[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / ღონისძიებები

საჯარო დისკუსია - 32 წელი დევნილობასა და მივიწყებაში

29მაი

Cover image

29 მაისს, 18:00 საათზე, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გამართა საჯარო დისკუსიაზე, რომელიც მიზნად ისახავდა იძულებით გადაადგილებული პირების უფლებრივი და სოციალური მდგომარეობის კრიტიკულ ანალიზს და დევნილთა ხმების კვლავ დაბრუნებას პოლიტიკურ და საზოგადოებრივ დღის წესრიგში.
 
ბოლო წლების განმავლობაში დევნილთა საკითხები თითქმის სრულიად გაქრა პოლიტიკური დღის წესრიგიდან. მათი ხანგრძლივი ეკონომიკური ჩაგვრა, სოციალური მარგინალიზაცია და გაუჩინარება ხილული ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მედია სივრცეს უმძიმესი ტრაგედიები იკავებს.
 
სოციალური სასოწარკვეთისა და პროტესტის უმძიმესი მაგალითები ვიხილეთ 2022 წლის იანვარში, როცა სანატორიუმ "ქართლის" კორპუსიდან პროტესტის ნიშნად გადმოხტა 52 წლის დევნილი ზურაბ ჭიჭოშვილი, ასევე 2025 წლის იანვარში, როცა უკიდურეს პროტესტს მიმართა 44 წლის დევნილმა, ზამირ კვეკვესკირმა და დევნილთა სააგენტოსთან თავი დაიწვა.
 
დევნილთა საკითხების დეპოლიტიზაციის პროცესს ხელი შეუწყო "ქართული ოცნების" დაპირებამ, რომ დევნილთა მასობრივი განსახლება დაჩქარებული ტემპით განხორციელდებოდა. ამ პერიოდში, დევნილების ჰუმანიტარული და სოციალური მხარდაჭერის სხვა საერთაშორისო პროექტები პრაქტიკულად დაიკეტა კიდეც. თუმცა, არსებული მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებული 96,130 დევნილი ოჯახიდან თითქმის ნახევარი - 43,792 ოჯახი - კვლავ განსახლების მოლოდინშია. სტატისტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ სახელმწიფო ყოველწლიურად საშუალოდ დაახლოებით 2500 დევნილ ოჯახს ასახლებს. ამ ტემპით განსახლების პროცესის დასრულებას 20 წელზე მეტი დასჭირდება და ის ცალსახად დაბალია.
 
გარდა იმისა, რომ განსახლების ტემპები და ამ მიზნით მობილიზებული რესურსები არასაკმარისია, განსახლების პოლიტიკა მოკლებულია გამჭვირვალობას, სამართლიანობასა და ჰუმანიზმზე დაფუძნებულ მიდგომებს. დევნილთა ოჯახებმა წინასწარ არ იციან, როდის, სად და კონკრეტულად რომელი პროცედურების გავლის შემდეგ მიიღებენ საცხოვრებლით დაკმაყოფილებას. ეს რეალობა მათ აცხოვრებს სოციალურ განუსაზღვრელობაში და მუდმივი დაპირებისა და მოლოდინის რეჟიმში.
 
ამავდროულად უნდა ითქვას, რომ ასობით დევნილი ოჯახი კვლავ ცხოვრობს ავარიულ, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ შენობებში, სადაც კატასტროფული საცხოვრებელი გარემოა. ოჯახების დიდ ნაწილი ამ დასახლებებში ცხოვრობს უკიდურესად მცირე ფართებში, ხშირად სველი წერილის, სინათლისა და ჰაერის გარეშე.
 
საგულისხმოა, რომ 2024 წელს არცერთი ე.წ. ნგრევადი ობიექტი არ დახურულა. ამასთანავე, 2025 წლის ბოლომდე დაგეგმილმა დევნილთა მასშტაბური განსახლების ვადამ, თბილისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ბორჯომში, 2026 წლამდე გადაიწია. "ქართულმა ოცნებამ" უკან წაიღო მისი დაპირებაც მიმდინარე წელს 13 000 ოჯახის განსახლების შესახებ. დევნილებს საცხოვრებლის მიღმა აწუხებთ ორმაგი სოციალური და ეკონომიკური მოწყვლადობა. სოციალური და ეკონომიკური მაჩვენებლები განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს: დევნილთა 84% ცხოვრობს 1250 ლარზე ნაკლები თვიური შემოსავლის პირობებში, 72% არის უმუშევარი, ხოლო 78% დამოკიდებულია სესხებსა და ვალებზე.
მიუხედავად ამდენად მძიმე პირობებისა, დევნილებს არ ჰყავთ საკუთარი წარმომადგენლები ინსტიტუციურ პოლიტიკაში. 2018 წელს გაუქმდა დევნილთა სამინისტროს სტატუსის მქონე ორგანო, ხოლო მის ნაცვლად შექმნილი სააგენტო ვერ ასრულებს პოლიტიკის მაწარმოებლის როლს და დევნილებს მხოლოდ სოციალური მხარდაჭერის მიმღებ ბენეფიციარებად აღიქვამს.
 
ამ პირობებში განსაკუთრებით პრობლემური და ირონიულია "ქართული ოცნების" მხრიდან მშვიდობის დისკურსის ინსტრუმენტალიზაცია. რეალური სამშვიდობო პოლიტიკა, პირველ რიგში, გულისხმობს კონფლიქტით დაზარალებული თემებისთვის სოციალური უსაფრთხოებისა და ყოველდღიური მშვიდობის უზრუნველყოფას, რაც დევნილ ოჯახებს არ აქვთ და არც ჰქონიათ ამ წლების განმავლობაში.
 
საჯარო დისკუსიის ფარგლებში დევნილთა თემის ჩვენთვის ძალიან საინტერესო აქტივისტები და წარმომადგენლები:
▪️ ემა კანკია
▪️ ნანა გოგოხია
▪️ ვერო მელუა
▪️პაატა შამუგია
 
მათ ისაუბრეს იმ პოლიტიკურ და სოცილაურ გამოწვევებზე, რომელიც დევნილების წინაშე ამდენი წელია დგას. მათ შორის, დისკუსიის ფარგლებში წარვადგინეთ 5-მდე კოლექტიური ჩასახლების ადგილას ჩვენი ერთობლივი ვიზიტებისა და დიალოგის შედეგებს.
 
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო ფოტოგამოფენა, რომელიც ფოტოჟურნალისტ ვახო ქარელის მიერ არის მომზადებული. გამოფენა ასახავს დევნილთა ყოველდღიურ რეალობას ზუგდიდსა და თბილისში არსებულ კომპაქტურ ჩასახლებებში.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“