[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / ღონისძიებები

საჯარო დისკუსია - „პოლიტიკა და პროტესტები საქართველოში“

11ოქტ

Cover image

სტუდენტებს, ახალგაზრდებს და სხვა დაინტერესებულ პირებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი მასპინძლობდა საჯარო დისკუსიას თემაზე: „პოლიტიკა და პროტესტები საქართველოში.“
თარიღი: 11 ოქტომბერი
ადგილი: სახვითი ხელოვნების მუზეუმი (რუსთაველის გამზ. #7)

დისკუსიის მიზანი იყო საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული საპროტესტო ტალღების მრავალშრიანი ანალიზი და მათი მამოძრავებელი სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ფაქტორების განხილვა. მონაწილეებმა შეეცადნენ გაეანალიზებინათ ის მიზეზები და ფაქტორები, რომლებიც განაპირობებდა პროტესტების ჯაჭვს ქვეყანაში, ასევე – დაენახათ, როგორ გარდაიქმნებოდა პროტესტის ენა და სტრატეგიები და როგორ აისახებოდა ეს ცვლილებები სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებზე.

მომხსენებლები:

  • გიორგი მაისურაძე – ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;

  • ნინო ჩიქოვანი – პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის კვლევათა ინსტიტუტის ხელმძღვანელი;

  • ლია წულაძე – სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

ნინო ჩიქოვანმა ყურადღება გაამახვილა პროტესტის კონტექსტში ახალი ტიპის ნაციონალიზმის წარმოქმნაზე და მის სოციალურ და პოლიტიკურ განზომილებებზე. მან აღნიშნა, რომ დღევანდელ საქართველოში ხელისუფლების მიერ კონსერვატიული ავტორიტარიზმის გამყარება ახალ პროტესტულ ფორმებს ბადებდა. დასმული იყო კითხვები – როგორ პასუხობდა ამ გამოწვევებს საზოგადოება, როგორ იღებდა ნაციონალიზმი ახალ, ინკლუზიურ ხასიათს და რა წინააღმდეგობებს აწყდებოდნენ საპროტესტო პოლიტიკური მოძრაობები არსებული სისტემის მხრიდან.

ლია წულაძემ მიმოიხილა, რატომ გახდა ევროპელობა ემოციური და მნიშვნელოვან საკითხად ქართული საზოგადოებისათვის. მან დასვა კითხვა: რას იცავდნენ სინამდვილეში ქართველები, როცა ევროპულობას იცავდნენ? ასევე ისაუბრა იმაზე, როგორ შეიცვალა ხელისუფლების პოლიტიკა ევროკავშირის მიმართ 2014 წლიდან დღემდე და როგორ მივიდა ეს ურთიერთობა ნორმატიულ და დისკურსულ კონფლიქტამდე.

გიორგი მაისურაძემ ყურადღება გაამახვილა სოციალური პროტესტების დინამიკაზე. მან განიხილა, თუ რატომ ვერ გარდაიქმნებოდა სოციალური პროტესტი მასშტაბურ პოლიტიკურ პროტესტად და რატომ იყო დაკარგული კავშირი ამ ორი ტიპის მოძრაობებს შორის. განხილულ იქნა, რა როლს თამაშობდა ამ პროცესში სოციალური უთანასწორობა და ეკონომიკური ფაქტორები და როგორ აისახებოდა ეს საზოგადოებრივ მობილიზაციაზე.

დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა სცადეს სიღრმისეულად გაეანალიზებინათ ის რთული და მრავალმხრივი პოლიტიკური და სოციალური პროცესები, რომლებიც თანამედროვე საქართველოში ვითარდებოდა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამ ანალიზს უნდა ჰქონოდა არა მხოლოდ აკადემიური, არამედ პრაქტიკული მნიშვნელობაც — რათა დაეხმაროს საზოგადოებას უკეთ გაეცნობიერებინა არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები.

 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“