[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / ღონისძიებები

საჯარო დისკუსია - დევნილობა, გარიყულობა და ხმაწართმეულობა – დევნილების გამოცდილება საქართველოში

20თებ

Cover image

20 თებერვალს, 17:00 საათზე სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გამართა საჯარო დისკუსია:
„დევნილობა, გარიყულობა და ხმაწართმეულობა – დევნილების გამოცდილება საქართველოში“
 
 
დისკუსიის მიზანი იყო ზამირ კვეკვესკირის ტრაგიკული გარდაცვალებისა და პროტესტის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა, დევნილთა საჭიროებების, უფლებებისა და ინტერესების საზოგადოების და პოლიტიკური დღის წესრიგის ცენტრში წამოწევა, ასევე ამ მიმართულებით პარტიული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მობილიზაციის ხელშეწყობა.
 
დისკუსიის ფარგლებში დევნილი თემის წევრებმა და ექსპერტებმა იმსჯელეს დევნილთა სოციალურ და პოლიტიკურ გარიყულობაზე, ასევე სახელმწიფო პოლიტიკის გამოწვევებზე. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს დევნილთა განსახლების პოლიტიკა, შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებიდან 32 წლის შემდეგაც დევნილი ოჯახების ნახევარი კვლავ განუსახლებელია. ასეულობით ოჯახი კი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ პირობებში ცხოვრობს, სადაც მინიმალური საცხოვრისის სტანდარტებიც კი არ არის დაცული.
 
განსახლების მოლოდინში მყოფი დევნილები გადიან უსასრულო, არაგამჭვირვალე და არაგანსაზღვრულ პროცედურებს, რაც მათ მუდმივ იმედგაცრუებასა და ღირსების შელახვას იწვევს. დევნილები სოციალურად და ეკონომიკურად ორმაგად მოწყვლადი ჯგუფი არიან, რომლებმაც ჩაგვრის, სიღარიბის, არაღიარებისა და სოციალური მარგინალიზაციის უმძიმესი გამოცდილება მიიღეს.
 
ყოველდღიური დაუცველობისა და გაღრმავებული სიღარიბის ფონზე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პროპაგანდა მშვიდობასა და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე რეალობას მოკლებულია და საზოგადოებრივი პრობლემების იგნორირებას ახდენს.
 
დისკუსიის ფარგლებში სოციალური სამართლიანობის ცენტრმა წარმოადგინა თავის პირველადი კვლევის შედეგები, რომელიც საქართველოში დევნილთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებს იკვლევს. სხვა მომხსენებლებმა კი დევნილთა სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებზე იმსჯელეს.
 
მომხსენებლები:
იულია ხარაშვილი – „თანხმობა“, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია;
მარიამ ჯანიაშვილი – ადამიანის უფლებათა მკვლევარი, სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
ნათია კეკენაძე – მკვლევარი;
ვერო მელუა – აქტივისტი, დევნილი აფხაზეთიდან;
ლელა ცისკარიშვილი – ფსიქოლოგი, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) აღმასრულებელი დირექტორი.
მოდერატორი:
თამთა მიქელაძე – სოციალური სამართლიანობის ცენტრი
 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“