შუქრუთელები უკვე 180 დღეზე მეტია უწყვეტად აპროტესტებენ „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობას და კომპანიის მიერ მათთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. მას შემდეგ, რაც საჩხერის რაიონულმა სასამართლომ მათ სოფელ შუქრუთში, მაღაროსთან პროტესტი აუკრძალა, შუქრუთელები იძულებულნი გახდნენ პროტესტისთვის თბილისში გადმოენაცვლათ.
ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანგანეზის“ მიერ მანგანუმის მოპოვებითი საქმიანობის შედეგად შუქრუთელებს დაუზიანდათ სახლები და მათ ისიც არ იციან, რამდენად უსაფრთხოა სოფელში ცხოვრების გაგრძელება. სამწუხაროდ, ადგილობრივების პროტესტის პარალელურად, სახელისუფლებო მედია არხები ავრცელებენ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს პროტესტის მონაწილეებს ზიანი უკვე სრულად აუნაზღაურდათ.
სინამდვილეში, ბოლო 3 წლის მოვლენების ანალიზი აჩვენებს, რომ კომპანიამ უხეშად დაარღვია 2021 წელს შუქრუთის მოსახლეობასთან გაფორმებული შეთანხმების პირობები და კომპანიამ პრაქტიკულად არ შეასრულა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. შუქრუთელებიც დღეს კომპანიისგან მხოლოდ დადებული ხელშეკრულების შესრულებას ითხოვენ, რომელსაც მაშინაც პროტესტის უკიდურესი ფორმებით მიაღწიეს.
ამ ფონზე, კიდევ უფრო წარმოუდგენელია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძეს განცხადება იმის შესახებ, რომ შუქრუთში მიმდინარე პროტესტი კომპანიასა და ადგილობრივებს შორის მიმდინარე მოლაპარაკების საკითხია. მით უფრო, რომ ლაპარაკია არა რიგით კერძო კომპანიაზე, არამედ სახელმწიფოს მიერ გაცემული მოპოვების ლიცენზიით აღჭურვილ კორპორაციაზე, რომელიც 2017 წლიდან სახელმწიფოს მართვაში იმყოფება. მეტიც, ადგილობრივები ამბობენ, რომ მათსა და კომპანიას შორის გაფორმებულ შეთანხმებას, რომლის პირობები ამ დრომდე შეუსრულებელია, ხელს სწორედ სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი აწერს.
სწორედ ამგვარმა დამოკიდებულებამ და ხელისუფლების მხრიდან ადამიანების უფლებების უმძიმეს დარღვევებზე პასუხისმგებლობის არიდებამ მიიყვანა შუქრუთელები შიმშილობის და პირის ამოკერვის უმძიმესი პროტესტის ფორმებამდე.
მათი პროტესტის პარალელურად, აშკარაა ისიც, რომ ხელისუფლება პროტესტის რეპრესიული გზების ჩახშობას ცდილობს და საამისოდ ყველა ადმინისტრაციულ ბერკეტს იყენებს, სისხლისსამართლებრივი დევნის და მაღაროსთან პროტესტის აკრძალვის ჩათვლით. კომპანიამ კი თავის მხრივ, სამსახურიდან გაათავისუფლა პროტესტში მონაწილე მაღაროში დასაქმებულები. ამასთან, სახელმწიფო და კომპანია ყველაფერს აკეთებენ შუქრუთის მცხოვრებლების პროტესტის დელეგიტიმაციისთვის და მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებით ცდილობენ საზოგადოების დაბნევას, შუქრუთელების სამართლიანი მოთხოვნების მიმართ მხარდაჭერის შესუსტებას.
სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია შუქრუთელების მიმართ სოლიდარობის გამოხატვა და მათი პროტესტის მხარდაჭერა.
სოლიდარობა შუქრუთელებს!