[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ბიბლიოთეკა / კვლევა

ქართველებისა და დასავლეთ ევროპელთა რელიგიურ-პოლიტიკური ურთიერთობა XI-XIII საუკუნეებში

Library Cover Image

ხელმძღვანელი:  ლევან გიგინეიშვილი

ავტორი:   დავით თინიკაშვილი

გვერდების რაოდენობა:  256

D.Tinikashvili-PhD_1575040128.pdf

ნაშრომი წარმოადგენს ისტორიული, რელიგიათმცოდნეობითი და წყაროთმცოდნეობითი ხასიათის ინტერდისციპლინარულ კვლევას ქართველებისა და დასავლეთ ევროპელების ურთიერთობების შესახებ შუა საუკუნეებში (XI-XIII სს.). გვსურს გავარკვიოთ, რამდენად თვითმყოფადი იყო ქართული იდენტობა გვიან შუა საუკუნეებში. სათანადო არგუმენტაციას მოკლებულია ქართულ ისტორიოგრაფიაში არსებული თვალსაზრისი იმის შესახებ, რომ საქართველო, როგორც ბიზანტიური ცივილიზაციის ნაწილი, იზიარებდა ხსენებული იმპერიის პოლიტიკურ და რელიგიურ კურსს, განსაკუთრებით, კონსტანტინეპოლის ანტი-ლათინურ პოზიციას დიდი განხეთქილების (სქიზმის) ეპოქაში. წინამდებარე კვლევა საკითხისადმი ამგვარი მიდგომის რადიკალურ რევიზიას წარმოადგენს.

ქართველების დამოკიდებულება ლათინებისადმი უფრო მეტად გახსნილი და კეთილგანწყობილი იყო, ვიდრე აღმოსავლეთის სხვა ქრისტიანებისა (პირველ რიგში, ვგულისხმობთ ბერძნებს). ამასთან კვლევისას ვცდილობთ მაქსიმალური ბალანსის დაცვას, რათა გადამეტებულად და არარეალისტურად არ წარმოვაჩინოთ აღნიშნული სიახლოვე და მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა. მაგალითად, არ ვიზიარებთ მოსაზრებებს ქართული სამხედრო ძალების პირველ ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობისა თუ ბალდუინ მეფის საქართველოში ყოფნის თაობაზე.

რომსა და ბიზანტიის დედაქალაქს შორის მომხდარი ე.წ. დიდი განხეთქილების (1054 წ.) შემდგომ საქართველოს ეკლესიას არ გაუწყვეტია კავშირი ლათინურ სამყაროსთან ერთმორწმუნე ბერძნების მსგავსად. უფრო მეტიც, ამ ეპოქაში ქართული მხრიდან არათუ კრიტიკული დამოკიდებულება არ ჩანს დასავლელი ქრისტიანებისადმი, არამედ სრულიად აშკარაა მათთან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობისკენ სწრაფვა არა მხოლოდ რელიგიური, არამედ სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისითაც.

შესაბამისად, წინამდებარე ნაშრომში ასევე შესწავლილია ჯვაროსნებსა და ქართველებს შორის არსებული ურთიერთობაც, რაც არასაკმარისად არის გამოკვლეული როგორც ქართულ, ისე დასავლურ მედიევისტიკაში. პუბლიკაციათა ავტორები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად ეხებიან ამ საკითხს, ძირითადად, ქართველი ისტორიკოსები არიან. სამწუხაროდ, მათი ნაშრომები შეიცავს სხვადასხვა სახის ხარვეზს. შესაბამისად, ჩვენი მიზანია ფრანკი ჯვაროსნებისა და ქართველების ურთიერთობის მეტი ობიექტურობითა და სისტემატურობით შესწავლა ახალი ასპექტების წარმოჩენითა და მცდარი მოსაზრებების კრიტიკით.

ნაშრომში გამოყენებულია კვლევის კომპარატივისტული მიდგომა: მოცემული საუკუნეების ისტორიული რეალობის რეკონსტრუქიისას ვეყრდნობით ორივე მხარის წყაროებს (ქართული, ლათინური). გარდა ამისა, ვიყენებთ რელევანტურ სომხურ და ბიზანტიურ წერილობით წყაროებსაც, რომლებიც დამატებით სინათლეს ჰფენს რამდენიმე საკითხს. ამრიგად, წინამდებარე სადოქტორო ნაშრომის სახით სამეცნიერო საზოგადოება მიიღებს მაქსიმალურად სანდო კვლევას დასავლეთ-ევროპელთა და ქართველების ურთიერთობების შესახებ გვიან შუა საუკუნეებში.

D.Tinikashvili-PhD_1575040128.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“