[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / მედია

მასწავლებლები მათ გაქრისტიანებაზე უშუალოდ მუშაობენ - პროზელიტიზმის პრობლემა ნიგვზიანის საჯარო სკოლაში

წყარო:

ლიბერალი

Media Cover Image

"სკოლაში მოხდა ერთი ინციდენტი. მუსიკის მასწავლებელი შევიდა გაკვეთილზე და საქართველოს დამპყრობლებზე ლაპარაკი წამოიწყო. მოიტანა ისტორიის კაბინეტიდან რუკა და ბავშვებს უთხრა: „ბავშვებო, იქ რომ დადიხართ და ლოცულობთო (იგულისხმა მუსლიმური სამლოცველო) ახლა გაგარკვევთ, თქვენ რეალურად ვინ ხართ“. ბავშვებს ანახა რუკაზე საიდან შემოვიდნენ თურქები დასაპყრობად და უთხრა, რომ აჭარლების მამები ყველანი თურქებმა დახოცეს და დედები კი გააუპატიურესო. თქვენ კიდევ ბავშვებო ამათი ნაბიჭვრები ხართო. როდესაც ეს ამბავი გაიგეს მშობლებმა პასუხი მოსთხოვეს მასწავლებელს, მან კატეგორიულად უარყო ეს ფაქტი", - ეს სიტყვები სოფელ ნიგვზიანში მცხოვრები ადგილობრივი ხოჯას ბ. კახიძის მეუღლეს ეკუთვნის.

ადამიანის უფლებებისა და სწავლების მონიტორინგის ცენტრის მკვლევრებს სოფელ ნიგვზიანში მცხოვრებმა მუსლიმი თემის წარმომადგენლებმა ნიგვზიანის საჯარო სკოლაში მუსლიმი მოსწავლეების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის არაერთი შემთხვევის შესახებ უამბეს.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) ჩაატარა კვლევა - "სეკულარიზმის კრიზისი და ლოიალობა დომინანტი ჯგუფის მიმართ" - რომელიც 2012-2013 წლებში სოფელ ნიგვზიანში, წინწყაროსა და სამთაწყაროში გამოვლენილი რელიგიური კონფლიქტების შესწავლასა და კონფლიქტების გადაწყვეტის პროცესში სახელმწიფოს მიერ გატარებულ პოლიტიკურ ანალიზს მოიცავს. კვლევაში სამივე რელიგიური კონფლიქტი ერთიან დინამიკაშია შეფასებული და კონფლიქტის მხარეების შეფასებებზე დაყრდნობით მიმოხილულია ის პოლიტიკური, სოციალური და კულტურული გარემო, რომელიც გავლენას ახდენდა და განაპირობებდა კონფლიქტებს.

ნიგვზიანის საჯარო სკოლაში პროზელიტიზმის პრობლემას აღნიშნულ კვლევაში ცალკე ქვეთავი დაეთმო.

კვლევის მიხედვით, სკოლის დირექტორებმა და მასწავლებლებმა ინდოქტრინაციისა და შესაძლო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტები, კვლევის ფარგლებში აღებულ ინტერვიუებში უარყვეს, თუმცა "მათ ახსნა-განმარტებებში იკვეთება მიდგომები, რომელიც მიანიშნებს მათ მიერ სეკულარიზმისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპების დარღვევის მაღალ ალბათობას", - ვკითხულობთ კვლევაში. კვლევის ავტორთა აზრით, ამ თვალსაზრისით საინტერესოა მუსიკის მასწავლებელთან ჩაწერილი ინტერვიუ, სადაც ის გაკვეთილზე კოლექტიური ლოცვის პრაქტიკის შესახებ ჰყვება.

მასწავლებლის თქმით, ლოცვა "მამაო ჩვენო" თითქმის იდენტურია, ქრისტიანებისთვის და მუსლიმებისთვის და არც ერთ მუსლიმ ბავშვებს არ გასჩენია პროტესტი.

"ერთ-ერთმა მოსწავლემ თქვა, რომ მამაჩემი მომკლავს, რომ ვილოცოო. რაზეც გაგვეცინა, როგორ შეიძლება, ბავშვს რამე უთხრა ერთსტროფიანი "მამაო ჩვენოს" წაკითხვის გამო. აქ ჩანს მათი დონე, ამიტომაც ისტორია და გეოგრაფია კარგი საშუალებაა მათი აღზრდისთვის, რათა დაინახონ ჭეშმარიტება". - ამბობს მასწავლებელი.

მკვლევართა თქმით, კონფლიქტის თაობაზე მასწავლებლებისგან აღებული ინტერვიუები ხშირად შეიცავს ქსენოფობიურ, ისლამოფობიურ გამოვლინებებს, რაც სწავლების პროცესში რელიგიური ნეიტრალიტეტისა და ტოლერანტობის მოთხოვნის დარღვევის რისკებზე მიუთითებს.

ამის საილუსტრაციოდ ანგარიშში 2012 წლის 2 ნოემბრის სამლოცველოს გარშემო მიმდინარე დაპირისპირებაში სკოლის მოსწავლეების, მათ შორის, აჭარელ მუსლიმთა შვილების, მონაწილეობის შემთხვევაა მოტანილი.  ეს ფაქტი მუსლიმი თემისთვის განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა.

"როდესაც დავინახე, რომ ჩემი შვილები ჩემ წინააღმდეგ აქციაზე მიიყვანეს, ძალიან განვიცადე. არ ვიცოდი, რა მექნა. გავოცდი და შემრცხვა", - იხსენებს ადგილობრივი მუსლიმი.

სკოლის დირექციისა და მასწავლებელების განმარტებით, მოსწავლეები თავიანთი ნებით მივიდნენ დაპირსპირების ადგილას და მათ ვერ შეძლეს ბავშვების შეკავება, ამ აქციით მათ თემებს შორის ერთობის დადასტურება სურდათ", - წერია კვლევაში.

კვლევის შედეგებიდან გამომდინარე ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი განათლების სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს და მოუწოდებს განათლების სისტემაში სამოქალაქო - საკულარული ღირებულებებისა და ტოლერანტობის დამკვიდრების მიზნით ეფექტურად გამოიყენოს მონიტორინგის მექანიზმები საჯარო სკოლებში, განსაკუთრებით კი რელიგიური, თუ ეთნიკური ნიშნით შერეული თემებით წარმოდგენილ საჯარო სკოლებში. "პრობლემმის ხასიათი და მასშტაბი მასწავლებლების ცნობიერების ამაღლების მიზნით სახელმწიფოს მიერ მეტი და მასშტაბური ძალიხსმევის გაწევის აუცილებლობაზე მიუთითებს", - წერია კვლევაში.

კვლევის ავტორის თამთა მიქელაძის თქმით, განათლების სამინისტროს აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება დღემდე არ მოუხდენია.

"პროზელიტიზმი და იდოქტრინაცია მხოლოდ რელიგიური უმცირესობებით დასახლებული რეგიონის სკოლების პრობლემა არ არის. ჩვენ გვაქვს სპეციალური კვლევა, რომელიც საჯარო სკოლებში იდოქტრინაციას იკვლევს. თებერვლის ბოლოს ჩვენ ამ კვლევის პრეზენტაციას გვექნება. ორივე კვლევა ცხადყოფს, რომ პრობლემა სერიოზულია ", - განაცხადა თამთა მიქელაძემ.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“