საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ქვეყნის სამ მოქალაქეს გასაჩივრებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლები, რომელთა გამოც, მათი აზრით, კონსტიტუციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლებით ვერ სარგებლობენ. ამ სამართლებრივ ნორმებს, სამსონ თამარიანსა და მერაბ მიქელაძესთან ერთად, ქვეყნის პარლამენტს მალხაზ მაჩალიკაშვილიც (პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა) ედავება. სადავო ნორმებით, თუ პროკურორი ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულზე გამოძიებას ან სისხლის სამართლებრივ დევნას შეწყვეტს, საკითხი სასამართლოში არ საჩივრდება. სასამართლოში არ საჩივრდება აგრეთვე პროკურორის გადაწყვეტილება, თუ ის სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარს იტყვის. კანონით, სასამართლოს ნაცვლად პროკურორის მსგავსი გადაწყვეტილებები მხოლოდ ზემდგომ პროკურორთან შეიძლება გასაჩივრდეს. მალხაზ მაჩალიკაშვილის ინტერესების დამცველი თამარ სამხარაძე, ორგანიზაცია EMC-ის იურისტი, ამბობს, რომ მაჩალიკაშვილს, ამასთანავე, პრობლემები ექმნება საქმის მასალებთან წვდომაზე სწორედ იმის გამო, რომ ამ დრომდე არ აქვს დაზარალებულის სტატუსი:
„როდესაც ეს გადაწყვეტილებები მხოლოდ პროკურატურის კომპეტენციის ქვეშ ექცევა, თვითნებობის რისკები მაღალია განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ეხება სამოხელეო დანაშაულს. ამ შემთხვევაში ეს არის უფლებამოსილების გადამეტება, რომელიც სახელმწიფო ორგანოდან არის სავარაუდო დარღვევა. აქ კი თვითნებობის რისკები კიდევ უფრო იზრდება. სწორედ ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ ნეიტრალურმა ორგანომ გააკონტროლოს. ანუ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე თუ გადაწყვეტილება დღემდე არ არის მიღებული, დაზარალებულს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ სასამართლოში გაასაჩივროს“.
საქართველოს პარლამენტის ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში ქრისტინე კუპრავა იცავს. სარჩელის სასამართლო განხილვაზე გამოსვლისას მან თქვა, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მიღებული აქვს დაბალანსებული გადაწყვეტილება, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს დაზარალებულის უფლებების სათანადო დაცვას, მაგალითად, უარის თქმის შემთხვევაში შეუძლია ზემდგომ პროკურორთან გაასაჩივროს გადაწყვეტილება:
„დაზარალებულის სტატუსიდან გამომდინარე, მიგვაჩნია: ის, რომ ისინი არ მიდიან საერთო სასამართლოებში ყველა კონკრეტულ შემთხვევაზე, ეს პასუხობს სამართლიანი სასამართლოს უფლების არსს. ეს პასუხობს მოთხოვნას, რომ იყოს ხელმისაწვდომობა შეზღუდული სამართლიან სასამართლოზე. მეორე მხრივ, არსებობს ინტერესი - გადატვირთვისგან დავიცვათ საერთო სასამართლოები. ჩვენ კონკრეტული სტატისტიკა წარმოვადგინეთ სასამართლოში, რომლითაც შეგვიძლია დავანახოთ ამ ინტერესის შეზღუდვის საპირწონე ლეგიტიმურ მიზანს მართლმსაჯულების განხორციელება და მისი გადატვირთვისგან დაცვა“.
საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას პარლამენტის ინტერესების დამცველმა ქრისტინე კუპრავამ სტატისტიკის შესახებ ილაპარაკა და თქვა, რომ, მის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გამოძიებისა და სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტის საქმეების რიცხვი წელიწადში 20 ათასს აღწევს:
„მიახლოებით ციფრს ვამბობ, რა თქმა უნდა: არის 20 ათასი საქმე. თუკი ამ სტატისტიკას ავიღებთ და ჰიპოტეტურად დაშვებებს გავაკეთებთ, რამდენი შემთხვევა შეიძლება პოტენციურად გასაჩივრებადი იყოს, მივიღებთ საკმაოდ ხელშესახებ რიცხვს, რაც, ვფიქრობთ, რომ სასამართლოს უფლების ფარგლებში გაამართლებს სასამართლოს გადატვირთულობის პრევენციას“.
სასამართლოს შესაძლო გადატვირთულობის შესახებ პარლამენტის წარმომადგენლის მიერ მოყვანილი არგუმენტი მოსარჩელე მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატმა შეაფასა როგორც ერთადერთი არგუმენტი, რომელსაც, თამარ სამხარაძის თქმით, ლეგიტიმური მიზანი აქვს. თუმცა:
„ცალსახად ეს არგუმენტი არ არის თანაზომიერი იმ შეზღუდვისა, რაც სახეზეა. პირველ რიგში, ნამდვილად დაუსაბუთებელია, რამდენად გამოიწვევს სასამართლოს გადატვირთულობას, იმიტომ რომ არ არის დიდი სტატისტიკა ამგვარი გადაწყვეტილებების გასაჩივრების - განსაკუთრებით კი მძიმე დანაშაულებებზე, სადაც ეს მექანიზმი ხელმისაწვდომია. შესაბამისად კი, ნაკლებად მოსალოდნელია ამან განსაკუთრებული გადატვირთულობა გამოიწვიოს. თუმცა ამ შემთხვევაშიც ინტერესები უნდა დაბალანსდეს. იმდენად მაღალია სამართლიანი სასამართლოს უფლების გამოყენების ინტერესი, რომ სასამართლოს შესაძლო გადატვირთულობა არ არის საფუძვლიანი არგუმენტი“.
მოსარჩელე მხარე სადავოდ მიიჩნევს სისხლის სამართლის კოდექსის 57-ე მუხლის მესამე ნაწილს, რომელიც საქმის მასალებზე წვდომაზე უარს ითვალისწინებს. გასაჩივრებულია ასევე 106-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილი და 168-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომელიც, მოსარჩელეების აზრით, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოსა და თანასწორობის უფლებასთან.
ინსტრუქცია