საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
28ივლ
28 ივლისს, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გამართა საჯარო დისკუსია თემაზე: "უკრაინელი ლტოლვილები საქართველოში: მათი საჭიროებები და დახმარების სქემები".
2022 წლის 12 ივლისის მონაცემებით, საქართველოში უკრაინიდან ლტოლვილი 22 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, თუმცა მწირია ინფორმაცია როგორც მათი საჭიროებების, ისე გრძელვადიანი დახმარების სქემების შესახებ.
ბოლო ინფორმაციით, 1 აგვისტოდან თბილისის მუნიციპალიტეტის მერია წყვეტს უკრაინელი ლტოლვილების სასტუმროში განთავსების პროგრამას, რომლის განხორციელებისათვის გაწეული დანახარჯები 14 მლნ ლარს აღწევს. 2 300-ზე მეტ პირს, რომელიც ამჟამად თბილისის სხვადასხვა სასტუმროში რჩება, შესაძლებლობა აქვს, მიმართოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და 20 დღის ვადაში მიიღოს დახმარება ოჯახზე 300 ლარისა და დამატებით სულზე 45 ლარის ოდენობით. ამას გარდა, როგორც უკვე ცნობილია, საერთაშორისო ორგანიზაციები (World Vision და UNHCR) განიხილავენ სულზე 235 ლარიანი დახმარების პაკეტს.
მეორე მხრივ, უცნობია, რა რაოდენობის ლტოლვილი მოსახლეობა შეიფარა აჭარის ავტონომიურმა რესპუბლიკამ ბათუმის მუნიციპალიტეტში და როდის იგეგმება მათთვის დაფინანსების ამ სქემის შეწყვეტა.
საჯარო დისკუსია დაეთმო უკრაინელი მოქალაქეების სურვილს, მოიპოვონ ლტოლვილის სტატუსი საქართველოში და იმას, თუ რა სირთულეებს ხვდებიან ისინი ამ გზაზე.
საქართველოში მყოფი უკრაინელი მოქალაქეების 61 % ოკუპირებული ტერიტორიებიდანაა, ხოლო ოკუპირებული ან/და პირდაპირი სამხედრო თავდასხმების ტერიტორიებიდან - დაახლოებით 83 %. ლტოლვილთა დაახლოებით 54 % საქართველოში ცხოვრებას გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილავს.
ღონისძიება ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.
ინსტრუქცია