16 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით ელნურ ალისოიმ შეხვედრები ჩაატარა ქვემო ქართლის 6 სათემო ცენტრში აზერბაიჯანულენოვანი საშუალო სკოლის მოსწავლეებთან. შეხვედრების ფარგლებში ელნურმა ისაუბრა სწავლის გაგრძელების პერსპექტივებზე, პროფესიულ სასწავლებლებსა და უნივერსიტეტებში პროფესიების დაუფლების შესაძლებლობებზე, სხვადასხვა პროფესიის არსზე და პროფესიის მიხედვით უნივერსიტეტების არჩევაზე. შეხვედრები ჩატარდა ალგეთის, კასუმლოს, აღმამედლოს, ნაზარლოს, სარალის და სადახლოს სათემო ცენტრებში.
არაქართულენოვანი საშუალო სკოლების მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით რთულია სრულფასოვანი ინფორმაციის მოპოვება სწავლის გაგრძელების, უნივერსიტეტების, პროფესიებისა და პროფესიული სასწავლებლების შესახებ. მათი დიდი ნაწილი სკოლებში მკვეთრად დაბალი ხარისხის განათლების გამო უნივერსიტეტში ჩაბარებამდე ქართულ ენას სრულყოფილად არ ფლობს, ბევრად ნაკლები ინფორმაცია აქვს სხვადასხვა რესურსებზე და ფრაგმენტული ინფორმაცია აქვს სწავლის გაგრძელების შესახებ. მდგომარეობა პანდემიამ კიდევ უფრო გაამწვავა. სათემო ცენტრებში მოსწავლეებთან შეხვედრები მიზნად ისახავდა მათთვის ამ საკითხების გარშემო ბაზისური ინფორმაციის მიწოდებას.
შეხვედრის ორგანიზება შესაძლებელი გახდა პროექტის „ქვემო ქართლში მასწავლებლების, როგორც სოციალური ცვლილებების აგენტების და სათემო ცხოვრების გაძლიერება და მხარდაჭერის" ფარგლებში ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით.