28 ივნისს, სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC) ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა - "ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკა: არსებული გამოწვევები და სამომავლო ხედვები". შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა, ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებმა და მშობელთა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
მოცემული შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკის მთელი რიგი გამოწვევები, რაც ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სისტემის წარმოქმნასა და განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს, მათ შორის,
- ქმედუნარიანობის რეფორმის ხარვეზები;
- პირთა ინსტიტუციონალიზაციისა და არანებაყოფლობითი ღონისძიებების გამოყენების პრაქტიკები;
- შშმ პირთა ოჯახების წინაშე არსებული ყველაზე მწვავე პრობლემები.
მეორე მხრივ, ღონისძიებაზე მონაწილეებმა განიხილეს ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული შეზღუდული შესაძლებლობის მოდელის მნიშვნელობა და სოციალური მუშაკების როლი ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებისა და მათი ოჯახების გაძლიერების მიმართულებით.
სოციალური სამართლიანობის ცენტრთან ერთად, მოხსენებები გააკეთეს ორგანიზაციების - პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი - წარმომადგენლებმა, ასევე ექსპერტებმა - ლია ტაბატაძემ და ოლღა კალინამ.
ღონისძიება გაიმართა ღია საზოგადოების ფონდების (OSF) მიერ მხარდაჭერილი პროექტის - "ქმედუნარიანობის ინსტიტუტის დანერგვის ხელშეწყობა საქართველოში" - ფარგლებში.