დამდგარა. დაკავებულ და ნაცემ მუსლიმებს საგამოძიებო ორგანო დაზარალებულის სტატუს არ ანიჭებს“, - ამბობს მიქელაძე.
მისი თქმით, რელიგიური კონფლიქტების დროს, როგორც წესი, პოლიცია უმოქმედობას ავლენს დომინანტი რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლების მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე, რასაც რელიგიური დაპირისპირების სპეციფიკურობითა და სენსიტიურობით ხსნის, როცა ამ დრომდე მუსლიმების მიმართ გამოვლენილი რელიგიური ძალადობისა და შეუწყნარებლობის გახმაურებულ ფაქტებზე არც ერთი პირი არ არის დასჯილი. მისი თქმით, ამავდროულად, პოლიცია დემონსტრაციულად რეპრესიულია თავად მუსლიმების მიმართ, როდესაც ისინი მშვიდობიანი შეკრების ფარგლებში მათი რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებს აპროტესტებენ.
„აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საპოლიციო ღონისძიებების ხელმძღვანელი პირები დააწინაურეს კიდეც. მოხეში განვითარებული მოვლენების შემდეგ პოლიციის განყოფილების გახსნა და სამმართველოს უფროსად გელა კოხოძის დანიშვნა, რომელიც ჭელასა და მოხეში განვითარებული მოვლენების დროს, მუსლიმების თქმით, განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, შსს-ს მხრიდან მუსლიმების მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკის ინსტიტუციური აღიარება იყო“, - ამბობს მიქელაძე.
რაც შეეხება უშუალოდ სადავო ნაგებობის საკითხს, მიქელაძის თქმით, საკულტო შენობების კომისიური წესით გადაწყვეტა და ამ პროცესში საპატრიარქოს დაუსაბუთებლად შემოყვანა, რესტიტუციის საკითხების არასამართლებრივი, პოლიტიკური გზებით გადაჭრის ცუდი პრეცენდენტია, რომელიც რელიგიის სააგენტომ შექმნა.
მისი განმარტებით, რეალურად, მუსლიმ თემს კომისიაში არ ჰყავს წარმომადგენელი, რომელიც მის რეალური საჭიროებებს გააჟღერებს.
„სადავოდ გამხდარი შენობის კონფესიური წარმომავლობის დამდგენი კომისიის შექმნის მიზანი მხოლოდ პროცესის გაჭიანურება იყო. კომისიაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ მხოლოდ სამუფტო სამმართველოს წარმომადგენლები შეიყვანა, რომელიც რეალურად სახელმწიფოს მიერ მართული ინსტიტუტია. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ კომისიაში მუსლიმებს თავისი წარმომადგენელი არ ჰყავს. ადგილობრივი მუსლიმი თემის თხოვნა, რომ კომისიაში მათთვის სანდო ადამიანები შეეყვანათ, სააგენტომ არ დააკმაყოფილა“, - ამბობს მიქელაძე.
იგი მუსლიმი თემის მიმართ სახელმწიფო პოლიტიკას დისკრიმინაციულს უწოდებს. მისი თქმით, არასეკულარულმა და რეპრესიულმა პოლიტიკამ ადიგენში სოციალური და პოლიტიკური კრიზისი შექმნა, რაც ხელისუფლების მხრიდან სათანადო გააზრებას მოითხოვს.
„ადიგენის მუნიციპალიტეტში მუსლიმების უფლებრივი მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. 2013 წლის შემდეგ მხოლოდ ამ მუნიციპალიტეტში სოციალური ხასიათის სამი რელიგიური ძალადობის შემთხვევა გამოვლინდა, ჭელა (2013), მოხე (2014), ადიგენი (2016). ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკა არსებითად ადგილობრივ ხელისუფლებაზე სამღვდელოების გავლენებითაა განპირობებული. აღნიშნული ხილვადი ძალადობის შემთხვევების გარდა, მუსლიმები სტრუქტურულ დისკრიმინაციასა და ჩაგვრას განიცდიან. მაგალითად, არც ერთი მუსლიმი არ არის დასაქმებული ადგილობრივ მუნიციპალიტეტში (ორი სოფლის წარმომადგენლის გარდა, სადაც მუსლიმები აბსოლუტურ უმრავლესობას შეადგენენ). ვერც რეინჯერის თანამდებობაზე, ვერც გზის გაყვანის სამუშაოებში მუსლიმები დასაქმებას ვერ ახერხებენ. მუსლიმების თქმით, ყველა საკითხი მუნიციპალიტეტში ადგილობრივი სამღვდელოების უშუალო ჩართულობით წყდება. ეს ქართველი მუსლიმი თემის ინდოქტრინაციის პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელსაც ეკლესია აქტიურად ეწევა აჭარასა და სხვა რეგიონებში. ცხადია, არსებული დისკრიმინაციული პოლიტიკა მუსლიმების სოციალურ და ეკონომიკურ მარგინალიზაციას იწვევს და მათ საზოგადოებაში განვითარების შესაძლებლობებს უსპობს“, - ამბობს მიქელაძე.
----------------------------------------------------------------
სტატია პირველად გამოქვეყნდა "ლიბერალის" ვებგვერდზე - www.liberali.ge
მასალა მომზადდა „ლიბერალისა" და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) ერთობლივი მუშაობით, პროექტის „ტოლერანტობის, რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ნიდერლანდების სამეფოს მიერ. მასალაში წარმოდგენილი შეფასებები და პოზიცია შეიძლება არ წარმოადგენდეს ნიდერლანდების სამეფოს პოზიციას.
ინსტრუქცია