[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / ღონისძიებები

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა პანკისში, სოფელ დუისსა და ქორეთში იურიდიული დახმარების შეხვედრები გამართა

04აპრ

Cover image

2023  წლის 4 და 5 აპრილს სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანამშრომლებმა  პანკისის ხეობის მოსახლეობისთვის სოფელ დუისში და ქორეთში სამართლებრივი დახმარების შეხვედრა გამართეს. სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტებმა დაინტერესებულ პირებს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიეს.

შეხვედრის შედეგად გამოიკვეთა, რომ არაერთი ადგილობრივებისთვის კვლავ პრობლემურია საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი დაბადებულია საქართველოში და საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, 90-იან წლებში ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონის გათვალისწინებით დატოვეს საქართველო და იძულებულნი გახდნენ მიეღოთ რუსეთის მოქალაქეობა. რუსეთ-ჩეჩნეთის ომის პერიოდში კი დაბრუნდნენ საქართველოში და განაგრძეს ცხოვრება.  ისინი წლებია ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მუშაობენ, ჰყავთ საქართველოს მოქალაქე ოჯახის წევრები და ქვეყანასთან აქვთ მჭიდრო კავშირი, მათ არაერთხელ ეთქვათ უარი საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.  ცალკეულ შემთხვევებში კი სერვისების განვითარების სააგენტო ადგილობრივებს სთხოვს წარმოადგინონ ცნობა, რომლითაც დადასტურდება, რომ აღარ არიან რუსეთის მოქალაქეები და შემდგომ განიხილავენ მათ მოთხოვნას. რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის გათვალისწინებით, ჩეჩნეთში სამხედრო ავტორიტარული რეჟიმისა და რუსეთ-უკრაინის ომის გამო ქვეყანაში გამოცხადებული საყოველთაო მობილიზაციის ფონზე, ადგილობრივები რუსეთის ფედერაციაშიც ვერ გადადიან და ვერ ახერხებენ საჭირო ცნობის მოპოვებას.  შესაბამისად, ისინი წლების განმავლობაში ვერ ახერხებენ საქართველოში რელევანტური სამართლებრივი სტატუსის მოპოვებას. ამ რეალობაში მოქალაქეობის გარეშე დარჩენილ პირებს ეზღუდებათ საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული სერვისებით (სოციალური დახმარება, საყოველთაო დაზღვევა და ა.შ.) სარგებლობის შესაძლებლობა, რაც მათ სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.

კლინიკის ფარგლებში სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანამშრომლები სოფელ ქორეთშიც იმყოფებოდნენ. სოფელში 50-მდე ოჯახი ცხოვრობს, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ქისტია, ხოლო ნაწილი ეკომიგრანტი აჭარიდან. სოფელი 12 კილომეტრით არის დაშორებული ახმეტიდან და მოსახლეობა უმეტესად მეცხოველეობით და სეზონური სამუშაოებით ირჩენს თავს.  ქორეთის მოსახლეობის მიერ ერთ მნიშვნელოვან პრობლემად, სოფელში არსებული ინფრასტრუქტურული საკითხები დასახელდა. კერძოდ, სოფელში არ არის მოასფალტებული გზა, რის გამოც წვიმიან ამინდში გადაადგილება მნიშვნელოვნად გართულებულია. ამასთან, სოფელში დანიშნული არ არის მუნიციპალური ტრანსპორტი, შესაბამისად, ადგილობრივებს მუნიციპალიტეტის ცენტრამდე  საკვებისა თუ მედიკამენტების შესაძენად გადაადგილება ტაქსით უწევთ, რაც საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანამშრომლებმა გამოვლენილ პრობლემებზე ადგილობრივებს დეტალური სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიეს და რამდენიმე შემთხვევაში მოუმზადეს საჭირო სამართლებრივი დოკუმენტები.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი კვლავ აგრძელებს სამართლებრივი დახმარების შეხვედრების საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, ეთნიკური და რელიგიური თვალსაზრისით მრავალფეროვან ქალაქებსა და სოფლებში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მართავს მოსახლეობისთვის სამართლებრივი დახმარების შეხვედრებს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“