28 მაისს, 19:00 საათზე სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გამართა საჯარო დისკუსიაზე: “უწყვეტი პროტესტის 6 თვე: რეპრესია, წინააღმდეგობა და იმედი.”
მისამართი: სახვითი ხელოვნების მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზირი N 7
მონაწილეები:
გიორგი მაისურაძე – ფილოსოფოსი
სოფო ზვიადაძე – სოციოლოგი
ზვიად რატიანი – პოეტი
გიგა მამინაშვილი – ფსიქოანალიტიკოსი
მოდერატორი: თამთა მიქელაძე
ნახევარი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი „ქართული ოცნების“ სახელით შეაჩერა. ირაკლი კობახიძის ამ განცხადების მიერ გამოწვეულ მრავალათასიან სპონტანურ პროტესტს, რომელიც სხვადასხვა პროფესიულ ჯგუფებს და თაობებს, რეგიონებს, ქალებს და უმცირესობებს აერთიანებდა, მომდევნო დღეებში “ქართული ოცნება” განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდა. მასშტაბური პროტესტის პირველ დღეებში სისხლის სამართლებრივი წესით დააპატიმრეს 50-მდე ადამიანი, ადმინისტრაციული წესით დააკავეს 400-ზე მეტი ადამიანი და დაკავებულების 80% მეტი დაკავების დროს და შემდეგ ძალადობის, მათ შორის, წამების უმძიმეს გამოცდილებაზე უთითებდა.
იმედგაცრუებამ, საზოგადოებრივი შეთანხმების უხეშმა დარღვევამ და ძალადობამ რეჟიმის მხრიდან საზოგადოებაში ახალი დემოკრატიული წარმოსახვა გააღვიძა, რომელიც სოლიდარობას, ჰორიზონტალურ კავშირებს და დეცენტრალიზებულ თვითორგანიზებას ეფუძნება. მოქალაქეები დღემდე არ ნებდებიან ავტორიტარიზმის აღზევებას და ევროინტეგრაციის მიზანმიმართულ შეჩერებას რეჟიმის მხრიდან და უკვე 6 თვეა, საქართველოს დიდ ქალაქებში მოქალაქეების უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს.
ეს წინააღმდეგობა არის არა პასუხი მხოლოდ 28 ნოემბრის განცხადებაზე და მასობრივად გაყალბებულ არჩევნებზე, არამედ ბოლო წლებში დაგროვილ იმედგაცრუებაზე, საპოლიციო კონტროლსა და ძალადობაზე, ეკონომიკურ უსამართლობასა და შანტაჟზე, ტყუილისა და საზოგადოებრივი ინტერესების უგულებელყოფაზე პასუხი. 2023 და 2024 წლების გაზაფხულზე დაწყებული პროცესები რუსული კანონის წინააღმდეგ, ხოლო უფრო ადრე – „გავრილოვის ღამეს“ გამოხატული წინააღმდეგობა, გადაიზარდა ხანგრძლივ და ფუნდამენტურ ბრძოლად თავისუფლების, სოლიდარობის და ევროპული მომავლისთვის.
აშკარაა, რომ მოქალაქეების დეცენტრალიზებულ, ჰორიზონტალურ და უწყვეტ წინააღმდეგობას მოჰყვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური შედეგები, მათ შორის: გაზრდილი საერთაშორისო წნეხი “ქართულ ოცნებაზე”; ბიძინა ივანიშვილისა და სხვა მაღალჩინოსნების მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქცირება; კრიზისი მმართველი გუნდის შიგნით და ათეულობით პოლიტიკოსისა და ჩინოვნიკის გათავისუფლება და წასვლა საჯარო პოლიტიკიდან; “ქართული ოცნებისთვის” სიმბოლური ძალაუფლების და ატრიბუტების ჩამორთმევა და მორალური დელეგიტიმაცია. პოლიტიკური პროტესტების პარალელურად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეინიშნება მზარდი სოციალური უკმაყოფილება (ჭიათურა, რუსთავი, ვანი) და აქტიური პროტესტები, რომელსაც პოლიტიკური რეჟიმი ვეღარ პასუხობს. საზოგადოებაში მკვეთრად გაღრმავებულია განცდა, რომ შექმნილ კრიზისზე მთავარი პასუხისმგებელი თავად “ქართული ოცნებაა” და ის კრიზისის დაძლევას ვერ ახერხებს.
ამის მიუხედავად, პოლიტიკური რეჟიმი აგრესიულად აგრძელებს რეპრესიებს და ძალაუფლების კონსოლიდაციას. პოლიტიკური რეჟიმი სრულად აკონტროლებს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, პარლამენტს, სასამართლოს, პოლიციას, პროკურატურას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ინსტიტუციური ძალაუფლების სრული მობილიზაციის მიღმა, ოლიგარქიული რეჟიმი სრულად აკონტროლებს ეკონომიკურ და ბუნებრივ რესურსებს. ოლიგარქიული ავტორიტარიზმი დღეს გახდა რეჟიმი, რომელიც ემსახურება არა მოქალაქეთა ინტერესებს, არამედ ძალაუფლების მქონე მცირე ელიტას, რომელიც უსასრულოდ მდიდრდება და ძალაუფლების გახანგრძლივებისთვის მზად არის ყველაფერი გააკეთოს.
ქვეყანაში იზრდება პოლიტიკური პატიმრების რიცხვი. კვლავ გამოუძიებელი რჩება ნოემბრისა და დეკემბრის პერიოდში წამებისა და ძალადობის მსხვერპლთა საქმეები და არც ერთი პოლიციელი არ დასჯილა. რეჟიმი იღებს ავტორიტარული ტიპის ახალ კანონებს, რომლებიც დრამატულად ასუსტებს და ანგრევს სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას და სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს. ბოლო თვეებში საჯარო სამსახურიდან გაათავისუფლეს 1000-ზე მეტი საჯარო მოხელე, ვინც ევროკავშირის მხარდამჭერ პეტიციას მოაწერეს ხელი და ბიუროკრატია იცლება დამოუკიდებელი და პროფესიონალური თანამშრომლებისგან. ვხედავთ პროტესტში ჩართული მოქალაქეების უსამართლო და მასობრივ დაჯარიმებებს, შერჩევით სამართალსა და მზარდ ეკონომიკურ ჩაგვრას.
რეჟიმის პოლიტიკური დასუსტებისა და ამავდროულად, მზარდი რეპრესიის პირობებში რთული ხდება მომავლის განჭვრეტა და კრიზისი დაძლევის გზების წარმოდგენა. მომავლის ბუნდოვანება სოციალურ შფოთს იწვევს. ამის მიუხედავად, უწყვეტ პროტესტში ჩართული მოქალაქეები ჯიუტად აგრძელებენ ცვლილებებისთვის ბრძოლას და თვითორგანიზებას და იმედის პოლიტიკის შექმნას.
ამ ფონზე მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია კოლექტიური მსჯელობის სივრცეების შექმნა, სადაც შესაძლებელი იქნება წინააღმდეგობის გამოცდილების კრიტიკული გააზრება და ქვეყნის და საზოგადოების მომავლის წარმოსახვა.