[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / ღონისძიებები

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა პანკისში იურიდიული დახმარების შეხვედრა გამართა

23სექ

Cover image

2022 წლის 23 სექტემბერს სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანამშრომლებმა  პანკისის ხეობის მოსახლეობისთვის სამართლებრივი დახმარების შეხვედრა გამართეს და დაინტერესებულ პირებს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიეს.  შეხვედრა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა.

შეხვედრის შედეგად გამოიკვეთა, რომ არაერთი ადგილობრივებისთვის პრობლემურია საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხი. აღნიშნული პირების  უმრავლესობა რუსეთ-ჩეჩნეთის ომის შემდგომ გადმოვიდა საქართველოში და მიიღეს ლტოლვილის სტატუსი, რის შემდეგაც  საქართველოში ოჯახებთან ერთად გააგრძელეს ცხოვრება.   მიუხედავად იმისა, რომ ისინი წლებია ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად, მუშაობენ, ჰყავთ საქართველოს მოქალაქე ოჯახის წევრები და ქვეყანასთან აქვთ მჭიდრო კავშირი, მათ არაერთხელ ეთქვათ უარი საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. ადგილზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის ,,კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის“ განმარტებით, მოქალაქეობის პრობლემა ჩეჩნეთიდან 100-ზე მეტ ლტოლვილს აქვს.  ამ რეალობაში მოქალაქეობის გარეშე დარჩენილ პირებს ეზღუდებათ საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული სიკეთეებით (სოციალური დახმარება, საყოველთაო დაზღვევა და ა.შ.) სარგებლობის შესაძლებლობა, რაც მათ ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.

კლინიკის ფარგლებში მოსახლეობის მიერ კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემად მიწის საკუთრებაში რეგისტრაცია დასახელდა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანამშრომლებმა გამოვლენილ პრობლემებზე ადგილობრივებს დეტალური სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიეს და რამდენიმეს შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობისა აღდგენის, მოპოვებისა და შენარჩუნების საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მოძიება და შესწავლა დაიწყეს, რის შემდგომ შესაძლებელი იქნება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა.

შეხვედრაზე მყოფი ადგილობრივი მოსახლეობის შეფასებით, მათთვის მნიშვნელოვანია სამართლებრივ საკითხებში გარკვევა და კვალიფიციური  დახმარების მიღება, რის გამოც მიესალმებიან მსგავსი ტიპის შეხვედრებს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი კვლავ აგრძელებს სამართლებრივი დახმარების შეხვედრების საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, ეთნიკური და რელიგიური თვალსაზრისით მრავალფეროვან ქალაქებსა და სოფლებში.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“