საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
შინაგან საქმეთა მინისტრის 30 სექტემბრის ბრძანებით, დამტკიცდა „ნარკოტიკული საშუალებების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარების დადგენის მიზნით პირის გამოსაკვლევად წარდგენის ინსტრუქცია“. ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიციის თანამშრომლებს განესაზღვრათ კრიტერიუმები, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ, სანამ ადამიანს ქუჩიდან ნარკოლოგიურში შესამოწმებლად გადაიყვანენ. ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ ერთ-ერთი საკვლევი თემა სწორედ ე. წ. „ქუჩის ნარკოტესტირებებია“.
რადოიო თავისუფლება: რამდენად აუმჯობესებს ე. წ. ქუჩის ნარკოტესტირების პრაქტიკას შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ 30 ნოემბერს გამოცემული ბრძანება?
გურამ იმნაძე: პირველ რიგში, უნდა შევაფასოთ, რა პრობლემა იყო აქამდე, რატომ გახდა ამ ბრძანების გამოცემა საჭირო და რამდენად ადეკვატური მექანიზმია იგი. ქუჩის ნარკოტესტირების შემთხვევაში მთავარი პრობლემა ის იყო, რომ პოლიციელებს მოქალაქეები ნარკოლოგიურში იძულებით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გადაჰყავდათ, რითაც ისინი მაშინდელ სტანდარტებსაც არღვევდნენ. მინისტრის ახალი ბრძანებით, უბრალოდ, კონკრეტული შემთხვევები გაიწერა, რის მიხედვითაც მოქალაქეები უნდა გადაიყვანონ, მაგრამ არ არის ახალი კონტროლის მექანიზმები, რითაც პოლიციელის მოქმედება შემოწმდებოდა - თუ რამდენად მისდევს ის მისთვის კანონით განსაზღვრულ სტანდარტებს. შესაბამისად, ეს ახალი ბრძანება სიახლეს არსებითად არ შეიცავს და იძლევა შესაძლებლობას, რომ გაგრძელდეს ის პრაქტიკა, რაც აქამდე იყო.
რადიო თავისუფლება: ანუ ამ ბრძანებაში გაწერილი პრინციპები, რომლითაც პოლიციამ უნდა იხელმძღვანელოს, სინამდვილეში არაფერს ცვლის?
გურამ იმნაძე: კრიტერიუმების გაწერა და მანამდე არსებული მტკიცებულებითი სტანდარტის გაწერა თავისთავად კარგია, მაგრამ მთავარია, ეს მოწესრიგებული იყოს და სამივე ის გარემოება, რომელიც მესამე მუხლის პირველ ნაწილშია გაწერილი, მკაფიო და ნათელი იყოს და თვითნებობის შესაძლებლობას არ იძლეოდეს. მაგალითად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტში წერია, რომ ერთ-ერთი გარემოება შეიძლება იყოს ოპერატიული სამძებრო საქმიანობის ან ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, რომ პირმა ნარკოტიკული ნივთიერება მოიხმარა. ეს კი იმდენად ზოგადი და ფართო საფუძველია, რომ, ფაქტობრივად, კვლავ აძლევს საშუალებას პოლიციელს, იგივე პროცედურით გადაიყვანოს მოქალაქეები ტესტირებაზე, რაც აქამდე გვქონდა. საქმე ისაა, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია არ ექვემდებარება სასამართლო ან საპროკურორო კონტროლს. მაგალითად, ის პირი, „კონფიდენტი“, რომელმაც პოლიციას მიაწოდა ინფორმაცია, რომ ვიღაცამ ნარკოტიკული საშუალება მოიხმარა, სასამართლოს წინაშე არ იკითხება და არ მოწმდება მისი სანდოობა. შესაბამისად, პოლიციელს ძალიან კარგი საშუალება აქვს, რომ ამ საფუძვლით მოქალაქეები ისევ მასიურად გადაიყვანოს ტესტირებაზე.
რადიო თავისუფლება: ამ ინსტრუქციის მესამე მუხლი განსაზღვრავსპირის გამოსაკვლევად წარდგენის საფუძვeლს. აქ ვკითხულობთ: „ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის შესრულებისათვის მოსამსახურის გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში არსებული გარემოებების ობიექტურ შეფასებას“. როგორ შეიძლება ეს გავიგოთ იურიდიულად?
გურამ იმნაძე: ეს წინადადება იურიდიულად საკმაოდ რთულად წასაკითხია. თუ მოვინდომებთ, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ სამინისტროს სურდა უფრო ნათლად განესაზღვრა ეს სტანდარტი, გასაგებია. თუმცა ახალი ამით არაფერი თქმულა, რადგანაც პოლიციის შესახებ კანონში არის ასეთი სტანდარტი, რომლითაც ხელმძღვანელობს პოლიცია. ამ სტანდარტს ჰქვია „საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის“. ეს სტანდარტი ამავე კანონით არის განმარტებული და იქაც სწორედ ეს ობიექტურობის კრიტერიუმია შემოყვანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიციელი არა თავისი სუბიექტური, შინაგანი რწმენით მოქმედებს, არამედ მისი გადაწყვეტილება ისეთი უნდა იყოს, რომ მის ადგილას ნებისმიერმა სხვა ადამიანმა იგივე დასკვნა გამოიტანოს.
რადიო თავისუფლება: როგორი უნდა იყოს იდეალურ შემთხვევაში „ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირის გამოსაკვლევად წარდგენის პროცედურა“?
გურამ იმნაძე: ალბათ, ადრე თუ გვიან მივალთ იმ დასკვნამდე, რომ ნარკოტიკის მოხმარების გამო ადამიანები აღარ დაისჯებიან და დეკრიმინალიზაციის პირობებში, რა თქმა უნდა, ქუჩის ნარკოტესტირება აღარ იარსებებს. მაგრამ სანამ ასეთ ნაბიჯამდე მივალთ, მნიშვნელოვანია ერთი რამ: შეიძლება, ხელისუფლება პოლიტიკურად არ მიიჩნევს მისაღებად, რომ დეკრიმინალიზაციისკენ ნაბიჯები გადადგან, მაგრამ შეუძლიათ ეს ირიბად მაინც გააკეთონ. ნარკოტესტირების შემთხვევაში, მაგალითად, შესაძლებელია, მოქალაქე იძულებით მხოლოდ მაშინ გადაიყვანონ, თუ პოლიციას აქვს ინფორმაცია, რომ მოქალაქემ ნარკოტიკული ნივთიერება მოიხმარა და, ამავდროულად, რამე კანონს არღვევს, მაგალითად, ნარკოტიკით თრობის დროს მართავს ავტომობილს. მხოლოდ ის, რომ ადამიანმა ადრე მოიხმარა ან ახლა არის ნარკოტიკის ზეგავლენის ქვეშ, არ შეიძლებამისი იძულებით ნარკოტესტირებაზე გადაყვანის საფუძველი იყოს.
რადიო თავისუფლება: თუმცა დღევანდელი კანონმდებლობით ნარკოტიკის მოხმარება უკვე კანონდარღვევაა.
გურამ იმნაძე: სწორედ ამ კანონმდებლობას ეხმიანება ეს რეგულაცია, მაგრამ ხელისუფლებას სწორედ აქ შეეძლო გამოეხატა ნება ნარკოკანონმდებლობის ლიბერალიზაციის მიმართულებით. ის ვერ დგამს თამამ ნაბიჯს, არ მიმართავს პირდაპირ დეკრიმინალიზაციას სისხლის სამართლის კოდექსში, თუმცა შედარებით ქვედა კანონმდებლობაში უფრო რბილ რეგულაციას აწესებს, რითაც, ფაქტობრივად, აცხადებს, რომ დღეს „შეიძლება ვერა, თუმცა ადრე თუ გვიან გადავდგამ ნაბიჯს ლიბერალიზაციისკენ“.
რადიო თავისუფელბა: ამ ბრძანების მეექვსე მუხლში გასაჩივრების წესებია დადგენილი. როგორია ეს წესები და რამდენად აძლევს ის საშუალებას ადამიანს თავისი უფლებები დაიცვას?
გურამ იმნაძე: როდესაც მოქალაქის პროტესტი ექსპერტიზის შედეგებს ეხება, გასაჩივრებისთვის 2 საათი იმიტომ არის განსაზღრული, რომ ორი საათის შემდეგ შეიძლება ნარკოტიკულმა თრობამ ზემოქმედება დაკარგოს და ექსპერტიზით ვერ დადგინდეს ადეკვატური და სწორი პასუხი. აქ პრობლემა, როგორც წესი, ისაა, რომ ხელახალი ექსპერტიზა საკმაოდ ძვირია.
რაც შეეხება მთლიანად პროცედურის გასაჩივრებას, როდესაც მოქალაქე სამართალდამცავის მოქმედებას ასაჩივრებს, ეს ბრძანება გასაჩივრების უფლებას კი ითვალისწინებს, მაგრამ სასამართლოში გასაჩივრების დღევანდელი მექანიზმები ძალიან არაეფექტურია. მოქალაქეს უწევს იმის მტკიცება, რომ პოლიციელს არ ჰქონდა საკმარისი საფუძველი, ინფორმაცია მის გადასაყვანად. პოლიციელი კი მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ მას, მაგალითად, ოპერატიული ინფორმაცია ჰქონდა, რომ მოქალაქემ ნარკოტიკი მოიხმარა. პოლიციელის ვალდებულება სულ ესაა. იმ პირობებში კი, როდესაც ოპერატიული ინფორმაციის შემოწმება არ ხერხდება, მოქალაქეს ცოტა შანსი აქვს თავისი სიმართლის დასამტკიცებლად. მით უმეტეს, გავრცელებული პრაქტიკაა სამართალდამცავის კეთილსინდისიერების პრეზუმფცია, როდესაც სასამართლო პოლიციელის მოქმედებას სანდოდ მიიჩნევს. ასეთ შემთხვევაში მოქალაქე, ფაქტობრივად, უძლურია დაამტკიცოს, რომ ის უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად გადაიყვანეს შესამოწმებლად.
ინსტრუქცია