საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
საქართველოს მთავრობა გაეროს «შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ» კონვენციის რატიფიცირებას გეგმავს, თუმცა ჯერჯერობით, კონვენციის ფაკულტატურ ოქმს არ უერთდება, რომელიც შშმ პირებისთვის ინდივიდუალური საჩივრების სისტემას ნერგავს.
ეს ფაქტი შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა უკმაყოფილებას იწვევს. “ლიბერალი” “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” (EMC) იურისტს ლინა ღვინიანიძეს ესაუბრა.
- რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის გაეროს შეზღუდულიშესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირებას დარა მიდგომებს ნერგავს შშმ პირთა უფლებების დაცვის მხრივ?
- გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტია. მოგეხსენებათ, 2009 წელს საქართველომ აღნიშნულ კონვენციას ხელი მოაწერა, მაგრამ აქამდე მისი რატიფიცირებისგან თავს იკავებდა. გაეროს კონვენცია შშმ პირთა უფლებების დასაცავად სრულიად თანამედროვე მიდგომებს ნერგავს. ის ამბობს, რომ სახელმწიფოებმა სათანადო ძალისხმევა და რესურსი უნდა მიმართონ, რათა დოკუმენტით გათვალისწინებული უფლებების პრაქტიკაში განხორციელება, ანუ იმპლემენტაცია მოხდეს.
თუმცა, ეს დოკუმენტი შშმ პირებისათვის ახალ უფლებებზე არ საუბრობს, რადგან ამ ადამიანებს სახელმწიფოს მხრიდან უფლებები ისედაც გარანტირებული აქვთ, მაგრამ კონვენცია სრულიად ახალ ხედვებსა და მიდგომებს ადგენს.
კერძოდ, მისი რატიფიცირების შემთხვევაში აუცილებელია, რომ კანონმდებლობა კონვენციით განსაზღვრულ ნორმებთან შესაბამისობაში მოვიდეს. ქვეყანამ უნდა გამოიყენოს ყველანაირი - იქნება ეს ადმინისტრაციული, ადამიანური, ტექნიკური თუ ფინანსური - რესურსი და ამით შშმ პირთა უფლებების რეალიზება უზრუნველყოს. ასევე ხელი შეუწყოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, შექმნას ისეთი ინსტიტუტები, რომელიც ამ უფლებების პრაქტიკაში განხორციელებას, შემდეგ კი, მის კოორდინაციას და მონიტორინგს უზრუნველყოფს.
თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, კონვენცია შშმ პირთა უფლებების დაცვის კუთხით სრულიად ახალ, არა სამედიცინო, არამედ სოციალურ მოდელს გვთავაზობს. კერძოდ, დღეს შშმ პირთა მიმართ ასეთი მიდგომაა - მათ მხოლოდ პაციენტებად აღიქვამენ. გაეროს კონვენციით განმტკიცებული სოციალური მოდელი სრულიად ცვლის ამ მიდგომას. ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, როგორც სრულფასოვანი მოქალაქეების აღქმას ამკვიდრებს და მიიჩნევს, რომ შშმ პირთა უფლებებისა და თავისუფლების სათანადო განხორციელებისას მთავარი ხელისშემშლელი მოცულობა სოციალური და ფიზიკური გარემოა, რომელიც შშმ პირთა საჭიროებებს არ ითვალისწინებს.
სწორედ ესაა სახელმწიფოს მთავარი გამოწვევა, რადგან შშმ პირთა მიმართ დამკვიდრებული ჩვენი ცრუ შეხედულებები, რომელიც საზოგადოების გარდა საჯარო მოხელეებშიც არსებობს, ძალიან ართულებს სამედიცინო მოდელიდან სოციალურ მოდელზე გადასვლას. ყველა საკანონმდებლო ნორმაც კი ასეთ სამედიცინო მოდელზეა აგებული.
- რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს. გაეროს კონვენციისრატიფიცირების შემთხვევაში, აუცილებელია რომ ჩვენს კანონმდებლობაშიგარკვეული ცვლილებები შევიდეს. კონკრეტულად, რა ცვლილებებიასაჭირო, რომ კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებებისგანხორციელების მარტივი მექანიზმები შეიქმნას?
- კონვენციის მიზანია, დაიცვას და ხელი შეუწყოს შშმ პირთა უფლებებისა და ძირითადი თავისუფლების რეალიზებას. მათ აქვთ გადაადგილების, არჩევნებში ხმის მიცემის, შრომისა და სხვა უფლებები...
თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ საქართველოს კანონმდებლობა კონვენციისგან ძალიან შორსაა და, შესაბამისად, მთლიანადაა შესაცვლელი. თუნდაც ცნება - შშმ პირი აბსოლუტურად მოძველებულია და კონვენციის ნორმებს არ პასუხობს, თუმცა ამის შესახებ კონვენციას კანონპროექტი ახლავს და ცვლილება რატიფიცირებისთანავე შევა კანონში. გარდა ამისა, კონვენცია ამბობს, რომ უნდა არსებობდეს გონივრული მისადაგების პრინციპი. ეს შენობებისა და გარემოს იმგვარ ადაპტირებას ითვალისწინებს, რომლითაც შშმ პირებს შრომისა და შესაძლებლობების რეალიზებაში დაეხმარება და ამასთან, არ იქნება დაკავშირებული არათანაბარზომიერ ხარჯებთან. ეს ვალდებულება ასევე უნდა გავრცელდეს კერძო სექტორზეც, კერძოდ, სახელმწიფომ ისეთი მექანიზმი უნდა შექმნას, რომლითაც შენობების ადაპტირების ვალდებულებას კერძო სფეროსაც დააკირსებს. მაგრამ აქვე მნიშვნელოვანია, რომ ეს მიდგომა ემყარებოდეს უნივერსალური დიზაინის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ მაგალითად სახელმწიფომ შშმ პირებისთვის სხვებისგან იზოლირებული შესასვლელების გაკეთების ნაცვლად, შენობის უნივერსალური დიზაინი უნდა შექმნას.
- გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარი კრიტიკისობიექტი ის საკანონმდებლო ნორმაა, რომლითაც შშმ პირის ქმედუუნაროდაღიარება ხდება. რა ალტერნატიულ ნომრებს გვთავაზობს ამ მხრივკონვენცია?
- კონვენციის მე-12 მუხლი ამბობს, რომ ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანაბარუფლებიანია. ჩვენთან კი ასეთი მოდელია - პირებს რომლებსაც კონვენციით მიხედვით მხარდაჭერა სჭირდებათ, საქართველოს კანონმდებლობა ქმედუუნაროებად მიიჩნევს და მისი ნების სრულად ჩანაცვლება ხდება სხვა პირის მიერ. კონვენციის თანახმად, სასამართლომ შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ პირს გარკვეული შეზღუდვები დაუწესოს, მაგრამ ეს მხოლოდ ინდივიალურად უნდა იყოს განხილული. ყველა უფლებასთან მიმართებით შშმ პირებს მხარდაჭერა სჭირდებათ და არასწორია მათი ნების სრულად ჩანაცვლება ხდებოდეს. ამიტომ ეს საკანონმდებლო ცვლილება ერთ-ერთი მნიშნველოვანი იქნება.
- როგორ მოხდება კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებებისკონტროლი?
- კონვენციის რატიფიცირების შემთხვევაში სახელმწიფო გაეროში შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე კომიტეტის წინაშეა ანგარიშვალდებული. კერძოდ, კონვენციის რატიფიცირებიდან 2 წელიწადში, პირველადი ანგარიშის წარდგენის დროს წევრი სახელმწიფო კომიტეტს გააცნობს, რა ღონისძიებები გაატარა ამ პერიოდის განმავლობაში და რა ქმედითი ნაბიჯები გადადგა მისი იმპლემენტაციისთვის. კომიტეტი განიხილავს წარდგენილ ანგარიშს და საჭიროების შემთხვევაში წევრი სახელმწიფოებისთვის რეკომენდაციებს გასცემს. ესაა ერთ-ერთი მონიტორინგის მექანიზმი, თუმცა კომიტეტი კონვენციის რატიფიცირების შემთხვევაში მხოლოდ რჩევებითა და რეკომენდაციებით შემოიფარგლება.
- რაც შეეხება ფაკულტატურ ოქმს. მთავრობა კონვენციის რატიფიცირებასდეკემბრის დასაწყისში გეგმავს, თუმცა ფაკულტატურ ოქმზე შეერთებისგანთავს იკავებს. რა სისტემას ნერგავს ფაკულტატური ოქმი და რამნიშვნელობა აქვს კონვენციის რატიფიცირებას ამ ოქმთან ერთად?
- ფაკულტატური ოქმი ინდივიდუალური საჩივრების სისტემაა. კონვენციის შესაბამისი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, თუ უფლება ირღვევა, მოქალაქეებს ინდივიალურად ან ჯგუფურად შეუძლიათ გაეროს შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე კომიტეტს მიმართონ. კომიტეტი რჩევითა და რეკომენდაციით შემოიფარგლება, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში უფლება აქვს, მიმართოს სახელმწიფოს დროებითი ღონისძიებების გამოყენების თაობაზე, რათა აუცილებელი იქნეს აუნაზღაურებელი ზარალი დარღვევის მსხვერპლისთვის.
- ეს მოთხოვნები გარკვეულ სანქციებს გულისხმობს, თუ მხოლოდრეკომენდაციებით შემოიფარგლება?
- კომიტეტს სანქციების უფლება არ აქვს. მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეუძლია, რჩევა და რეკომენდაციაა. თუ კომიტეტისთვის გახდება ცნობილი, რომ შშმ პირების უფლებები სისტემატურად ირღვევა, მას შეუძლია ქვეყანაში ვიზიტი განახორციელოს და ეს დარღვევები სახელმწიფოსთან თანამშრომლობით შეისწავლოს.
- თქვენი აზრით, მთავრობა რატომ არიდებს თავს ფაკულტატური ოქმისრატიფიცირებას და რა არის მისი მთავარი არგუმენტი?
- არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარი შეკითხვაც სწორედ ეს გახლავთ. ჩვენ მთავრობისგან, კერძოდ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისგან რეალური არგუმენტები ვერ მოვისმინეთ. მთავრობა ამბობს, რომ მათ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება შეისწავლეს და, შესაბამისად, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ფაკულტატურ ოქმს არ შეუერთდნენ. რეალურად კი, ორივენაირი გამოცდილება არსებობს - არიან ქვეყნები, ვისაც კონვენცია ფაკულტატურ ოქმთან ერთად აქვთ რატიფიცირებული, ქვეყნების ნაწილი კი ამ ოქმს არ შეუერთდა. მე არ ვიცი ამ ქვეყნების არგუმენტაცია ოქმის რატიფიცირებაზე უარის თქმის, მაგრამ მაინტერესებს ჩემი ქვეყნის პოზიცია, რატომ არ უერთდება ფაკულტატურ ოქმს. მეორე არგუმენტი ისიც იყო, რომ ფაკულტატური ოქმი სახელწმიფოსთვის დამატებითი პოლიტიკური წნეხი იქნება.
ბუნებრივია, თუ სახელწიფო საერთაშორისო დონეზე ვალდებულებას იღებს, რომ კონვენციას სრულად შეასრულებს, ვფიქრობ, რომ პროცედურული გარანტიების არსებობა მისთვისვე უნდა იყოს მნიშვნელოვანი, ეს კი იმპლემენტაციის პროცესსაც ხელს შეუწყობს.
მეტიც, ინდივიდუალური საჩივრების განხილვისას, თუ ქვეყანას შშმ პირთა უფლებების დაცვის კუთხით გარკვეული ნაბიჯების გადადგმა არ შეუძლია, მას კონვენციაზე მიერთებული სხვა ქვეყნები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ბანკები ეხმარებიან. ეს დახმარება შესაძლოა გამოცდილების გაზიარებას, მატერიალურ, ადამიანურ, ტექნიკური თუ სხვა დახმარებას გულისხმობდეს. ამიტომ სახელმწიფოსთვის პირიქით ხელსაყრელიც უნდა იყოს კონვენციის პარალელურად მისი ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება.
- კონვენციით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების კონტროლიმისი რატიფიცირების შემთხვევაში რომელ ადგილობრივ უწყებასდაევალება?
– კონვენციის თანახმად, მისმა წევრმა სახელმწიფომ ქვეყანაში კონვენციის იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამუშაოდ მინუმუმ ერთი საკონტაქტო პირი უნდა გამოყოს.
გარდა ამისა, პროცესების მონიტორინგისთვის ქვეყანაში უნდა შეიქმნას ერთი ან მეტი დამოუკიდებელი ორგანო, რომლის მუშაობაშიც უშუალოდ შშმ პირები იქნებიან ჩართულები.
- ერთია გაეროს კონვენციის რატიფიცირება და მეორე საკითხია, ამვალდებულებების შესრულება. რა რეკომენდაციები აქვს თქვენსორგანიზაციას და რა უნდა იყოს მთავრობის სამოქმედო გეგმაში გაწერილი?
- “ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი” ამ დროისთვის სტრატეგიაზე მუშაობს. ჩვენ სხვა ორგანიზაციების ჩართულობით გავწერთ, რა უნდა იყოს პირველადი პრიორიტეტები, რა უნდა გაკეთდეს უახლოეს რამდენიმე წელიწადში. ზოგადი შეფასებით კი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რატიფიცირების შემდეგ სახელმწიფოს მხრიდან არსებითი ცვლილებები და ეფექტური მიდგომების გამოყენების პრაქტიკა დავინახოთ. სახელმწიფომ ყველა რესურსი უნდა გამოიყენოს, რომელიც მაქსიმაულურად უზრუნველყოფს შშმ პირთა უფლებების დაცვას. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს გრძელვადიანი პროცესია, თუმცა მთავარია, დავინახოთ სახელწმიფოს ნება და ძალისხმევა, რომ ის მაქსიმალურად ცდილობს კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულყოფილად შესრულებას.
ინსტრუქცია