[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / მედია

ჰომოფობია მხოლოდ ლგბტ თემის პრობლემა არაა - ინტერვიუ თამთა მიქელაძესთან

წყარო:

on.ge

Media Cover Image

დღეს 17 მაისია. 1990 წელს ამ დღეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა ნუსხიდან ამოიღო, რის შემდეგაც ცივილიზებული სამყარო ყოველი წლის ამ დღეს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლით აღნიშნავს და სოლიდარობას უცხადებს ლგბტ თემს.

დღეს საქართველოში ლგბტ თემის მხარდამჭერებმა უსაფრთხოების მაღალი რისკებიდან გამომდინარე შეკრება არ გამართეს.

რა პრობლემები ექმნება ლგბტ თემს, რას არ აკეთებს სახელმწიფო მათი კონსტიტუციური უფლებების დასაცავად - ამ და სხვა თემებზე On.ge-ს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტი თამთა მიქელაძე ესაუბრა.

რა არის დღეს ლგბტ ადამიანების მთავარი პრობლემა საქართველოში?

ყველაზე სერიოზული პრობლემა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის არაეფექტიანი გამოძიებაა, არცერთ გახმაურებულ საქმეზე სახელმწიფომ არ უზრუნველყო კონკრეტული პირების დასჯა. ამ პირობებში ლგბტ თემის ნდობა სახელმწიფოს მიმართ არის ძალიან დაბალი. ისინი არჩევენ, რომ პოლიციისთვის მიმართვის ნაცვლად მარტო გაუმკლავდნენ მუდმივ ძალადობას მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ის, რომ სახელმწიფოს საზოგადოებამდე ვერ მიაქვს გზავნილი, რომ ის თანასწორად იცავს ყველა ჯგუფის უფლებებს, კიდევ უფრო ახალისებს ძალადობას და აგრესიულ ჯგუფებს.

ლგბტ თემის ნდობა სახელმწიფოს მიმართ არის ძალიან დაბალი. ისინი არჩევენ, რომ პოლიციისთვის მიმართვის მაგივრად მარტო გაუმკლავდნენ მუდმივი ძალადობის პრაქტიკებს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში

ამას გარდა, 17-მა მაისმა პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა. ჩემთვის ეს დღე არის სიმბოლო სახელმწიფოს არასეკულარული პოლიტიკის, ეკლესიისა და სახელმწიფოს ქორწინების. სახელმწიფო თავისი უმოქმედობით მხარდაჭერასა და ლოიალობას ავლენს დომინანტური ჯგუფისადმი.

რა შეიცვალა საქართველოში ბოლო წლებში ლგბტ ადამიანებისთვის და რა დარჩა უცვლელი?

2012 წლიდან ყოველ 17 მაისს თემი აქტიურად ავლენს შეკრების თავისუფლების გამოყენების უფლებისადმი ინტერესს. შეიძლება ითქვას, რომ მანამდე ლგბტ თემი უფრო უხილავი ჯგუფი იყო და დისკრიმინაციის მასშტაბებიც ნაკლები იყო. მას შემდეგ, რაც ლგბტ-ების მხარდაჭერა გაიზარდა და ისინი ყურადღების ქვეშ მოექცნენ, ამის შემდეგ ისეთმა ჯგუფებმა დაიწყეს ჰომოფობიური დისკურსის წარმოება, როგორიცაა ეკლესია და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი, რამაც გაზარდა ძალადობის ფაქტები უმცირესობების მიმართ.

სამწუხაროდ, კარგი ცვლილებები არ მახსენდება. მიუხედავად ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებისა, რეალობა არის ძალიან მძიმე. ხდება ლგბტ უფლებების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მიერ. მაგალითად, ქორწინების საკითხთან დაკავშირებული ინიციატივა. ლგბტ ორგანიზაციები თუ ადამიანები საერთოდ არ ითხოვდნენ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას და ამ უფლებას, მმართველმა გუნდმა დააყენა ეს საკითხი და დაიწო საზოგადოებრივი განხილვები და ჰომოფობიური განწყობები გავრცელდა, რადგან ეს საკითხი ჰომოფობიური დისკურსით იყო შემოტანილი.

ლგბტ თემი საერთოდ არ ითხოვდა ერთნაირსქესიანთა ქორწინებას და ამ უფლებას, ეს საკითხი მმართველმა გუნდმა დააყენა, რამაც ჰომოფობიური განწყობები გაამძაფრა

ყველა განცხადება, რომელიც ამ თემასთან დაკავშირებით მმართველმა გუნდმა გააკეთა, იყო ჰომოფობიური, მათ შორის, ინიციატივის ავტორის.

დღეს საქართველოში ასეთი რეალობა გვაქვს: ერთის მხრივ ინსტიტუციური ჩარჩო თითქოს არის უფლებებზე ორიენტირებული, მეორეს მხრივ, ჩვენ გვაქვს ცალკეული პოლიტიკური და რელიგიური ჯგუფები, რომლებიც ანტი-გეი პროპაგანდას ეწევიან და რეალურად ჩვენთან, საქართველოში ჰომოფობია უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ლგბტ ემანსიპატორული ბრძოლები და აქტივიზმი და მესამეს მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა არის აბსოლუტურად არაეფექტიანი, მეტიც, სახელმწიფო არც კი აღიარებს, რომ ლგბტ თემს რაიმე ჩაგვრითი თუ დისკრიმინაციული პრობლემა აქვს.

როგორ შეიძლება იმოქმედოს ჰომოფობიურმა განწყობებმა საქართველოს მომავალზე?

2013 წლის 17 მაისი იყო სერიოზული კრიზისი. ეს იყო სახელმწიფოს კონტროლიდან გამოსვლა. სახელმწიფოს არსებობის პირველადი ლოგიკა არის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. როცა სახელმწიფო ვერ ახერხებს მშვიდობის შენარჩუნებას საზოგადოებაში, ე.ი. ის ძლიერი და სტაბილური სახელმწიფო არ არის.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მმართველ პოლიტიკურ გუნდს თანასწორობაზე და შემწყნარებლობაზე დაფუძნებული ღირებულებები არ აქვს.

როცა სახელმწიფო ვერ ახერხებს მშვიდობის შენარჩუნებას საზოგადოებაში, ე.ი. ის ძლიერი და სტაბილური სახელმწიფო არ არის

გარდა ამისა, იმ ჯგუფების გაძლიერებამ, რომლებიც ძალადობენ ლგბტ ჯგუფებზე, შესაძლოა სახელწიფო უსაფრთხოების პრობლემა შექმნან. საზღვარგარეთიდან ანტი-ლგბტ ჯგუფების მხარდაჭერა არსებობს. ეს იდეოლოგია პოლიტიკურ მართლმადიდებლობის კონცეფციას გულისხმობს, რომელსაც რუსული პოლიტიკური ხელისუფლება და რუსული მართლმადიდებლური ეკლესია აწარმოებს. ამდენად, ჰომოფობია მხოლოდ ლგბტ ადამიანების პრობლემა არაა.

სახელმწიფო ან არ კითხულობს ამ ღრმა კონტექსტებს, ან ის გარკვეულწილად ახალისებს მას, რაც კიდევ უფრო პრობლემურია.

რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ მდგომარეობის გამოსასწორებლად?

ჩვენ სახელმწიფოს ვთხოვთ ყველა ძალადობის ფაქტების ეფექტიან გამოძიებას და კონკრეტული პირების დასჯას, ასევე შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფას 17 მაისს და სეკულარულ არადისკრიმინაციული პოლიტიკის გატარებას ლგბტ თემის მიმართ.

ჩვენ ასევე ვთხოვთ სახელმწიფოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებასა და ამ კუთხით მის მიმართ ნდობის გაზრდის აუცილებლობაზე ფოკუსირებას.

ჩვენ ვითხოვთ რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ეთიკის ფარგლებში მოაქციონ თავისი საჯარო განცხადებები და სიძულვილის ენის აკრძალვას და მის მიმართ რეგულაციების დაწესებას.

როგორ აღნიშნავენ სხვა ქვეყნებში 17 მაისს?

რა თქმა უნდა ევროპული დემოკრატიის ქვეყნებშიც არსებობენ ანტი გეი და ანტი გენდერული ჯგუფები, კონსერვანტი ულტრა-მემარჯვენეები, რომლებიც გარკვეულ შეკრებებს აქციებს მართავენ და პროტესტს გამოხატავენ, მაგრამ ჩვენი რეალობა სპეციფიკურია.

თუ სხვა ქვეყნებში ვხედავთ რომ იქ ეს ცალკეული ჯგუფებია, ჩვენს რეალობაში ასეთი ჯგუფები წახალისებულია ისეთი ძალაუფლების მქონე ჯგუფებისგან, როგორიცაა პოლიტიკური და ეკლესიური წარმომადგენლები. და რაც მთავარია, სახელმწიფო რომელიც უფლებების დაცვის გარანტორი უნდა იყოს, ჩვენს შემთხვევაში სრულიად გაუქმებულია და ის ადამიანის უფლებების მხარეს არ არის.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“