საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოფელ ნიგვზიანში, წინწყაროსა და სამთაწყაროში გამოვლენილი რელიგიური კონფლიქტების დროს, თანამდებობის პირთა განცხადებების მიუხედავად, რომელიც მიმართული იყო მათი რელიგიური პლურალიზმისა და ტოლერანტობის დაცვისკენ, სახელმწიფომ სამართალდარღვევები არ აღკვეთა და კონფლიქტის მოგვარება ფაქტობრივად სასულიერო პირებს მიანდო. ამით მან, როგორც უფლებათა დაცვის ექსკლუზიურმა გარანტორმა, საკუთარი ფუნქცია ვერ შეასრულა.
ასეთი დასკვნა გამოიტანა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა, არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-მა. ორგანიზაციამ 2012-2013 წლებში საქართველოში გამოვლენილი რელიგიური კონფლიქტების მოგვარებაში სახელმწიფოს როლი შეაფასა. შესაბამისი კვლევის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.
კვლევის მიხედვით, სახელმწიფო ძირითადად ძალადობრივი დაპირისპირებების თავიდან აცილებას ცდილობდა და “კონფლიქტების კომპლექსური, სამართლიანი და თავისუფლების პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის ხედვა არ გააჩნდა”. კვლევის ავტორთა განცხადებით, სახელმწიფო თანამდებობის პირებმა კონსპირაციულ თეორიებში პრობლემის რეალური გააზრებისა და, შესაბამისად, სამართლიანი რეაგირების უნარი დაკარგეს.
ამგვარმა პოლიტიკამ შემდეგი უარყოფითი შედეგები მოიტანა: 1. ნიგვზიანის კონფლიქტის შემდეგ რელიგიური კონფლიქტები სხვა მსგავსი ტიპის, შერეულ რელიგიურ დასახლებებშიც გამოვლინდა. 2. ყოველი მომდევნო კონფლიქტი უფრო და უფრო მწვავე იყო, რაც გამოიხატებოდა ადამიანის უფლებების დარღვევაში. 3. კონფლიქტები ყოველ მომდევნო ეპიზოდში უმცირესობების უფლებების უფრო და უფრო მეტი დარღვევის ხარჯზე გვარდებოდა.
კვლევის თანახმად, სოფელ ნიგვზიანში წინწყაროსა და სამთაწყაროში პოლიცია პასიურ როლს თამაშობდა და არ ცდილობდა სხვადასხვა სამართალდარღვევის აღკვეთას. შსს-დან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, სამთაწყაროში დაფიქსირებული სავარაუდო დანაშაულის ფაქტების გამოძიება ჭიანურდება. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი სამინისტროს მიმართავს, დროულად წარმოადგინოს გამოძიების შედეგები.
ორგანიზაცია რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს მიმართავს, რელიგიის თავისუფლების, პატივისცემისა და ტოლერანტობის თვალსაზრისით გააძლიეროს საინფორმაციო პოლიტიკა რელიგიური ან ეთნიკური ნიშნით შერეულ სოციუმებში. იუსტიციის სამინისტროს კი რელიგიური უმცირესობებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველსაყოფად საკანონმდებლო ცვლილებებისა და დამატებების პაკეტის მომზადებას ურჩევს.
კვლევის ავტორები პოლიტიკოსებს მოუწოდებენ, დაიცვან საკუთარ განცხადებებში სეკულარიზმის კონსტიტუციური პრინციპი და თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან.
ინსტრუქცია